სამუშაო ადგილი: თბილისი (ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართება სტაჟირება)
სამუშაო დატვირთვა: არასრული
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 20 იანვარი
საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის თანაშემწედ/სტაჟიორად ყოფნა გულისხმობს 6-თვიანი კურსის გავლას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს.
კონკურსის შედეგად საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდში შეირჩევა არაუმეტეს 4 პირი. კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები საქმიანობას შეუდგებიან 2024 წლის თებერვლიდან. სტაჟირება წარიმართება, როგორც ოფისში ასევე დისტანციურ რეჟიმში.
კურსის განმავლობაში შერჩეულ კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა, საია-ს საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის დახმარებით, უშუალოდ ჩაერთონ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საქმეთა წარმოებაში.
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის III/IV კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს. კონკურსის გავლის აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
თანაშემწეების/სტაჟიორების მოვალეობებია:
- ადამიანის უფლებების ჭრილში, სტრატეგიული საერთაშორისო სამართალწარმოების მიზნებისთვის საერთაშორისო, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა ანალიზი;
- სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ისე - საერთაშორისო ინსტიტუციებისთვის;
- საერთაშორისო სამართალწარმოების ფარგლებში განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებაში იურისტების დახმარება;
- კონკრეტულ საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება და გაანალიზება;
- იურისტების ზედამხედველობით ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულებისთვის კვლევითი საქმიანობის განხორციელება.
განაცხადების მიღება წარმოებს მითითებული ბმულის მეშვეობით - https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdhc4a5_WRhhsy-fLYyOCjMPz4BafyYJvIflvSSoNzuMfcIRg/viewform?usp=sf_link
კონკურსის შედეგად შერჩეულ პირებთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება თანაშემწეთა/სტაჟიორთა უფლება-მოვალეობები.
კონკურსის ეტაპები:
1. წერითი გამოცდა - დაშვებული იქნება კანდიდატი, რომელიც აკმაყოფილებს ჩამოთვლილ კრიტერიუმებს და აქვს სრულყოფილად შევსებული სარეგისტრაციო ფორმა. წერით გამოცდაზე კონკურსში მონაწილეებს ევალებათ კაზუსის ამოხსნა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიმართულებით, რომლის ერთ-ერთი დავალება, ასევე, შეიძლება შეიცავდეს სისხლის/სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის საკითხებსაც.
2. გასაუბრება - დაშვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც წარმატებით გადალახავს პირველ ეტაპს.
განაცხადების მიღება:
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 20 იანვარი, 18:00.
შეკითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს: დავით ჯავახიშვილი, ელ. ფოსტა: djavakhishvili@gyla.ge