სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

რომელი საათია?! - რამდენიმე საკითხი სასამართლო სხდომების დაგვიანებასთან დაკავშირებით

2023-05-11 17:24
Featured image

ადამიანებს ყოველთვის გვაქვს რაღაცის ან ვიღაცის იმედი განსაცდელში. იმედი სამართლიანობის, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს იმედი. თუმცა არსებობ სთითქოს ერთი შეხედვით პატარა დეტალები, რომლებიც აკრთობენ ამ იმედს. ასეთი ერთ-ერთი „პატარა“ დეტალია სასამართლო პროცესების დაგვიანებით დაწყება, რაც ჩრდილს აყენებს სასამართლოს, აფერხებს სასამართლო პროცესების გამართულ ფუნქციონირებას.

ყოველდღიურად სასამართლოს დერეფანი სავსეა ხალხით,  უმეტესობა ადგილს ვერ პოულობს ზოგი ნერვიულობის, ზოგი კიდევ არასაკმარისი ადგილების გამო. დერეფნებში მდგომი ხალხი გაფაციცებით იყურება აქეთ-იქით, ხშირად ამოწმებს საათს. ჩანიშნული სასამართლო პროცესების დროის დიდი ხნით გადაცდენის შემდეგ იწყებენ დერეფანში დაუსრულებელ მოძრაობას, ინაცვლებენ საინფორმაციო მონიტორისკენ, რომელზეც გამოსახული პროცესის დაწყების დრო ძალიან განსხვავდება რეალობისგან, დაახლოებით ისე, თვითმფრინავი რომ იგვიანებს, თუმცა, ტაბლოზე ინფორმაცია არ იცვლება. ჩემი დაკვირვებით, თითქოს ნორმად იქცა პროცესამდე ლოდინი. დაგვიანების ხანგრძლივობა 5 წუთიდან 45 წუთამდე მერყეობდა. კითხვაზე, თუ ვინ იგვიანებს? პასუხი ყოველთვის ერთი არ არის.  ერთ შემთხვევაში, დარბაზი სავსეა დამსწრეებით, ადგილზეა ბრალდების მხარე, დაცვის მხარე, ბრალდებული, სხდომის მდივანი, თუმცა მოსამართლე არ ჩანს. სხვა შემთხვევაში მოცემულობა ოდნავ იცვლება და დაცვის მხარეს ელოდება სასამართლო. ზოგჯერ არც ბრალდების მხარე გამოირჩევა პუნქტუალურობით და პროკურორი აგვიანებს სასამართლო სხდომაზე. მიზეზი  სხვადასხვაგვარია: სხვა პროცესზე ყოფნა, კანცელარიაში რიგი, საცობები ქუჩებში და სხვა.

სხდომების გადადებისა და გაჭიანურების პრობლემა ახალი არ არის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისთვის. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არაერთ ანგარიშში ამახვილებდა ყურადღებას ამ საკითხზე, თუმცა წლიდან წლამდე მდგომარეობა არ უმჯობესდება. მაგალითისთვის, 2022 წლის ანგარიშში ორგანიზაციის დაკვირვებით 851 არსებითი განხილვის სხდომიდან 49%  დაგვიანებით დაიწყო. დაგვიანების მიზეზებს შორის ჭარბობდა სხვა პროცესის გაგრძელება იმავე სხდომის დარბაზში (24%),  ასევე მოსამართლის (21%) ან მხარეთა დაგვიანება (11%). ხშირი იყო პენიტენციური სამსახურის დაგვიანების შემთხვევებიც (10%). 17% შემთხვევაში კი უცნობი დარჩა სხდომის დაგვიანებით დაწყების მიზეზი, რაც, სავარაუდოდ, დისტანციური ჩართვების დროს ტექნიკური დეტალების გაუმართაობას უკავშირდებოდა.[1]

და მაინც რა შედეგამდე მივყავართ დაგვიანებით დაწყებულ პროცესს? ხშირ შემთხვევაში ერთი პროცესის დაგვიანებით დაწყება სამართალწარმოების მთელ ჯაჭვზე მოქმედებს. დაგვიანების გამო ერთი სხდომა ემთხვევა მეორე სხდომას, მაგალითად თორმეტ საათზე ჩანიშნული პროცესი პირველ საათზე იწყება, მაშინ როცა მოსამართლეს პირველზეც ჩანიშნული აქვს პროცესი. ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთსა და იმავე მოსამართლეს ორი პროცესი ერთსა და იმავე დროსა და თარიღზე აქვს ჩანიშნული. ლოგიკურია, რომ ამის გამო, რომელიმეს დაგვიანებით დაწყება მოუწევს ან გადადება, რაც თავისთავად აჭიანურებს სასამართლო პროცესს.

განსაკუთრებით საყურადღებოა დაზარალებულის მდგომარეობაც, რომელსაც უწევს სასამართლო პროცესზე გამოცხადება, დაგვიანებულ წუთებთან ერთად შესაძლოა ბზარი გაუჩნდეს მის რწმენას, სწრაფი და ეფექტიანი სამართალწარმოების შესახებ. შესაძლოა, იფიქროს კიდეც, რომ მისი დარღვეული უფლება ისევე უგულვებელყოფილი იქნება, როგორც ამ პროცესის დროული დაწყება. ამგვარი დამოკიდებულება კი სასამართლოს მიმართ საზოგადოების უნდობლობას იწვევს.

ასევე, მნიშვნელოვანია ამ პროცესს შევხედოთ სასამართლო პროცესზე დამსწრეების პერსპექტივიდანაც. ყველა მათგანს დასწრებისთვის სხვადასხვა მიზეზი აქვთ, თუმცა საბოლოოდ ყველა ერთ შედეგამდე მიდის, დაგვიანებით დაწყებული პროცესი თავისთავად ცვლის მათი დღისგეგმებს, იწვევს გაუთვალისწინებელ პრობლემებს.

თუმცა, ვფიქრობ, პროცესების დაგვიანებით სისხლის სამართალწარმოებაში ყველაზე მეტად  პატიმარი ბრალდებულის უფლებები იზღუდება. როგორც წესი, ბრალდებულები (პატიმარი ბრალდებულები) რამდენიმე საათით ადრე მოჰყავთ პენიტენციური დაწესებულებებიდან სასამართლოში, სადაც უწევთ განუსაზღვრელი დროით ლოდინი, ზოგჯერ ბრალდებულები თავს შეუძლოდაც გრძნობენ და უნდათ, რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ საკუთარ საკანში (მონიტორინგის პერიოდში მქონდა მსგავსი შემთხვევა). მდგომარეობა, რომელშიც  ბრალდებულითავს ცუდად გრძნობს, უწევს ლოდინი რამდენიმე საათით, ამავდროულად არ აქვს საშუალება, მიიღოს საკვები, შეგვიძლია ჩავთვალოთ ბრალდებულის უფლების შემზღუდავად. დაგვიანებით დაწყებული პროცესი ხელს უშლის სწრაფ სამართალწარმოებას. ასევე, რიგ შემთხვევაში, მაგალითად, გამამართლებელი გადაწყვეტილების შემთხვევაში, რომ არა ლოდინი დადაგვიანებული, გადადებული ან გაწელილი სასამართლო პროცესი, ბრალდებული შეძლებდა თავისუფლების მოპოვებას რამდენიმე საათით, ზოგჯერ დღით, ადრე. თავისუფლებისთვის ყოველი წუთი მნიშვნელოვანია.

ამრიგად, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველი პატარა დეტალი დიდ პრობლემებს იწვევს. პრობლემა, რომელიც ყველა სასამართლოში მისული პირისთვის ისევე თვალში მოსახვედრია, როგორც ჩემთვის, სასამართლო სხდომაზე დამკვირვებელი ნეიტრალური პირისთვის. სასამართლო მენეჯმენტი პროცესების დროულად ჩატარების კუთხით, დასახვეწია. პროცესის დაგვიანებისა და გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, სასამართლომ სიღრმისეულად უნდა გამოიკვლიოს მხარის დაგვიანებისა თუ გამოუცხადებლობის საფუძვლები და არა საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სანქციები.

რაც თავისთავად გაზრდის სასამართლოს სანდოობას.  სახეზე გვაქვს უამრავი დაგვიანებით დაწყებული სასამართლო პროცესი, ფუჭად დაკარგული დრო, შელახული უფლებები  და სხდომის მდივნისგან  ყოველ ათ წუთში დამაიმედებელი სიტყვები რომ სხდომა მალე  დაიწყება, მოსამართლე მოვა. შესამჩნევია ისიც, რომ სასამართლო გადატვირთულია, საპროცესო ვადების დაცვასაც შესაბამისად ცდილობენ, თუმცა, სასამართლოს „არაპუნქტუალურობამ“  ზოგჯერ შესაძლოა დაარღვიოს პირთა უფლება სამართლიან სასამართლოზე.

 

 

 

​ავტორი: მარიამ ლილუაშვილი

Ბლოგი მომზადებულია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "სისტემური და მოთხოვნაზე ორიენტირებული სასამართლო მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში. შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას და დონორი ორგანიზაციის პოზიციას.


[1] სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის N16 ანგარიში, 2022,  გვ.53, ხელმისაწვდომია: http://bitly.ws/DjU8.