სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების მონიტორინგის წინასწარი შედეგები

2012-09-30 16:26
Featured image

30 სექტემბერს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების მონიტორინგის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნეს. „საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების მონიტორინგი“ ორგანიზაციების ერთობლივი პროექტია, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობების შესწავლის მიზნით საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში ხორციელდება.


აღნიშნული პროექტის მიზანია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შესწავლა და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი რეკომენდაციების მიწოდება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების უკეთესი პრაქტიკის დამკვიდრებისა და მათდამი ნდობის ამაღლებისათვის. პროექტის ფარგლებში ჩატარდა საუბნო საარჩევნო კომისიების სტატისტიკური კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით შემთხვევითი და რეპრეზენტატული სტატისტიკური შერჩევით გამოვლენილ 396 საარჩევნო უბანზე.


ორგანიზაციების მონაცემებით, საუბნო საარჩევნო კომისიებში პირველი სხდომები დროულად ჩატარდა, ასევე დროულად მოხდა კომისიის თავმჯდომარეების, მოადგილეებისა და მდივნების არჩევა. საუბნო კომისიების უმეტესობაში დაცული იყო საარჩევნო სიების გამოკვრის (96,7%) და სიებთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის წესის (79,7%) გამოკვრის ვალდებულება.

კვლევის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა 64,3%-ს ქალები, ხოლო 35,7%-ს მამაკაცები შეადგენენ. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კვალიფიკაციისა და გამოცდილების კვლევისას გამოვლინდა, რომ კომისიებში საოლქო კომისიების ქვოტით არჩეული წევრებიდან მხოლოდ 17,4% ფლობს საარჩევნო მოხელის სერტიფიკატს, თუმცა საუბნო საარჩევნო კომისიების 47,5%-ში არის სეტიფიკატის მქონე ერთი წევრი მაინც. კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ შესწავლილი საუბნო საარჩევნო კომისიების 4159 წევრიდან 83,3%-ს აქვს არჩევნებთან დაკავშირებული გამოცდილება.

 


„სამართლიანმა არჩევნებმა“ და „საიამ“ გამოიკვლიეს საუბნო საარჩევნო კომისიებში მდივნების გადანაწილება პარტიების მიხედვით. 382 საუბნო კომისიის კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ კომისიებში მდივნების პოზიციაზე ძირითადად ევროპელი დემოკრატების, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისა და ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიის მიერ დანიშნული წევრები არიან არჩეული:

„ევროპელი დემოკრატები“ – 35,9%
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – 25,7%
ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია - 18,6%
მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - 6,5%
კონსერვატიული პარტია - 5,5%
ლეიბორისტული პარტია - 1,3%

სხვა ინფორმაციასთან ერთად, ორგანიზაციებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 12,6%-ში წევრებს შორის სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტის 52 ფაქტი გამოავლინეს. ამ ფაქტებს შორისაა ნათესაური კავშირისა და მუდმივ სამუშაო ადგილზე პირდაპირი და ირიბი სამსახურებრივი დაქვემდებარების ფაქტები.


მონიტორინგის შედეგად ასევე გამოვლინდა 75 პირი, რომელთაც 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დაკისრებული ჰქონდათ დისციპლინარული პასუხისმგებლობა და 2012 წლის არჩევნებზე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კვლავ არჩეულ იქნენ საუბნო კომისიების შემადგენლობაში. მათგან, ყველაზე მეტი, 33 პირი აირჩა ხობის საარჩევნო ოლქში. ქუთაისის ოლქში კი საარჩევნო ადმინისტრაციაში დაინიშნა პასუხისმგებლობა-დაკისრებული 16 პირი.


ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ეს მონაცემები წინასწარ შედეგებს წარმოადგენს, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების მონიტორინგის ვრცელ და დეტალურ ანალიზს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პროექტის საბოლოო ანგარიშში 2012 წლის ოქტომბრის ბოლოს შეიტანენ.
პროექტის ფარგლებში ორგანიზაციები არჩევნების დღეს და მის შემდგომ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა მიერ ეთიკის კოდექსის შესრულების, ასევე საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევებისა და შესაბამისი პასუხისმგებლობების დაკისრების მონიტორინგს განახორციელებენ.


საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების მონიტორინგის პროექტი დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით.


იხილეთ თანდართული დოკუმენტი