სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

"საარჩევნო ბლოკები- საფრთხე თუ შესაძლებლობა ?"

2017-04-07 12:29
Featured image

საარჩევნო ბლოკები ეს არის შესაძლებლობა პოლიტიკური პარტიებისთვის, რათა მათ არჩევნებში კოალიციურად, სხვა პარტიებთან თანამშრომლობით მიიღონ მონაწილეობა. ამ მონაწილეობით მოიზიდონ მეტი ფინანსური და მატერიალური რესურსი, ვიდრე არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შემთხვევაში ექნებოდათ, გაუზიარონ  საკუთარი იდეები უფრო მეტ ადამიანს და შესაბამისად მიიღონ იმაზე მეტი ხმა, ვიდრე ისინი ამის გაკეთებას დამოუკიდებლად შეძლებდნენ.  

ხელისუფლება საარჩევნო ბლოკების გაუქმებას გეგმავს. არგუმენტი პოლიტიკური პარტიების გაძლიერებაა.

კითხვა, რომელიც ამ შემთხვევაში ისმის, მდგომარეობს შემდეგში:  ხელისუფლების ინიციატივა რეალურად პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას ემსახურება თუ ეს არის ხელისუფლების მიერ პარტიების საქმიანობის შეზღუდვა - აუკრძალოს პარტიებს სხვა პარტიებთან გაერთიანება, თანამშრომლობა, იმაზე ძლიერად ყოფნა წინასაარჩევნო პერიოდში, ვიდრე მათ მარტო, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შემთხვევაში ექნებოდათ?

არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ხელისუფლებაში მყოფი, საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე მმართველი პარტია 2012 წელს სწორედ კოალიციურ რეჟიმში, საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მყოფი მოვიდა ხელისუფლებაში. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მაშინ ოპოზიციაში მყოფმა მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საკუთარი ქოლგის ქვეშ კიდევ 5 პოლიტიკური პარტია გააერთიანა და მაშინდელ მმართველ ძალას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საპარლამენტო არჩევნებში მოუგო.

რომ არა საარჩევნო ბლოკის ფორმატი,  „ქართულ ოცნებას“ და მასთან ერთად კოალიციაში მყოფ პარტიებს ხელისუფლებაში მოსვლა ცალ-ცალკე გაუჭირდებოდათ. ალბათობა იმისა, რომ ეს პარტიები დამოუკიდებლად გადალახავდნენ კანონით დაწესებულ 5%-იან ბარიერს,  ძალიან დაბალი იყო.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოში ხელისუფლება არჩევნების გზით სამჯერ შეიცვალა (1990, 2003 და 2012) და სამი შემთხვევაში მმართველი პოლიტიკური ძალა საარჩევნო ბლოკის მეშვეობით მოვიდა ხელისუფლებაში.

ამიტომ ვფიქრობ, რომ საარჩევნო ბლოკების არსებობა, პირიქით, აუცილებელია იმისათვის, რომ პარტიები გაძლიერდნენ, იყვნენ კონკურენტუნარიანნი და სხვა პარტიებთან თანამშრომლობით შეძლონ მეტი ხმის მოპოვება არჩევნებზე და მოსვლა ხელისუფლებაში.

საარჩევნო ბლოკების გაუქმებაზე დამატებითი არგუმენტებიც ისმის. მაგალითად, არგუმენტი იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური პარტიები საარჩევნო ბლოკების შექმნით ახერხებენ კანონით მანიპულირებას და შედეგად იმაზე მეტი პრივილეგიის, დაფინანსების მოპოვებას, ვიდრე ეს მათ რეალურად ეკუთვნით. უნდა ითქვას, რომ ეს არგუმენტი სიმართლესთან ახლოსაა. დიახ, ასეც ხდება, რომ პოლიტიკური პარტია, რომელიც საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობს არჩევნებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად დადგენილ 3%-იან ბარიერს ვერ ლახავს, სამაგიეროდ იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 300 000 ათას ლარს და 1 წევრის ყოლის უფლებას ყველა დონის საარჩევნო კომისიაში. ისეც ხდება, რომ ძლიერი პოლიტიკური პარტია, ისეთ პარტიას შეიყვანს საარჩევნო ბლოკში, რომლის არსებობა  ძალიან ბევრმა ამომრჩეველმა არც კი იცის.რეალურად ძლიერ პარტიას საკუთარი სახელის ქვეშ გაჰყავს ბევრისთვის უცნობი პარტია არჩევნებზე, უყოფს მას დაფინანსებას და აძლიერებს.  თავის მხრივ, ბევრისთვის უცნობი პარტია მოიპოვებს რა მაგალითად საარჩევნო კომისიაში 1 წევრის ყოლის უფლებას აძლევს ამ კომისიის წევრს ძლიერ პოლიტიკურ პარტიას და რეალურად ამით ეხმარება, აძლიერებს მას. შედეგად, პარტია საარჩევნო კომისიაში იღებს იმაზე მეტი წევრის ყოლის უფლებას, ვიდრე ის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შემთხვევაში მიიღებდა. ამომრჩეველს კი უწევს საკუთარი გადასახადების ხარჯზე დააფინანსოს ბევრისთვის უცნობი პარტიები.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემები რეალური პრობლემებია, საარჩევნო ბლოკები საჭიროა. საჭიროა უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური პარტიების გაძლიერებისთვის, პოლიტიკური პლურალიზმისა და დემოკრატიული პროცესებისთვის, იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტში ისმოდეს მეტი კრიტიკული აზრი, ხდებოდეს ეფექტური კონტროლი მთავრობის საქმიანობაზე.

ხშირად ამბობენ, რომ საქართველოში 200-ზე მეტი პარტიაა ოფიციალურად რეგისტრირებული და ეს არ არის ნორმალური პროცესი. ამდენი პარტიიდან, 2016 წლის არჩევნებზე მხოლოდ რამდენიმე ათეულმა მიიღო მონაწილეობა და 5%-იანი ბარიერის გადალახვა მხოლოდ სამმა პოლიტიკურმა ძალამ შეძლო. მათ შორის ორმა არჩევნებში მონაწილეობა საარჩევნო ბლოკის სახით მიიღო. ბლოკები რომ აუცილებელია, ეს დადასტურდა 2012 წლის საპარლამენტო  არჩევნებზეც, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრე. და ძალიან მნიშვნელოვანი: გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღეს მმართველ პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა (115 მანდატი) აქვს მოპოვებული. ნაცვლად ერთპარტიული სისტემისა, მნიშვნელოვანია, არსებობდეს მეტი კრიტიკული აზრი და მეტი პარტია პარლამენტში.

და თუ პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ პოლიტიკური პარტიები კანონით მანიპულაციას ახდენენ და ამიტომ საარჩევნო ბლოკები უნდა გავაუქმოთ, არ იქნება სწორი ამ გზით პრობლემის მოგვარება.  

რაშია გამოსავალი? ქართული დემოკრატიის მდგომარეობის გათვალისწინებით, გამოსავალი არა საარჩევნო ბლოკების გაუქმება, არამედ მათი შენარჩუნებაა. კანონის ჩანაწერების გასწორებაა, ბუნდოვანი რეგულაციების ამორიცხვაა, რომ პარტიებმა საარჩევნო ბლოკების მეშვეობით ვერ შეძლონ იმაზე მეტი დაფინანსებისა და შეღავათების მიღება, ვიდრე ეს მათ ამომრჩეველმა მიაკუთვნა და ამ გზით ვერ შეძლონ ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა.

ვის შეიძლება აწყობდეს საარჩევნო ბლოკების გაუქმება? ალბათ ხელისუფლებას, რომელსაც არ სურს იხილოს პოლიტიკური ძალების გაერთიანება მის კონკურენტად. 

რა შეიძლება იყოს ამომრჩევლის ინტერესში? ამომრჩევლის ინტერესში შეიძლება იყოს ქმედითი ხელისუფლება, რომელიც ამომრჩევლის ინტერესებით მოქმედებს და ძლიერი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ხელისუფლების საქმიანობას აკონტროლებენ.

ამიტომ, ნუ გავაუქმებთ საარჩევნო ბლოკებს, ნუ ჩავახშობთ მეტ კონსოლიდირებულ კრიტიკულ აზრს, დავტოვოთ ბლოკები და შევცვალოთ კანონი ისე, რომ არც ხელისუფლებას და არც არასახელისუფლებო პარტიებს ამომრჩეველი შეცდომაში არ შეყავდეთ.

 

 

ლელა ტალიური საიას იურისტი

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას