სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საგანგებო განცხადება ნიკა მელიას დაკავების შესახებ

2021-02-23 11:25
Featured image

დღეს, 23 თებერვალს დილის 7:30 საათზე საქართველოს მთავრობამ საპოლიციო ძალის გამოყენებით ნაციონალური მოძრაობის ოფისში შესვლა დაიწყო. სპეციალური ღონისძიების მიზანს სასამართლოს მიერ 17 თებერვალს მიღებული პოლიტიზირებული გადაწყვეტილების აღსრულება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება წარმოადგენდა. იმ მომენტისთვის შენობაში ნიკა მელიას მხარდასაჭერად სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და აქტივისტები იყვნენ შეკრებილი. საბოლოოდ, სამართალდამცველებმა ნიკა მელია დააკავეს.

ვგმობთ საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არსებული ვითარების განმუხტვა სამართლებრივი და არაძალადობრივი მეთოდებითაც შეეძლო. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება არ დაელოდა სააპელაციო სასამართლოში მელიას საჩივრის განხილვას და არ აჩვენა მძიმე ვითარების განმუხტვის და პოლიტიკური პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვის ნება. ცხადია, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება საქართველოს ახლად არჩეული პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი აგრესიული რიტორიკის გაგრძელებაა. საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გასული დღეების განმავლობაში გამოთქმული გაფრთხილებებისა და მოწოდებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად დააზიანა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია. 

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში პოლიტიკური პროცესები თანდათან მძიმდებოდა. დღეს კი ის სრულიად ჩიხშია შესული. საქართველოს მთავრობას სიტუაციის განმუხტვის რეალური პოლიტიკური ნება კრიზისის გამწვავების არც ერთ ეტაპზე არ გამოუჩენია. აღნიშნული ქმედებით კი სიტუაციის კიდევ უფრო მეტად ესკალაციისკენ გადადგა ნაბიჯი, რაც შესაძლოა ქვეყნისთვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იყოს. ცხადია, რომ პროცესების მომავალ გამწვავებაზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მმართველ ძალას ეკისრება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება ცალსახად ესკალაციის გზას ადგას, რთულია მისგან ადექვატური გადაწყვეტილების მოლოდინი.

შექმნილ სიტუაციაში მნიშვნელოვანია შევაჩეროთ საზოგადოების კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია და არ დავუშვათ სამოქალაქო დაპირისპირება. მოვუწოდებთ ჩვენი ქვეყნის მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს შესაბამისი რეაგირებისკენ. დღეს როგორც არასოდეს, საქართველოს სჭირდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, ვინაიდან, სიტუაციის უფრო მეტად ესკალაციის შემთხვევაში, ქვეყანამ შესაძლოა დამოუკიდებლობის პერიოდში მოპოვებული ყველა მიღწევა დაკარგოს.

 

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - TIG
  2. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI
  3. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  4. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკომონიკური ანალიზის ცენტრი
  5. საზოგადოება და ბანკები
  6. მედიის განვითარების ფონდი - MDF
  7. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI
  8. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი - GFSIS
  9. საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS
  10. ღია საზოგადოების ფონდი - OSGF
  11. ცენტრი “ემპათია”
  12. საფარი
  13. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI
  14. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - EPRC
  15. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED
  16. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - EMC
  17. საქართველოს გაეროს ასოციაცია - UNAG
  18. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  19. მწვანე ალტერნატივა
  20. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი - DRI
  21. დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი - IDSD
  22. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - GYLA