დღეს საიამ ზურაბ ჯაფარიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რვა მუხლის ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. კერძოდ:
საია მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული მუხლების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გულისხმობს თავისი ბუნებით/შინაარსით სისხლისსამართლებრივი სამართალდარღვევების განხილვა/გადაწყვეტას სათანადო საპროცესო გარანტიების (მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილების, უტყუარი მტკიცებულებების, უდანაშაულობის პრეზუმციის, მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის) გარეშე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველსა და მე-5 პუნქტებს და მე-40 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ერთადერთი ნორმატიული აქტია, რომელიც დღემდე მოქმედებს. მისი გამოყენებით ყოველდღიურად არაერთი პირის უფლებების არამართლზომიერი შეზღუდვა ხდება. საია წლების განმავლობაში აყენებს კოდექსის შეცვლის საკითხს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილება დაასრულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არაკონსტიტუციურ გამოყენებას და გამოიწვევს კანონმდებლობის სრულ რეფორმას.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან დაკავშირებით საიას სხვა სარჩელებს გაეცანით ბმულზე