სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია 14 აგვისტოს ბუშის ქუჩაზე დაკავებული პირების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებას ასაჩივრებს

2010-08-17 06:22
Featured image
საია შეშფოთებას გამოთქვამს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 აგვისტოს დადგენილებასთან დაკავშირებით, რომლითაც ირაკლი კაკაბაძე, შოთა დიღმელაშვილი და ალეკო ჩიღვინიძე ცნობილი იქნენ სამართალდამრღვევებად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდგომში ‘კოდექსი’) 173-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელის კანონიერი მოთხოვნისადმი ბოროტი დაუმორჩილებლობა) გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენაში და შეეფარდათ ჯარიმა 400 ლარის ოდენობით. საიას იურისტი სასამართლოში იცავდა ორი პასუხისგებაში მიცემული პირის, შოთა დიღმელაშვილისა და ალეკო ჩიღვინიძის ინტერესებს.

საია თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებას ფაქტობრივად დაუსაბუთებელს და სამართლებრივად უკანონოს უწოდებს, ხოლო სასამართლოს მიერ გამოყენებულ ღონისძიებას შეკრების თავისუფლებაში არაპროპორციულ ჩარევად აფასებს. საია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 აგვისტოს დადგენილებას შოთა დიღმელაშვილის და ალეკო ჩიღვინიძის სახელით თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.  

 

როგორც სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით დასტურდება, 2010 წლის 14 აგვისტოს ირაკლი კაკაბაძე, შოთა დიღმელაშვილი და ალეკო ჩიღვინიძე ქალაქ თბილისში ბუშისა და კაჩინსკის ქუჩის გადაკვეთაზე ატარებდნენ საპროტესტო აქციას. ისინი ბუშის ქუჩისათვის სახელის გადარქმევას და მისთვის ცნობილი ამერიკელი პოეტის უოლტ ვიტმენის სახელის მინიჭებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა ბანერზე გამოსახული აშშ-ს პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის სახე  საღებავით დაფარეს, ასევე გააკეთეს წარწერები. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ლიტერატურული პერფორმანსი გამართეს. როგორც მედია საშუალებებით გავრცელებული კადრებიდან ნათლად ჩანს, ირაკლი კაკაბაძე, შოთა დიღმელაშვილი და ალეკო ჩიღვინიძე  ე.წ. ,,უსაფრთხოების კუნძულზე” იდგნენ და ხელს არ უშლიდნენ ტრანსპორტის მოძრაობას. აქცია ცალსახად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა - მისი მონაწილეები უოლტ ვიტმენისა და საკუთარ ლექსებს კითხულობდნენ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომელიც აქციის დაწყების შემდეგ გამოცხადნენ მიმდებარე ტერიტორიაზე, განსაზღვრული დროის განმავლობაში თვალყურს ადევნებდნენ ლიტერატურულ პერფორმანსს. ამის შემდეგ, პოლიციელებმა აქციის მონაწილეებისაგან ,,უსაფრთხოების კუნძულიდან” ბორდიურზე გადასვლა მოითხოვეს. პოლიციელების მოთხოვნა  დაკმაყოფილდა. შემდეგ პოლიციელები ფეხით სავალ ნაწილს მიუახლოვდნენ და აქციის მონაწილეებს თან გაყოლა მოსთხოვეს. როგორც მედია საშუალებებიდან გავრცელებული კადრებით ჩანს,  აქციის სამმა მონაწილემ ეს მოთხოვნაც დააკმაყოფილა,  პოლიციელებისთვის ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე.

პატრულმა-ინსპექტორებმა შეადგინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე და 2010 წლის 15 აგვისტოს სამი დაკავებული პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს წარუდგინეს.

საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა პატრულმა-ინსპექტორმა გიორგი წიკლაურმა განაცხადა, რომ მათი ‘კანონიერი მოთხოვნა’ გამოიხატებოდა დაკავებული პირების მიერ ,,უსაფრთხოების კუნძულის დატოვებასა” და ლექსების კითხვის შეწყვეტაში. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ ეს მოთხოვნა კანონიერად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან არ არსებობს და სამართლებრივ სახელმწიფოში არც შეიძლება არსებობდეს სამართლებრივი აქტი, რომელიც  ,,უსაფრთხოების კუნძულზე” ლექსების წაკითხვას აკრძალავს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ აქციის მონაწილეთა ქმედება, რომელიც გამოიხატა ჯორჯ ბუშის ბანერის საღებავებით დაფარვაში, შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარევათა კოდექსის 150-ე მუხლის  ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს, რომელიც კრძალავს სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურ შესრულებას შენობა-ნაგებობათა ფასადებზე, ღობეებსა და სვეტებზე. თუმცა აღნიშნული მუხლი სანქციად ითვალისწინებს ჯარიმას 50 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სამართალდარღვევა არ წარმოადგენს სამართალდამრღვევის დაკავების საფუძველს.          

შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების დაუსაბუთებლობა და უკანონობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მოსამართლემ არ შეწყვიტა საქმის წარმოება იმ საფუძვლით, რომ სამართალდარღვევის ოქმი არასწორად, არარელევანტური ნორმის მითითებით იყო შედგენილი. საია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 აგვისტოს დადგენილებას შოთა დიღმელაშვილის და ალეკო ჩიღვინიძის სახელით თბილისის სააპელაციო სასამართლოში 10 დღის ვადაში გაასაჩივრებს.