საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 2021 წლის 5 ივლისს დაზარალებული 11 ჟურნალისტის საქმეში უკვე ჩაერთო. ამ დროისათვის, მათზე განხორციელებული ძალადობის და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებზე გამოძიება დაწყებულია. ამ ეტაპზე დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული აქვს მათგან 2 ჟურნალისტს. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო ორგანოები აქტიურად უკავშირდებიან დაზარალებულ ჟურნალისტებს მათი გამოკითხვაზე დაბარების მიზნით, თუმცა, ეს პროცესი არაორგანიზებულ სახეს ატარებს, შეთანხმებულ დროს არ იწყება გამოკითხვის პროცესი. ამასთან, პირველ ეტაპზე დაზარალებულები თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს, თუმცა, მოგვიანებით გამოკითხვის ადგილი შეიცვალა.
მნიშვნელოვანია, საგამოძიებო ორგანომ დროულად, ეფექტიანად და ორგანიზებულად აწარმოოს ძალადობის და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ყველა ეპიზოდის გამოძიება, მათ შორის, დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის მიმართულებით. ამასთან, უნდა შეფასდეს, რამდენად ეფექტიანად იყო დაგეგმილი და აღსრულებული საპოლიციო ძალების მობილიზება და მოქმედებები, მოვლენების ძალადობრივი განვითარების თავიდან ასარიდებლად/აღსაკვეთად.
საია განაგრძობს დაზარალებული ჟურნალისტების საქმეებზე მუშაობას და პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.