2015 წლის 27 იანვარს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ერთობლივი პროექტის - „ქალთა გაძლიერება შრომითი დისკრიმინაციის წინააღმდეგ და გენდერული ძალადობის დასამარცხებლად“ საბოლოო ანგარიში წარადგინა.
პროექტის მიზანია, გამოავლინოს დაფარული და ტაბუდადებული საკითხები გენდერული ნიშნით სამუშაო ადგილას დისკრიმინაციისა და შევიწროვების თემებზე.
პროექტის ფარგლებში მომზადდა 4 სხვადასხვა კვლევა და ჩატარდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთერულის გენდერული აუდიტი.
კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ კვლავ იკვეთება შრომით ურთიერთობებში გენდერის კუთხით უთანასწორო მოპყრობის საფრთხეები, შესაბამისად აუციელებლია შემუშავდეს შემდეგი ცვლილებები:
• მოხდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183-ე და 156-ე კონვენციების რატიფიცირება;
• საჯარო სამსახურებში შეიქმნას კონკრეტული რეგულაციები დაწინაურებასა და კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებით, დაინერგოს გამჭვირვალე პროცედურები;
• მოხდეს ევროსაბჭოს კონვენციის ,,ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (სტამბულის კონვენცია) რატიფიცირება;
• მნიშვნელოვანია, რომ გენდერული თანასწორობის სამომავლო სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული იყოს ღონისძიებები დასაქმების ადგილზე ქალთა სექსუალური შევიწროებისა და უთანასწორო ანაზღაურების (pay gap) აღმოფხვრის შესახებ;
• კანონმდებლობით დარეგულირდეს წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დროს დასაშვები და დაუშვებელი შეკითხვები;
• შემუშავდეს ეფექტური ღონისძიებები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებისათვის სახელმწიფო ენის სწავლების მიმართულებით;
• დაინერგოს გენდერული ბიუჯეტის შემუშავების პრაქტიკა;
• კანონმდებლობაში მოხდეს ცნების ,,სექსუალური შევიწროვება’’ განმარტება;
• მნიშვნელოვანია, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ სამოქმედო გეგმებში აისახოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაქმების გაძლიერების საკითხები.