სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საარჩევნო წელს ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში აქცენტი სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე არის გაკეთებული

2016-09-08 14:36
Featured image

წინასაარჩევნო პერიოდში, მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტების ცვლილებები განხორციელდა, რომლითაც  ადგილობრივი ხელისუფლება შეეცადა 2016 წლის ბიუჯეტით, განსხვავებით 2015 არასაარჩევნო წლის ბიუჯეტისაგან, გათვალისწინებული თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი ისეთ პროგრამებზე გადაენაწილებინა, რომელთა განხორციელებაც მოსახლეობაში კმაყოფილებას, საბოლოო ჯამში კი, არჩევნებზე მათი მხარდამჭერების რიცხვის ზრდას გამოიწვევდა. მათი განხორციელება წინასაარჩევნოდ, შესაძლოა უშუალოდ არ ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის კონკრეტულ ნორმებს, თუმცა, თავისი არსით, საბიუჯეტო სახსრების საარჩევნო მიზნებისათვის გამოყენებას წარმოადგენს და არათანაბარ პირობებს ქმნის პოლიტიკური პარტიებისათვის.

 

მაგალითად  2015 და 2016   წლის ბიუჯეტების შედარებითი ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ საარჩევნო წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები და ამ პრიორიტეტებზე თანხების გადანაწილება საკმაოდ განსხვავდება არასაარჩევნო წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებისა და მათზე გადანაწილებული თანხებისაგან.   ადგილობრივი ხელისუფლება საარჩევნო 2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებად ასახელებს  ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რეაბილიტაციასა და ექსპლოატაციას; საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას, შენახვასა და მოვლას; გზებისა და ტროტუარების რეაბილიტაციასა და ექსპოლატაციას; ქუჩაში ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებისა და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი აღვნიშვნების მოწყობას; კომუნალური ინფრასტრუქტურის, საცხოვრებელი კორპუსების, გარე განათების მოწყობას რეაბილიტაციასა და ექსპოლატაციას. ეს მაშინ, როდესაც 2015 წლის ბიუჯეტით, რომელიც არასაარჩევნო წელი იყო, პრიორიტეტების სათავეში ვხვდებით თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების; მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების, საგანგებო სიტუაციებისა და ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის საკითხებს.   
 

ცვლილებები სხვადასხვა რეგიონის მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

შიდა ქართლი - ხაშური, კასპი და ქარელი

 

ჩვენს მოსაზრებას ამყარებს ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მონიტორინიგის შედებიც. ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით სულ 45 ინფრასტრუქტურული პროექტია გათვალისწინებული. აქედან დასრულებულია 7, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტია 15, გამოცხადებულია ტენდერი 8 ინფრასტრუქტურულ პროექტზე, ხოლო დაგეგმილია 15 პროექტის განხორციელება. ციფრებიდან ნათლად ჩანს, რომ განსახორციელებელი პროექტების ნახევარზე მეტი  სწორედ არჩევნების წინა პერიოდში იწყება.

 

ანალოგიური მდგომარეობაა კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტებშიც. კასპის მუნიციპალიტეტს სულ 21 ინფრასტრუქტურის პროექტი აქვს, აქედან დასრულებულია 10, ხოლო მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტია 11.  ქარელის მუნიციპალიტეტს ჯამში 37 ინფრასტრუქტურის პროექტი აქვს, აქედან დასრულებულია 16, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტია 15, ხოლო დაგეგმილია 6.

 

ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ბიუჯეტების დაგეგმვისას ადგილობრივი თვითმმართველობები მაქსიმალურად ცდილობენ ბიუჯეტი მოარგონ საკუთარ საარჩევნო ინტერესებს.

 

ქვემო ქართლი - რუსთავი

ბიუჯეტის საარჩევნო წელზე მორგების ნათელი დადასტურებაა იმ ფინანსების ანალიზი, რომელთა განაწილებაც ერთი და იგივე პროექტებზე მოხდა 2015[1] და 2016[2] წელს.  მაგალითად:  2015 წელს ბიუჯეტის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული პროგრამა ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) გათვალისწინებულია 14.950.2 ლარი, იგივე პროგრამაზე 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო 9.653.1 ლარი; მე-15 მუხლის 1.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) 2016 წელს გათვალისწინებულია 2.391.6  ლარი  2015 წელს გათვალისწინებული იყო 638.4 ლარი; მე-15 მუხლის 1.1.1 გზებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 01 01) 2016 წელს გათვალისწინებულია 2.279.4 ლარი  2015 წელს გათვალისწინებული იყო 518.4 ლარი; მე-15 მუხლის  1.3.  ქალაქის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 )   2016 წელს გათვალისწინებულია  2.856.7 ლარი 2015 წელს გათვალისწინებული იყო 790.6 ლარი; მე-15 მუხლის 1.3.1. სკვერების,  ეზოების,  ძეგლებისა და მემორიალების რეაბილიტაცია  (პროგრამული კოდი 03 03 02)  2016 წელს გათვალისწინებულია 2.001.7 ლარი  2015 წელს გათვალისწინებული იყო 203.3 ლარი;  მე-15 მუხლის 3.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) 2016 წელს გათვალისწინებულია 3.375.3 ლარი  2015 წელს გათვალისწინებული იყო 1.947.3 ლარი.

 

რუსთავის მუნიციპალიტეტის გარდა ქვემო ქართლის რეგიონში  (გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო) ადგილობრივ  ხელისუფლებას პრიორიტეტების ჩამონათვალში მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუხორციელებია. თუმცა აქაც ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაორმაგდა.

 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არცერთი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კანონში არ არის დასაბუთება თუ რით არის განპირობებული წინა წელთან შედარებით სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების ზრდა 2016 წლის ბიუჯეტში.[3]

 

აჭარა - ბათუმი

ჩვენი მოსაზრების დადასტურებაა აჭარის რეგიონიც. ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N35 დადგენილების „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები 2016 წლისთვის, წინა წელთან შედარებით გაზრდილია. კერძოდ, ამ დადგენილების 1-ლი მუხლის თანახმად შემოსავლების  ნაწილში 2015 წელს განსაზღვრული იყო 112169.8 ათასი ლარი, ხოლო 2016 წელს 135192.3 ათასი ლარი. აქედან გამომდინარე შემოსავლების ნაწილში ბიუჯეტი გაზრდილია 23022.5 ათასი ლარით. დადგენილების მიხედვით შემოსავლების ასეთი ზრდის მიზეზი ძირითადად გაზრდილი გადასახადები და გრანტებია. კერძოდ, 2015 წლის გეგმის მიხედვით გადასახადები  შეადგენდა 18350.0 ათას ლარს, ხოლო 2016 წელს 35000.0 ათას ლარს. გრანტები 2015 წელს შეადგენდა 63756.3 ათას ლარს, ხოლო 2016 წელს 69642.3 ათას ლარს. ხარჯების ნაწილში ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით გაზრდილია 1233.2 ათასი ლარით, კერძოდ წინა წელს განსაზღვრული იყო 80013.7 ათასი ლარი ხოლო მიმდინარე წელს განსაზღვრულია 81246.9 ათასი ლარი. დადგენილების მიხედვით  ხარჯების აღნიშნული ზრდა გამოწვეულია შრომის ანაზღაურების, საქონლის და მომსახურების, პროცენტის, გრანტების, სოციალური უზრუნველყოფის, და სხვა ხარჯების ზრდის გამო. აღსანიშნავია, რომ სუბსიდიები წინა წელთან შედარებით შემცირებულია, კერძოდ, 2015 წელს სუბსიდიების ნაწილში გათვალისწინებული იყო 16495.3 ათასი ლარი, ხოლო მიმდინარე წლისთვის გათვალისწინებულია 9147.2 ათასი ლარი.

 

სოციალურ საკითხებთან მიმართებაში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით გაზრდილია ისეთ კომპონენტებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, ჯანმრთელობის დაცვა, საბინაო-კომუნალური მეურნეობა, ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური დაცვა.  ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის ნაწილში 2015 წელს განსაზღვრული იყო 40993.2 ათასი ლარი, ხოლო მიმდინარე წელს 42819.4 ათასი ლარი. საბინაო-კომუნალური მეურნეობის კომპონენტში წინა წელს 26453.4 ათასი ლარი, მიმდინარე წელს 30007.5 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვის კომპონენტში წინა წელს 2816.4 ათასი ლარი, მიმდინარე წელს 2988.6 ათასი ლარი. სოციალური დაცვის კომპონენტში წინა წელს 5331.6 ათასი ლარი, მიმდინარე წელს 7442.9 ათასი ლარი. 

წინასაარჩევო კამპანიის დაწყებამდე ერთი დღით ადრე 2016 წლის 7 ივნისს ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა ქალაქ ბათუმის 2016 წლის ბიუჯეტში, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის ბიუჯეტის ასიგნები, ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით იზრდება ჯამში 1 570 000 ლარით, გაზრდილი თანხები ძირითადად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გადანაწილდება, კერძოდ იგეგმება მერიის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები.

 


[1] https://matsne.gov.ge/ka/document/view/2658457

[2] https://matsne.gov.ge/ka/document/view/3120706

[3]https://matsne.gov.ge/ka/document/view/2657135