ფოტო: ნიკოლოზ ურუშაძე
ა.წ. 20-21 ივნისს, საზოგადოება კიდევ ერთხელ გახდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის არაპროპორციული საპოლიციო ძალის გამოყენებით დაშლის მოწმე. აქციის დაშლას 305 პირის ადმინისტრაციული წესით დაკავება მოჰყვა, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება არაერთმა პირმა მიიღო.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქციის დაშლისას დაკავებული და დაზარალებული პირების საქმეებში თავიდანვე ჩაერთო. ამ დროისათვის, საიამ 74 ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სამართალდარღვევის საქმე აწარმოა. აღნიშნული საქმეებიდან თბილისის საქალაქო სასამართლომ მხოლოდ 15 პირის ნაწილში შეწყვიტა საქმის წარმოება სამართალდარღვევის არარსებობის მოტივით, ხოლო შენიშვნა 16 პირის საქმეზე გამოიყენა. 17 პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ დააჯარიმა და მათ საქმეებს სააპელაციო სასამართლო განიხილავს. ყველაზე მკაცრი სანქცია - ადმინისტრაციული პატიმრობა პირველი ინსტანციის სასამართლომ 20 პირს შეუფარდა, რომელთაც შემდგომ პატიმრობის ვადა შეუმცირდათ და გათავისუფლდნენ. საიას წარმოებაში არსებულ 6 პირის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დროისათვის გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული და მათი განხილვა გრძელდება.
საია ამ დროისათვის, ასევე, იცავს 17 დაზარალებულ პირს, მათ შორის ჟურნალისტებს, რომლებიც გენერალურ პროკურატურაში უკვე გამოიკითხნენ.
20-21 ივნისს უფლებების დარღვევის მასშტაბების გათვალისწინებით, საია ამზადებს ანგარიშს, სადაც გაანალიზდება უფლების დარღვევის სისტემური და ინდივიდუალური შემთხვევები და მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- მშვიდობიანი შეკრების უფლება და აქციის დაშლის ფორმალური საფუძველი;
- აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ გამოყენებული მეთოდების ანალიზი;
- აქციის დაშლისას ძალის გადამეტების და დაკავების შემდგომ არასათანადო მოპყრობის ფაქტების, მათ შორის ჟურნალისტებისათვის საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევების ანალიზი;
- 20-21 ივნისის აქციასთან კავშირში მყოფი პირების ადმინისტრაციული წესით დაკავების პრაქტიკის ანალიზი;
- პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში განხილული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ანალიზი.