ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის თანახმად, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, დაემორჩილონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას იმ საქმეებზე, რომლებშიც ისინი მხარეს წარმოადგენენ. ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს გადაეცემა, რომელიც მის აღსრულებას ზედამხედველობს.
საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა, ვალდებულია, დაემორჩილოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას და სასამართლოს მიერ დარღვევის დადგენის შემთხვევაში მომჩივანს გადაუხადოს არა მხოლოდ სამართლიანი დაკმაყოფილების სახით მინიჭებული თანხა, არამედ აგრეთვე მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ განსაზღვროს ის ინდივიდუალური თუ ზოგადი ღონისძიებები, რომელიც ეროვნულ დონეზე უნდა გატარდეს გადაწყვეტილების ეფექტიანად აღსრულების მიზნით.
დღემდე ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ 129 საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება და განჩინება გადაეგზავნა მინისტრთა კომიტეტს ზედამხედველობის განსახორციელებლად. ბოლო 14 წლის განმავლობაში მინისტრთა კომიტეტმა 129 საქმიდან 81 საქმეზე დახურა ზედამხედველობა, რადგან აღსრულებულად ჩათვალა. ხოლო 48 საქმეზე მინისტრთა კომიტეტში აღსრულების პროცესი გრძელდება. შესაბამისად, საქართველოს მიერ დღემდე აღსასრულებელია სასამართლოს მიერ 48 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება.
მინისტრთა კომიტეტი მის მიერ შემუშავებული ორ-ხაზოვანი სისტემის მიხედვით, საქმეებს სტანდარტული ან გაძლიერებული პროცედურის ფარგლებში განიხილავს. გაძლიერებულ ზედამხედველობას ექვემდებარება მათ შორის, ის საქმეები, რომლებიც სტრუქტურულ ან/და კომპლექსურ პრობლემებს ავლენს. კომიტეტის წინაშე საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე 48 საქმიდან 25 საქმე გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშაა. ხოლო 21 საქმე სტანდარტული პროცედურის ფარგლებშია. 48 საქმიდან 2 საქმეზე ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში იქნა გამოტანილი და ჯერჯერობით მინისტრთა კომიტეტს არ გადაუწყვეტია, რომელი პროცედურის ფარგლებში მოხდება ამ საქმის აღსრულების ზედამხედველობა.
ამასთან, მიმდინარე 48 საქმიდან:
- 20 საქმე ე.წ. „წამყვანი საქმეა“ (leading case), რაც გულისხმობს, რომ საქმეები სტრუქტურულ ან/და კომპლექსურ პრობლემებს ავლენს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ზოგადი ღონისძიებების გატარებას და პრობლემის აღმოფხვრას საჭიროებს;
- 28 საქმე კი ე.წ. „განმეორებად საქმეს“ (repetitive cases) წარმოადგენს, რაც ნიშნავს, რომ ამ საქმეებში წამოჭრილი სტრუქტურული ან/და კომპლექსური პრობლემა უკვე იდენტიფიცირებულია წამყვან საქმეში.
დღეის მდგომარეობით, საიას წარმოებაში არსებული 18 საქმე დაექვემდებარა მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას. ამ ეტაპზე აღსრულების პროცესი 9 საქმეზე გრძელდება. 9 საქმიდან 5 საქმე არის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ, ხოლო 4 საქმე სტანდარტული პროცედურის ქვეშაა. 3 საქმე კი წამყვანი საქმის კატეგორიას მიეკუთვნება.
გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ ან/და წამყვან საქმეებშია საიას წარმოებაში არსებული ისეთი საქმეები როგორიცაა:
- ცინცაბაძის ჯგუფის საქმეები, რომელიც სიცოცხლის უფლების და არასათანადო მოპყრობის დარღვევას, მათ შორის, სამართალდამცავების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების არაეფექტიან გამოძიებას შეეხება. ცინცაბაძის ჯგუფის საქმეები ჯამში 20 „განმეორებად“ საქმეს აერთიანებს.
- ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ეროვნულ დონეზე ბავშვთა არასათანადო წარმომადგენლობას და გადაწყვეტილების მიღების დროს მათი საუკეთესო ინტერესების გაუთვალისწინებლობას შეეხება.
- ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ და შპს სტუდია მაესტრო და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც შეეხება 2009 წლის 15 ივნისს აქციის მონაწილეთა და ჟურნალისტთა არასათანადო მოპყრობას და აქციის მონაწილეთა საქმეების განხილვას საბჭოთა კავშირის დროს მიღებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების და განჩინებების დროულ და ეფექტიან აღსრულებას არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირველ რიგში იმ პირებისთვის, ვის მიმართაც ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული უფლების დარღვევა დაადგინა, რადგან გადაწყვეტილების სათანადოდ აღსრულების გარეშე დარღვეული უფლების და სამართლიანობის აღდგენა ინდივიდისთვის ვერ იქნება მიღწეული.
გადაწყვეტილების ეფექტიან აღსრულებას გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვისთვისაც, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმეები სტრუქტურულ და კომპლექსურ პრობლემებზე მიუთითებს. მინისტრთა კომიტეტის წინაშე მიმდინარე საქმეების სტატისტიკა ნათლად წარმოაჩენს, რომ საქმეების უმრავლესობა საქართველოში სხვადასხვა სფეროში არსებულ სისტემურ პრობლემებს ასახავს. მიუხედავად აღნიშნულისა, წამყვანი ან/და გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ არსებული საქმეების უმეტესობა დღემდე აღუსრულებელია საქართველოს მხრიდან და სახელმწიფოს მიერ გადადგმული გარკვეული ნაბიჯების მიუხედავად დამატებით საჭიროებენ ქმედითი ზომების გატარებას.
საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებებისა და სტატისტიკის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ European Implementation Network-ის ვებ-გვერდზე.
იხილეთ ინფოგრაფიკი