სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საარჩევნო პროექტები

2012-11-20 21:04
Featured image
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაფუძნების დღიდან, 1994 წლიდან, აქტიურად არის ჩართული საკანონმდებლო, აღმასრულებელი თუ ადგილობრივი  ორგანოების არჩევნების მონიტორინგის პროცესში. არჩევნებზე დაკვირვებისას საია მუდმივად და მკაცრად იცავს ნეიტრალურ პოზიციას.
 
საიას, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანია არჩევნების მიმდინარეობის თაობაზე მოსახლეობისათვის მიუკერძოებელი, კომპეტენტური, დროული ინფორმაციის მიწოდება, ხელისუფლების და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების გამახვილება ხარვეზებზე, რომლებიც თან ახლავს არჩევნებს და ზრუნვა იმ პოზიტიური ასპექტების გაღრმავებაზე, რომლებიც მიღწეულ იქნა.
 
სადამკვირვებლო მისიის მიზანია:
საარჩევნო კანონმდებლობისა და საერთაშორისოდ დადგენილი დემოკრატიული სტანდარტების დაცვა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების, საარჩევნო სუბიექტებისა და საჯარო მოხელეების მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღესა და შედეგების შეჯამების პროცესში.
საარჩევნო პერიოდში ორგანიზაციის საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ დარღვევების გამოვლენით, არამედ საარჩევნო ადმინისტრაციასა და სასამართლოში საჩივრების წარდგენის გზით ორგანიზაცია ცდილობს, ხელი შეუწყოს  საარჩევნო კანონმდებლობის პროგრესური განმარტების დანერგვას, დამრღვევთა  წინააღმდეგ  სამართლებრივი ზომების გატარებასა და საარჩევნო დარღვევათა შემდგომ პრევენციას.
 
მიზნების მისაღწევად, არჩევნების მონიტორინგის გარდა, საია საარჩევნო პერიოდში სხვადასხვა ტიპის საქმიანობებსაც ახორციელებს, როგორიცაა ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლების კამპანიები, საჯარო დისკუსიები, ტრენინგები, სტრატეგიული სამართალწარმოება, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე მუშაობა და ა.შ.
 
სადამკვირვებლო მისია
2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები (გაუქმებული);
2004 წლის  4 იანვრის (რიგგარეშე) საპრეზიდენტო და 2004 წლის 28 მარტის (ხელახალი) საპარლამენტო არჩევნები;
2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოს არჩევნები;
2008 წლის 5 იანვრის (რიგგარეშე) საპრეზიდენტო არჩევნები;
2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები;
2008 წლის 3 ნოემბრის აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნები;
2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოს და ქ. თბილისის მერის არჩევნები;
2011 წლის 2 ოქტომბრის (შუალედური) საპარლამენტო არჩევნები თელავის N17 საარჩევნო ოლქში
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები;
2013 წლის 27 აპრილის (შუალედური) საპარლამენტო არჩევნები ნაძალადევის N9, სამტრედიის N54 და ბაღდათის N52 საარჩევნო ოლქში;
 
 
სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საია ახორციელებს:
წინასაარჩევნო პერიოდის, საარჩევნო დღისა და შედეგების შეჯამების  მონიტორინგს;
იურიდიულ დახმარებას და საჭიროების შემთხვევაში სტრატეგიულ სამართალწარმოებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით;
საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მონიტორინგს;
ადვოკატირებას საარჩევნო კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად.