სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საარჩევნო პროცესების გაშუქება - რეკომენდაციები მედიისათვის

2012-08-23 15:27
Featured image

შინაარსი

1. სამართლებრივი აქტები 
2. წინასაარჩევნოდ მედიაზე კონტროლის განმახორციელებელი სუბიექტები
3. წინასაარჩევნოდ მედიის მაკონტროლებელი ორგანოების ფუნქციები
3.1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
3.2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური
4. წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს დაქვემდებარებული პირები
5. მონიტორინგი
6. გაშუქების პრინციპები
6.1. არჩევნების მიუკერძოებლად და სამართლიანად გაშუქება
6.2. წინასაარჩევნო რეკლამის სამართლიანი და გამჭვირვალე გადანაწილება
6.3. წინასაარჩევნო დებატების არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მონაწილეობით გადაცემა
7. კვალიფიციური სუბიექტი
8. სოციალური რეკლამის გაშვების ვალდებულება
9. გაზეთები
10. საზოგადოებრივი აზრის კვლევა
11. მონიტორინგის ჩატარების ხერხები და მეთოდები
11.1. საერთო წესი
11.2.მონიტორინგის სპეციალური წესი მაუწყებლებისთვის
11.3. მონიტორინგის სპეციალური წესი გაზეთებისთვის
12. დარღვევებზე რეაგირება და სანქციები
12.1. თვითრეგულირების ორგანო
12.2. სასამართლო
12.3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
13. Must carry
14. საარჩევნო აკრედიტაციის წესი-რეკომენდაციები მედიისათვის
14.1. აკრედიტაციის წესი
14.2. აკრედიტაციის განცხადება
14.3. განცხადების შეტანის ვადა
14.4. განცხადების რეგისტრაციის შედეგი
14.5. აკრედიტაციაზე უარის თქმის გასაჩივრება
14.6. დამკვირვებელი პირების რაოდენობა
15. პრაქტიკული რეკომენდაცია

წინამდებარე ნაშრომის მიზანია წინასაარჩევნო საკითხების თაობაზე სავალდებულოდ შესასრულებელი საკანონმდებლო აქტების მითითება და განმარტება მედიისათვის. 

ამასთანავე საია წარმოგიდგენთ რეკომენდაციებს წინასაარჩევნო საკითხების გაშუქების წესის შესახებ.

საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის გამოთქვამს მზადყოფნას გაგიწიოთ დახმარება სამართლებრივი პრობლემების მოგვარებაში წინასაარჩევნო პერიოდში.

1. სამართლებრივი აქტები

მედიის წარმომადგენლებმა საარჩევნო საკითხების გაშუქებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ რეგულაციებს, რომლებიც საქართველოს კანონდებლობითაა დადგენილი. მათ შორისაა:

 „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;
 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის # 2 დადგენილებით დამტკიცებული აქტი „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“
 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს # 9 დადგენილებით დამტკიცებული აქტი - „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“

დამატებით გასათვალისწინებელია ასევე:


 „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი;
 „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული სხვა სამართლებრივი აქტები;


2. წინასაარჩევნოდ მედიაზე კონტროლის განმახორციელებელი სუბიექტები

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ზემოჩამოთვლილი სუბიექტების გარდა, მედიას 2012 წლის 12 აგვისტოდან წარმოეშვა ანგარიშვალდებულება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინაშეც.


3. წინასაარჩევნოდ მედიის მაკონტროლებელი ორგანოების ფუნქციები

3.1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

საქართველოს საარჩევნო კოდექსით 2011 წლის დეკემბერიდან მედიის მონიტორინგი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფუნქცია გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპის უმრავლეს ქვეყნებში მსგავსი პრაქტიკა გამართლებულია (მაგალითად, საფრანგეთი)

დღეისათვის კომისიის კომპეტენციაა:

 საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის განსაზღვრა;
 მაუწყებლის მიერ საარჩევნო კოდექსით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგის ზედამხედველობა;
 შესაბამისი რეაგირება საქართველოს საარჩევნო კოდექსის დარღვევაზე;
 საჭიროების შემთხვევაში მედიამონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო მომსახურების შესყიდვა;
 მედიამონიტორინგის უშუალოდ განხორციელება ან/და, მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების ან/და სამოქალაქო სექტორის სუბიექტების მიერ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას ჩატარებული და ამ წესების რელევანტური, საჯაროდ ხელმისაწვდომი მედია მონიტორინგის შედეგების გამოყენება;
აღნიშნული ფუნქციების შესრულებისათვის კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2012 წლის 15 აგვისტოს მიიღო დადგენილება #9 „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“

მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ იხელმძღვანელონ კომისის შემუშავებული რეკომენდაციებით და განახლებული ინფორმაციით, რომელიც რეგულარულად ქვეყნდება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალურ საიტზე www.gncc.ge


3.2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური


2012 წლის 6 აგვისტოს გამოქვეყნდა და 2012 წლის 12 აგვისტოდან ამოქმედდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება № 137/37, რომლითაც მთელი რიგი ვალდებულებები უდგინდებათ საარჩევნო სუბიექტებს, მაუწყებლებსა და გაზეთებს. კერძოდ,
1. წინასაარჩევნო რეკლამისათვის საეთერო დროის ან/და გაზეთის ფართობის შესყიდვა უნდა განხორციელდეს წინასწარი ანგარიშსწორების წესით. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია წინასწარ გადაიხადოს ერთი კვირის განმავლობაში ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის საეთერო დროის ან/და გაზეთის ფართობის ღირებულება განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად;
2. საარჩევნო სუბიექტებმა, მაუწყებლებმა და გაზეთებმა ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ანგარიშსწორების განხორციელებიდან არა უგვიანეს 24 საათისა.


სანქცია მაუწყებლებისათვის:

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 6 აგვისტოს N137/37 ბრძანებით განსაზღვრული წესების დარღვევისათვის მაუწყებელს პასუხისმგებლობა (კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს დადგენილების მიხედვით) ეკისრება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მითითებული კანონით კი სანქციად გათვალისწინებულია გაფრთხილება, ჯარიმა, ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ან ლიცენზიის მოქმედების გაუქმება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის პოლიტიკურ სუბიექტის სარეკლამო მომსახურების თაობაზე ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ეკისრება ყველა გაზეთსა და მედიასაშუალებას ;

სანქცია გაზეთებისათვის:


მნიშვნელოვანია, რომ ზემოაღნიშნული ბრძანების მიღების საფუძვლად მითითებულია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 322 მუხლის, 341 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით აუდიტის სამსახურისათვის მინიჭებული უფლებამოსილება - უზრუნველყოს პარტიის დაფინანსების გამჭვირვალობა;
აღნიშნული საფუძველი გვაფიქრებინებს, რომ გაზეთების მიერ ანგარიშსწორების შემდეგ 24 საათში ვალდებულებების შეუსრულებლობისას სანქცირება მოხდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 342 მე-5 პუნქტის თანახმად: „სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით.(22.06.2012 N 6551 ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან)“


4. წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს დაქვემდებარებული პირები


საქართველოს საარჩევნო კოდექსისა და კომისიის #9 დადგენილების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონიტორინგს ექვემდებარებაა:

 საზოგადოებრივი მაუწყებელი;
 სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი;
 საერთო მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირი;
 საერთო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი;
 სპეციალიზებული მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო მაუწყებლობის იმ ლიცენზიის მფლობელი ან ავტორიზებულ პირი, რომელიც საკუთარ ეთერში განათავსებს წინასაარჩევნო რეკლამას;
 გაზეთები, რომლებიც ფინანსდებიან ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან.


5. მონიტორინგის დადგენილი რეგულაციები ვრცელდება:


 წინასაარჩევნო რეკლამაზე;
 წინასაარჩევნო დებატებზე;
 ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებზე;
 წინასაარჩევნო აგიტაციაზე;

მათ შორისაა:
 ახალი ამბები;
 საუკეთესო დროს (19.00 საათიდან 24.00 საათამდე) გადაცემული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და წინასაარჩევნო დებატები;
 წინასაარჩევნო აგიტაცია და წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამა;

6. გაშუქების პრინციპები


წინასაარჩევნო პერიოდში მონიტორინგის სუბიექტებს ევალებათ:


1. არჩევნების მიუკერძოებლად და სამართლიანად გაშუქება;
2. წინასაარჩევნო რეკლამის სამართლიანი და გამჭვირვალე განაწილება;
3. წინასაარჩევნო დებატების არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით გადაცემა.


6.1. არჩევნების მიუკერძოებლად და სამართლიანად გაშუქება;


მიუკერძოებლობა და სამართლიანობა ჟურნალისტური საქმიანობის ეთიკური სტანდარტია და რეგულირდება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის # 2 დადგენილებით დამტკიცებული აქტით „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“
მაუწყებელმა საარჩევნო საკითხების გაშუქებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს აღნიშნული აქტის 24-ე მუხლით შემოთავაზებულ წესებს.

6.2. წინასაარჩევნო რეკლამის სამართლიანი და გამჭვირვალე განაწილება;


აღნიშნული მითითების დასაცავად, მედიას კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს დადგენილებით (მუხლი 4). დაევალა წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველი კვირის პარასკევ დღეს, კომისიის მიერ დადგენილი ფორმით მიაწოდონ შემდეგი ინფორმაცია:
 მომდევნო კვირის ორშაბათიდან (თარიღი) ორშაბათამდე (თარიღი) ერთი კვირის პერიოდისთვის წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამისთვის გამოყოფილი საეთერო დრო;
 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი საეთერო დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი;
 საეთერო დროის ტარიფი;
 წინა კვირის პარასკევიდან (თარიღი) პარასკევამდე (თარიღი) განმავლობაში გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაცია;
 წინა კვირის პარასკევიდან (თარიღი) პარასკევამდე (თარიღი) სამაუწყებლო ბადის ჩანაწერი უწყვეტი ქრონომეტრაჟით;

ამავე მუხლის შემდეგი პუნქტებით დადგინდა დამატებითი წესები, რომლიც დაცვაც ევალება მაუწყებელს:


 ფასიანი დროის პროცენტულობა - მაუწყებლის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არც ერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი;
 არადისკრიმინაციული მიდგომა - ფასიანი წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის (როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური სუბიექტებისათვის) ერთნაირი უნდა იყოს;
 ვებ გვერდზე ინფორმაციის განთავსება - მაუწყებელმა საკუთარ ვებგვერდზე უნდა გამოაქვეყნოს წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამის განაწილების წესები, აგრეთვე წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამის ეთერში გაშვების პირობები და სხვა შესაბამისი ინფორმაცია;
 წინასაარჩევნო რეკლამის მიღების ვალდებულება -"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის მიერ, რომელიც არ არის საარჩევნო სუბიექტი, მაუწყებლის ეთერში წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამისა და წინასაარჩევნო აგიტაციის განთავსება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამისათვის და წინასაარჩევნო აგიტაციისთვის გამოყოფილი საეთერო დროის ფარგლებში, წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამისა და წინასაარჩევნო აგიტაციისთვის დადგენილი ტარიფებით; ამ შემთხვევაში მაუწყებელი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საეთერო დროის გამოყოფის ან გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ;
 ანგარიშსწორება - ფასიანი წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამის განთავსების მიზნით გამოყოფილ საეთერო დროზე ანგარიშსწორებისას მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 6 აგვისტოს N137/37 ბრძანებით განსაზღვრული წესები;
 კვალიფიციური სუბიექტისათვის დროის უფასო დროის გამოყოფა - საერთო მაუწყებელი, აგრეთვე სპეციალიზებული მაუწყებელი, რომელიც საკუთარ ეთერში განათავსებს წინასაარჩევნო (პოლიტიკურ) რეკლამას, ვალდებულნი არიან, უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად გამოყონ დრო ყოველ 3 საათში 90 წამის ოდენობით თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისათვის;
 გამოუყენებელი დროის განკარგვა - გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება სხვა კუთვნილი დროისათვის დაუშვებელია;
 საზოგადოებრივი და სათემო მაუწყებლის ვალდებულება - საზოგადოებრივი მაუწყებელი, აგრეთვე სათემო მაუწყებელი, რომელიც საკუთარ ეთერში განათავსებს წინასაარჩევნო (პოლიტიკურ) რეკლამას, ვალდებულნი არიან, საკუთარ ეთერში უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსონ წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამა ყოველ საათში 60 წამის ოდენობით თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისათვის. გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება სხვა კუთვნილი დროისათვის დაუშვებელია;
 საარჩევნო ბლოკისათვის დროის გამოთვლის წესი - საარჩევნო ბლოკისთვის გამოყოფილი ფასიანი/უფასო სარეკლამო დროის ხანგრძლივობის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება მასში გაერთიანებული პარტიების ოდენობა; საარჩევნო ბლოკისათვის გამოყოფილი ფასიანი/უფასო სარეკლამო დრო მასში გაერთიანებული პარტიების ოდენობის მიხედვით არ ჯამდება და უტოლდება არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიისათვის გამოყოფილი ფასიანი/უფასო სარეკლამო დროის ხანგრძლივობას;
 გაერთიანებამდე გამოყენებული დრო - თუ პარტიებმა, რომლებიც გაერთიანდნენ საარჩევნო ბლოკში, გაერთიანებამდე გამოიყენეს უფასო სარეკლამო დრო, მათ მიერ გამოყენებული უფასო სარეკლამო დრო (გარდა ბლოკის პირველი ნომერი პარტიის უფასო სარეკლამო დროის ხანგრძლივობისა) უნდა გამოაკლდეს ბლოკისთვის, როგორც საარჩევნო სუბიექტისთვის, ბლოკის შექმნის შემდეგ გამოსაყოფი უფასო სარეკლამო დროის ხანგრძლივობას, კერძოდ პარტიების მიერ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებამდე გამოყენებული უფასო სარეკლამო დრო წინასაარჩევნო კამპანიის დარჩენილი დროის განმავლობაში ყოველდღიურად პროპორციულად გამოაკლდება საარჩევნო ბლოკისათვის გამოყოფილი უფასო სარეკლამო დროის ხანგრძლივობას;
 წარწერები პოლიტიკური რეკლამისათვის - წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა, ხოლო რადიომაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამის განთავსებისას წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამის დასაწყისში უნდა გაჟღერდეს: „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“, ხოლო წინასაარჩევნო აგიტაციის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში განთავსდება წარწერა (რადიომაუწყებლის მიერ გაჟღერდება) "ფასიანი პოლიტიკური რეკლამა";
 დროის ლიმიტის სავალდებულოდ დაცვა - მაუწყებელი ვალდებულია კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე არ დაუშვას წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამისა და წინასაარჩევნო აგიტაციის განთავსება სხვა დროს, გარდა ამ მიზნით გამოყოფილი დროის შუალედისა;
 დებატების შეწყვეტის წესი - მაუწყებელს ეკრძალება იმ წინასაარჩევნო დებატების პროგრამის რეკლამით ან ტელეშოპინგით შეწყვეტა, რომლის ხანგრძლივობა 15 წუთზე ნაკლებია; იმ შემთხვევაში, თუ წინასაარჩევნო დებატების პროგრამის ხანგრძლივობა 15 წუთზე მეტია, წინასაარჩევნო დებატების პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა უმეტეს 300 წამით;
 კენჭისყრის დღისათვის დადგენილი აკრძალვა - კენჭისყრის დღეს აკრძალულია წინასაარჩევნო (პოლიტიკური) ფასიანი ან/და უფასო რეკლამის, წინასაარჩევნო აგიტაციის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში;
 პასუხისმგებლობა წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსზე - მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამისა და წინასაარჩევნო აგიტაციის შინაარსზე. წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამის/წინასაარჩევნო აგიტაციის შინაარსზე პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება შესაბამისი რეკლამის/აგიტაციის დამკვეთს;
 სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის გადანაწილება - თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა არ გამოიყენა მისი წილი საეთერო დრო, მაუწყებელს უფლება აქვთ, ეს დრო თანაბრად გადაუნაწილოს დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს.
 კვალიფიციურ სუბიექტად აღიარება - მაუწყებელის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, ამავე პუნქტებით გათვალისწინებული სუბიექტების კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიარების შემთხვევაში, მაუწყებელი ვალდებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წარმოუდგინოს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიარების თაობაზე შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია აღიარებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში.

6.3. წინასაარჩევნო დებატების არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით გადაცემა:


„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებით, საერთო მაუწყებლები (რომელიც გადაწყვეტს საკუთარ ეთერში გააშუქოს საარჩევნო კამპანია) ასევე საზოგადოებრივი მაუწყებელი, ვალდებული არიან საკუთარ ეთერში გადასცენ წინასაარჩევნო დებატები. 

ზემოჩამოთვლილი სუბიექტების ვალდებულებები საეთერო დროის თანაბრად განაწილების, დებატებში მონაწილეობისას ერთნაირი პირობების შექმნისა და საარჩევნო რეკლამისათვის თანაბარი პირობების დადგენის შესახებ ვრცელდება მხოლოდ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებით.

წინასაარჩევნო პერიოდში საერთო მაუწყებელი ვალდებულია გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს და არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.

წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას საუკეთესო დროს გადასცეს წინასაარჩევნო დებატები და არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში;

დამატებითი რეგულაციები:


დამატებითი, სარეკომენდაციო ხასიათის რეგულაციები დადგენილია მაუწყებელთა ქცევის კოდექსში. მაუწყებელმა ზუსტი, მიუკერძოებული და სამართლიანი არჩევნების გაშუქება, წინასაარჩევნო რეკლამის სამართლიანი და გამჭირვალე განაწილება, აგრეთვე აქტუალური საზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხების გაშუქება, უნდა უზრუნველყოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსისა და ამ კოდექსის შესაბამისად.

 მაუწყებელთა ქცევის კოდექსის თანახმად, კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ახორციელებს საერთო მაუწყებლობას და აშუქებს არჩევნებს ვალდებულია, კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებსა და მათ კანდიდატებს თანაბარად დაუთმოს საეთერო დრო ისე, რომ მათ შეძლონ ამომრჩევლის ინფორმირება საკუთარი პოლიტიკური პროგრამის, პოზიციების და კვალიფიციურობის შესახებ;

 საარჩევნო კამპანიის დროს მაუწყებელი უნდა უზრუნველყოფდეს, არა მხოლოდ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის კანონით გარანტირებული უფლებების რეალიზაციას, არამედ ასევე უნდა აშუქებდეს იმ პოლიტიკური პარტიების საქმიანობასაც, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნებში, უნდა აძლევდეს მათ შესაძლებლობას, გააკეთონ კომენტარი;
 მაუწყებელს ეკრძალება, პოლიტიკოსს მისცეს დაპირება გაშუქების შინაარსთან დაკავშირებით;
 საარჩევნო პერიოდში კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის იმ პროგრამებში მონაწილეობა, რომლებიც არ არის პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება პროგრამაში მონაწილოების შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე. კანდიდატს არ უნდა მიეცეს საშუალება გამოთქვას პოლიტიკური მოსაზრებები ან სხვა გზით მოახდინოს საკუთარი კანდიდატურის რეკლამირება;
 მაუწყებელი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს წინასაარჩევნო რეკლამის განაწილების წესები, აგრეთვე წინასაარჩევნო რეკლამის ეთერში გაშვების პირობები, ტექნიკური სტანდარტები და სხვა შესაბამისი ინფორმაცია;
 არჩევნების დღეს, კენჭისყრის დასრულებამდე არჩევნების გაშუქება უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებების გაშუქებით, რათა საარჩევნო უბნების დახურვამდე ეთერში გასულმა ინფორმაციამ ზეგავლენა არ მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. მაუწყებელი ვალდებულია აუდიტორიას მიაწოდოს ინფორმაცია და კომენტარი ყველა იმ ფაქტის შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს არჩევნების თავისუფალ და სამართლიან ჩატარებაზე;
 პლებისციტისა და რეფერენდუმის დროს, მაუწყებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს ამ კოდექსით განსაზღვრული პრინციპებით;

რაც შეეხება უშუალოდ სახელმძღვანელო რეკომენდაციებს პოლიტიკისა და არჩევნების გაშუქებისათვის, მდგომარეობს შემდეგში:


 არჩევნების სამართლიანი და მიუკერძოებელი გაშუქების უზრუნველსაყოფად მაუწყებელმა საარჩევნო კამპანიის განმავლობაში კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს უნდა მისცეს ყოველდღიურ ახალ ამბებში მნიშვნელოვან საკითხებზე კომენტარის გაკეთების საშუალება;
 ყოველკვირეული პროგრამები ან ყოველდღიურ პროგრამათა სერია, რომელიც ძირითად აქცენტს აკეთებს რომელიმე ერთ პარტიაზე, უნდა იძლეოდეს მომდევნო და გასული პროგრამების მოკლე ანოტაციას, რათა აუდიტორიისთვის აშკარა გახდეს, რომ ბალანსი მიიღწევა გარკვეული დროის მანძილზე. ასეთ პროგრამებში ბალანსი მიღწეულ უნდა იქნას მთელი კამპანიის მანძილზე;
 კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო აქტივობა უნდა გაშუქდეს საფუძვლიანად და დაბალანსებულად ყოველდღიურ ახალ ამბებში და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში;
 მაუწყებელი უნდა შეეცადოს კანდიდატების ან პოლიტიკური პარტიების შეხედულებები გააშუქოს მათი საკუთარი სიტყვებით და არა მესამე პირთაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით;
 წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა გააშუქოს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების პროგრამები და არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ მიმდინარე მოვლენების და პოლიტიკური პარტიების ან მათი კანდიდატების განცხადებების გაშუქებით;
 თუ ერთი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი ან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი სხვა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის ან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიმართ გამოთქვამს ბრალდებას, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მეორე მხარის შეპასუხების უფლება;
 საარჩევნო კამპანიის დროს, თუ პროგრამაში შუქდება ერთი რომელიმე საარჩევნო ოლქის შესახებ ინფორმაცი