12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის[1] კოალიციამ, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (ყოფილი ღია საზოგადოების ფონდის) ლიდერობით, მოამზადა პირველი შუალედური ანგარიში – სტატუსმეტრი, რომელიც აფასებს, თუ რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ 2023 წლის ნოემბრიდან დღემდე ევროკავშირის მიერ გაწევრების მოლაპარაკების დასაწყებად მიცემული 9 ნაბიჯის შესასრულებლად.
სტატუსმეტრის პრეზენტაცია გახსნა პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. ღონისძიებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, პოლიტიკური ჯგუფების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგნელების შეფასებით, ბოლო ხუთი თვის მანძილზე, ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა სერიოზული ქმედებები 9 ნაბიჯის შესასრულებლად: 7 ნაბიჯი ჯერ კიდევ შესასრულებელია; უმნიშვნელო პროგრესია მეორე (ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის გაუმჯობესება) და მეშვიდე (ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა) ნაბიჯების თვალსაზრისით. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია პოლიტიკური ნება 9 ნაბიჯის შესასრულებლად, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსული კანონის მიღების მცდელობა, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას უხერგავს.
ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი მრავალგანზომილებიანია და მათი შესრულება კომპლექსურ მიდგომებს მოითხოვს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ამ პროცესის მონიტორინგს გააგრძელებენ, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, ყველა დაინტერესებულ მხარეს წარუდგენენ შეფასებას არსებული მდგომარეობის შესახებ და შეეცდებიან, ხელი შეუწყონ როგორც ხელისუფლების ანგარიშვალდებულების, ისე რეფორმების პროცესის გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის გაზრდას. ამავდროულად, კოალიცია მზადაა ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის სამუშაო ფორმატებში სისტემური და ფუნდამენტური რეფორმების ხელშესაწყობად.
გაეცანით, შესრულების მდგომარეობა 2023 წლის 8 ნოემბრიდან 2024 წლის 31 მარტის ჩათვლით: 9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ
9 ნაბიჯის შესაბამის თემატურ მიმართულებებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები:
დეზინფორმაციასთან ბრძოლა:
ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის გაუმჯობესება
პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები
საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესება
მართლმსაჯულების რეფორმა
კორუფციასთან ბრძოლა
დეოლიგარქიზაცია
ადამიანის უფლებები
[1] სამოქალაქო საზოგადოების ფონდი; საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); რონდელის ფონდი (GFSIS); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); სასამართლოს გუშაგი; სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC); დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); საქართველოს დემოკრატიული ინციატივა (GDI); საფარი.