სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

2013-02-06 05:35
Featured image

საია აგრძელებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათავალისწინებული სარეზერვო ფონდებიდან  თანხების ხარჯვის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებას და ამჯერად საზოგადოებას, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის შესახებ ინფორმაციას წარუდგენს.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ცნობილი ხდება, რომ 2012 წლის 2 ოქტომბრიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სულ 16 585 427 ლარი გამოიყო. საიდანაც თანხის ნაწილის, კერძოდ - 4 973 773 ლარის გამოყოფა საქართველოს  ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის პრემიერმინისტრობის პერიოდს უკავშირდება. ხოლო დარჩენილი 11 611 654 ლარის გამოყოფა ბიძინა ივანიშვილის პრემიერმინისტრობის პერიოდზე მოდის. 

 
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 4 973 773 ლარი შემდეგნაირად ნაწილდება.
 
 
როგორც ზემოთ მოყვანილი დიაგრამიდან ჩანს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის პრემიერმინისტრობის პერიოდში თანხის ყველაზე დიდი ნაწილი 2 473 773 ლარი კანადური ავიაკომპანია „კენ ბორეკ ეარსა“  და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების დაფარვის ასანაზღაურებლად იყო გათვალისწინებული. 
 
მნიშვნელოვანია, რომ განკარგულება, რომლის საფუძველზეც კანადურ ავიაკომპანიასა და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების  ანაზღაურება უნდა მომხდარიყო, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის #1364 განკარგულებაში ცვლილების შეტანის მიზნით იქნა მიღებული. თუმცა, საქართველოს მთავრობის 13 ივლისის #1364 განკარგულება, განსხვავებით მთავრობის სხვა განკარგულებებისგან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცხრა თვის შესრულების მიმოხილვით ანგარიშში  არ ფიქსირდება.
 
რაც შეეხება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარლამენტის მხრიდან ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ 11 611 654 ლარს, შემდეგი სახით ნაწილდება:
 
 
როგორც ზემოთ მოყვანილი დიაგრამიდან ჩანს, 2012 წლის 20 ოქტომბრის შემდეგ, საქართველოს  მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ყველაზე მეტი 2 213 790 ლარი საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და პედაგოგების მატერიალური წახალისების მიზნით იქნა გამოყოფილი. მნიშვნელოვანი თანხები გამოიყო ასევე, 2012 წლის ციტრუსის სეზონის მოსავლის აღების (2 157 600 ლარი), ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების (2 150 000 ლარი) და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების ხარჯების დაფარვის მიზნითაც (2 000 000 ლარი). საარჩევნო კამპანიის დაფინანსების პირობად საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება იქნა მიჩნეული და შესაბამისად თანხები ორ საარჩევნო სუბიექტს: - „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ (1 000 000 ლარი) და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“ (1 000 000 ლარი) გამოეყოთ.
 
მთლიანობაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ყველაზე მეტი თანხა 2 899 873 ლარი, კანადური ავიაკომპანია „კენ ბორეკ ეარსა“  და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების დაფარვის მიზნით გამოიყო.
 
საია კვლავ აპირებს, გააგრძელოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვის თაობაზე ინფორმაციის მოპოვებას და შესაბამისად, პერიოდულ საზოგადოებისთვის მიწოდებას.
 
ამასთან, საია კიდევ ერთხელ მიუთითებს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმის პრობლემურობაზე, რაც სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფისთვის საჭირო სათანადო სამართლებრივი რეგულაციების არ არსებობაში გამოიხატება და გამოთქვამს მზადყოფნას საკანონმდებლო რეგულირების დახვეწის მიზნით აქტიურად ითანამშრომლოს ყველა შესაბამის უწყებსთან.
 
განკარგულებები იხილეთ თანდართულ ფაილში.