სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სადეპუტატო კითხვები უსაფრთხოების სექტორზე - 2021 წლის საშემოდგომო სესიიდან 2022 წლის საშემოდგომო სესიის ჩათვლით

2023-07-11 11:58
Featured image

სადეპუტატო კითხვა ქართული კონსტიტუციონალიზმისთვის უცხო არ არის. მისი საშუალებით ერთ დეპუტატსაც კი აქვს შესაძლებლობა, მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა უწყებას, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს, სახელმწიფო დაწესებულებას.1 კითხვაზე სრული და დროული პასუხის გაცემა აუცილებელია.2 ამ მოთხოვნის უგულებელყოფა კონსტიტუციის დარღვევაა, რაც მთავრობის წევრის მიმართ იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს.

რეგლამენტის 2022 წლის 2 ნოემბრის ცვლილებებით, კითხვაზე პასუხის გასაცემად დადგენილი 15-დღიანი ვადა 10 დღემდე შემცირდა, შემდგომში 10-დღიანი გაგრძელების პერსპექტივით.3 ამასთანავე, ნორმას დაემატა ჩანაწერი პასუხგაუცემელ კითხვებთან დაკავშირებით. კერძოდ, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წელიწადში 4-ჯერ შეისწავლის შეკითხვებზე რეაგირების ასპექტებს4 და შედეგებს პარლამენტის ბიუროს წარუდგენს, რომელიც უფლებამოსილია, ის პლენარული სხდომების დღის წესრიგში შეიტანოს.5 გარდა ამისა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებას.6 საკითხის ამგვარი მოწესრიგება მისასალმებელია, რადგან შესაძლებელი იქნება საზოგადოების მხრიდან საჯარო მოხელეების პასუხებზე თვალყურის დევნება. თუმცა, საია მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება არასაკმარისია. უნდა შეიქმნას პასუხგაუცემელი კითხვების დასმის შესაძლებლობა პლენარულ სხდომაზე, სამთავრობო საათის ფარგლებში.7

 

საიამ 2021 წლის საშემოდგომო სესიიდან 2022 წლის საშემოდგომო სესიის ჩათვლით პერიოდში გაგზავნილი კითხვები გააანალიზა. შედეგად გამოიკვეთა, რომ უსაფრთხოების თემატიკით, ძირითადად, ოპოზიციის წარმომადგენლები ინტერესდებიან, ადრესატები კი მათი კითხვების უმეტესობას უპასუხოდ ტოვებენ. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს საანგარიშო პერიოდში, ზოგადად, დეპუტატის კითხვის მექანიზმი არ გამოუყენებია, 2022 წლის საშემოდგომო სესიაზე კი კომიტეტის მხოლოდ 2-მა წევრმა8 გაგზავნა კითხვები უსაფრთხოების თემაზე უსაფრთხოების სექტორის ადრესატებთან.

2021 წლის საშემოდგომო სესია

უსაფრთხოების სექტორის ადრესატებთან9 უსაფრთხოების თემატიკის 125 კითხვა გაიგზავნა .10 აქედან მხოლოდ 2-ს გაეცა პასუხი რეგლამენტით დადგენილ ვადებში, 123-ს კი - ვადის დარღვევით.11 125-ვე კითხვა, ჯამში, ოპოზიციის 3-მა დეპუტატმა გაგზავნა.12

2022 წლის საგაზაფხულო სესია

უსაფრთხოების სექტორის ადრესატებთან უსაფრთხოების თემატიკაზე გაიგზავნა 75 კითხვა.13 აქედან მხოლოდ 20-ს გაეცა პასუხი რეგლამენტით დადგენილ ვადებში, ხოლო 53-ს - ვადის დარღვევით.14 2 კითხვა უპასუხოდ დარჩა.15 ამ 75 კითხვიდან 60 გაგზავნა ოპოზიციის 14-მა წარმომადგენელმა, 15 კი - უმრავლესობის 1-მა დეპუტატმა.16

2022 წლის საშემოდგომო სესია17

უსაფრთხოების სექტორის ადრესატებთან გაგზავნილი უსაფრთხოების თემატიკის კითხვების ჯამი 40-ს შეადგენს. აქედან 32-ის ავტორია ოპოზიცია, ხოლო 8-ის - უმრავლესობა.18

ავტორი: გიორგი ალავერდაშვილი

ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.


1 საქართველოს კონსტიტუცია, 43-ე მუხლის 1-ლი პუნქტი.

2 იქვე.

3 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 148-ე მუხლის მე-4 პუნქტი.

4 იქვე, მე-8 პუნქტი.

5 იქვე.

6 იქვე.

7 „საიამ პარლამენტს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების თაობაზე მოსაზრებები წარუდგინა“, 2022 წლის 14 აგვისტო, ხელმისაწვდომია: https://tinyurl.com/4wbzu5p2, განახლებულია: 12.06.23.

8 ვლადიმერ ჩაჩიბაია („ქართული ოცნება“) და თეონა აქუბარდია („რეფორმების ჯგუფი“).

9 კვლევის მიზნებისთვის უსაფრთხოების სექტორის ადრესატებს განეკუთვნებიან: შსს, სუს, თავდაცვის სამინისტრო, დაზვერვის სამსახური, იუსტიციის სამინისტრო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, სდსს, ოტს.

10 საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 7 ნოემბრის №10651/2-7/22 წერილი.

11 იქვე.

12 იქვე.

13 იქვე.

14 იქვე.

15 იქვე.

16 იქვე.

17 ამ ქვეთავში მიმდინარე კითხვები გულისხმობს 2023 წლის 31 იანვრის მდგომარეობით კითხვებს. 18 საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 31 იანვრის №885/2-7/23 წერილი.