საქართველოში დროებითი საგამოძიებო კომისია (შემდგომში - კომისია) კონკრეტული საკითხის შესასწავლად იქმნება.[1] იგი უმცირესობის მექანიზმად მიიჩნევა,[2] ამიტომ აზრი დაეკარგება, თუ მის ასამოქმედებლად მაღალი კვორუმი დაწესდება. პარლამენტი კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას 50 ხმით იღებს (მოწინააღმდეგეთა ხმები მხედველობაში არ მიიღება).[3] თუმცა, ეს უმრავლესობა მაღალია. უმჯობესია, რაოდენობა 1/5-მდე შემცირდეს.[4]
შესწავლილ პერიოდში[5] საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი უფლებამოსილმა სუბიექტებმა 6-ჯერ დააინიცირეს:
საკითხი |
ინიციატორი |
ინიცირების თარიღი |
ბიუროზე განხილვის თარიღი |
დღის წესრიგში შეტანის თარიღი |
პლენარულ სხდომაზე განხილვის თარიღი |
კენჭისყრის შედეგები |
„2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“[6] |
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა" |
27 დეკ - 2018 |
04/02/2019 |
|
საწყისი: 07/02/2019 საბოლოო: 14/05/2019 |
მომხრე: 30 წინააღმდეგი: 3 |
„თიბისი“ ბანკსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“[7] |
საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ |
04 მარ - 2019 |
უცნობია |
- |
- |
- |
„შპს „საფინანსო კომპანია საქართველოსთან“ დაკავშირებული საკითხის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“[8] |
საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“ |
06 ივნ - 2019 |
17/06/2019 |
- |
- |
- |
„2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“[9] |
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ |
09 ოქტ - 2019 |
15/10/2019 |
- |
- |
- |
„საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში არსებული შესაძლო კორუფციული სქემის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“[10] |
საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციები: „ევროპული საქართველო", „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", „ევროპული საქართველო - რეგიონები" |
30 ოქტ - 2019 |
04/11/2019 |
- |
- |
- |
„მაღალი თანამდებობის პირების მიერ საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგ შესაძლო ანტიკონსტიტუციური შეთქმულებისა და საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დარღვევის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“[11] |
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ |
06 ნოე - 2019 |
11/11/2019 |
- |
- |
- |
დაინიცირებული საკითხებიდან კენჭი მხოლოდ ერთს ეყარა და ჩავარდა, ვინაიდან ოპოზიციის ხმების ჯამურმა ოდენობამ 1/3-ს ვერ მიაღწია. 2019 წლის ბოლოდან ვითარება შეიცვალა - უმრავლესობის მანდატების რაოდენობა 100-ს ჩამოსცდა. დარჩენილი 5 ინიციატივის განხილვას ხელი, სავარაუდოდ, საგანგებო მდგომარეობამ შეუშალა, თუმცა, რუტინულ რეჟიმში გადასვლის შემდეგ პარლამენტს დაახლოებით 2 თვე რჩება (არჩევნებამდე 3 თვით ადრე დაუშვებელია კომისიის შექმნა) შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
კონსტიტუციის თანახმად, კომისიაში ოპოზიციის წილი ნახევარზე ნაკლები არ უნდა იყოს,[12] ამასთან, ფრაქციას იქ ერთი წევრი მაინც უნდა ჰყავდეს.[13] იგულისხმება, რომ ამ მექანიზმის წევრობის უფლება მხოლოდ ფრაქციებს აქვთ. ამის საპირისპიროდ, რეგლამენტი კომისიის წევრობის სუბიექტად იმ პარლამენტარებსაც მოიაზრებს, რომლებიც არცერთ ფრაქციაში არ არიან გაერთიანებულნი.[14] „ეს შესაძლებლობას აძლევს მმართველ გუნდს, საკანონმდებლო ორგანოში ჰყავდეს მის გავლენას დაქვემდებარებული ერთი ან რამდენიმე „დამოუკიდებელი დეპუტატი“, რომელიც კომისიაში, მართალია, ოპოზიციის კვოტით მოხვდება, მაგრამ, რეალურად, მმართველი გუნდის პოზიციებს დაუჭერს მხარს.“[15]
კომისიის შექმნის ინიცირების შემდეგ კენჭი ეყრება მის საბოლოოდ ფორმირებას.[16] მიღებული დადგენილება უნდა შეიცავდეს მექანიზმის შექმნის საფუძველს, გამოსაკვლევ საკითხთა წრესა და უფლებამოსილების ვადას.[17] დადგენილების მიღებიდან 3 დღეში კომისიაში პოლიტიკურ ძალთა წარმომადგენლობის კვოტებს ადგენს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და ამტკიცებს ბიურო.[18] კომისიის ოპერატიულად ფორმირება მის ეფექტიანობას ზრდის. ამიტომ, პროცედურის გამარტივების მიზნით, უმჯობესი იქნება, თუ კომისიის კვოტირების მონაცემები (იმ შემთხვევისთვის, როდესაც ოპოზიცია და უმრავლესობა 50%-50%-ზე იქნებიან წარმოდგენილნი) საპარლამენტო კომიტეტების ფორმირების ეტაპზე განისაზღვრება.[19]
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კომისია იქმნება 3 თვის ვადით.[20] შესაძლებელია ვადის გაგრძელება,[21] თუმცა, საერთო ჯამში, მისი მუშაობის დრო არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.[22] ამასთან, თუ პარლამენტის არჩევნებამდე დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები, კომისიის შექმნა დაუშვებელია.[23] არჩევნებამდე 3 თვით ადრე მას უფლებამოსილება უწყდება.[24] კომისიის მოქმედების ვადა უნდა გამომდინარეობდეს მოცემული საჭიროებიდან და არ უნდა იყოს ხისტად შეზღუდული, როგორც ეს დღეს მოქმედი კანონმდებლობითაა.[25]
კომისია გადაწყვეტილებას სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს.[26] მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიმართება, როგორც წესი, 50/50-ზეა.[27] ნებისმიერი გადაწყვეტილების უმრავლესობით მიღება კონსენსუსს მოითხოვს,[28] ეს კი მმართველ ძალას მექანიზმის მუშაობის პარალიზების საშუალებას აძლევს.[29] მას შეუძლია, დაბლოკოს ნებისმიერი ინიციატივა დოკუმენტების გამოთხოვნისა და მოწმეების დაკითხვის შესახებ.[30] ამგვარად, ოპოზიციას, ერთი მხრივ, ენიჭება პრივილეგია, შექმნას კომისია, თუმცა, მეორე მხრივ, უმრავლესობას რჩება ამ უფლებამოსილების არარად ქცევის ბერკეტები.[31] ამიტომ, მნიშვნელოვანია, შუალედური გადაწყვეტილების მიღების უფლება კომისიის წევრთა იმ რაოდენობას მიეცეს, რომელიც მის შესაქმნელად არის საჭირო, ხოლო უმრავლესობა მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს იყოს აუცილებელი.[32]
ანა ჯაბაური
პროექტის მოწვეული ექსპერტი
ბლოგპოსტი მომზადებულია პროექტის - „უსაფრთხოების სექტორში საიდუმლო შესყიდვებზე საპარლამენტო ზედამხედველების ხელშეწყობა“ - ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მიერ.
[1] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 61-ე მუხლის მე-3 პუნქტი.
[2] Nussberger A., Özbudun E., Sejersted F., Report on the Role of the Opposition in a Democratic Parliament, European Commission for Democracy Through Law, CDL-AD(2010)025, Venice, 15-16 October, 2010, გვ. 25, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2KQ4MOl, განახლებულია: 23.08,2019.
[3] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 62-ე მუხლის 1-ლი პუნქტი.
[4] მენაბდე ვ. (კვლ. ხელმ. და სამ. რედ.) და სხვები, 20 წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე. უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ზედამხედველობა უსაფრთხოების სექტორის საქმიანობაზე საქართველოში, მეორე გადამუშავებული გამოცემა, თბილისი, 2019, გვ. 104.
[5] 2018 წლის 6 დეკემბრიდან 2020 წლის 3 თებერვლამდე.
[6] კანონპროექტები, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/#law-drafting/17022, განახლებულია: 04.11.2019; საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 29 მაისის დადგენილება 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/223340?, განახლებულია: 04.11.2019.
[7] კანონპროექტები, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/#law-drafting/17442, განახლებულია: 11.04.2020; საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „თიბისი“ ბანკსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/215586?, განახლებულია: 11.04.2020.
[8] კანონპროექტები, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/#law-drafting/18393, განახლებულია: 11.04.2020; საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი შპს „საფინანსო კომპანია საქართველოსთან“ დაკავშირებული საკითხის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/224098?, განახლებულია: 11.04.2020.
[9] კანონპროექტები, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/#law-drafting/18914, განახლებულია: 12.04.2020, საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/232835?, განახლებულია: 12.04.2020.
[10] კანონპროექტები, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/#law-drafting/19020, განახლებულია: 11.04.2020; საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში არსებული შესაძლო კორუფციული სქემის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/235105?, განახლებულია: 11.04.2020.
[11] კანონპროექტები, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/#law-drafting/19070, განახლებულია: 11.04.2020; საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მაღალი თანამდებობის პირების მიერ საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგ შესაძლო ანტიკონსტიტუციური შეთქმულებისა და საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დარღვევის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/235585?, განახლებულია: 11.04.2020.
[12] საქართველოს კონსტიტუცია, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
[13] იქვე.
[14] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 62-ე მუხლის მე-3 პუნქტი.
[15] მენაბდე ვ. (კვლ. ხელმ. და სამ. რედ.) და სხვები, დასახელებული ნაშრომი, გვ. 105.
[16] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 62-ე მუხლის 1-ლი პუნქტი.
[17] იქვე, 1-ლი პუნქტი.
[18] იქვე, მე-2 პუნქტი.
[19] მენაბდე ვ. (კვლ. ხელმ. და სამ. რედ.) და სხვები, დასახელებული ნაშრომი, გვ. 105.
[20] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 66-ე მუხლის 1-ლი პუნქტი.
[21] იქვე, მე-2 პუნქტი.
[22] იქვე, 1-ლი პუნქტი.
[23] იქვე, მე-3 პუნქტი.
[24] იქვე.
[25] იქვე.
[26] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 68-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
[27] იქვე, 62-ე მუხლის მე-3 პუნქტი.
[28] მენაბდე ვ. (კვლ. ხელმ. და სამ. რედ.) და სხვები, დასახელებული ნაშრომი, გვ. 107.
[29] იქვე.
[30] იქვე.
[31] იქვე.
[32] იქვე.