საიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მორიგი სარჩელი შეიტანა. გასაჩივრებული ნორმები შინაგან საქმეთა სამინისტროს აძლევს შესაძლებლობას, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის შესახებ პერსონალური ინფორმაცია შეინახოს 20 ან 28 წლის ვადით. საია მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამართალდამრღვევი პირის შესახებ პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადები არ შეესაბამება საქართველოს საკონსტიტუციოს 2017 წლის 9 თებერვლის N1/2/622 გადაწყვეტილებაში დადგენილ სტანდარტებს[1]. ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ პერსონალური მონაცემების უვადო შენახვა, მაშინ როცა ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, პირი აღარ ითვლება ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, ხოლო ყველაზე ხანგრძლივი ადმინისტრაციული სახდელის ვადა არის 3 წლის ვადით ავტომანქანის მართვის უფლების შეჩერება. შესაბამისად, 20 ან 28 წლის ვადით შინაგან საქმეთა სამინისტროში სამართალდამრღვევის პერსონალური მონაცემების შენახვა, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საია მიიჩნევს რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის N1/2/622 გადაწყვეტილებას, რის გამოც, არსებითი განხილვის გარეშე, განჩინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად უნდა ცნოს სადავო ნორმები საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან (პიროვნული განვითარების უფლება) და მე-15 მუხლის პირველ პუნქტებთან (პირადი ცხოვრების უფლება) მიმართებით.
ამ საქმეს საია USAID/PROLoG-ის დახმარებით აწარმოებს.
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის N1/2/622 გადაწყვეტილება საქმეზე - „ედიშერ გოდუაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“.