საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”
2012 წლის 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს (თსს) მოსამართლეების კობა გოცირიძისა და ნანა დარასელიას მიერ ბიძინა ივანიშვილი ჯამში 148 მილიონ 650 ათას 131 ლარით დაჯარიმდა. სასამართლომ ჩათვალა, რომ ივანიშვილმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” სასარგებლოდ უკანონო შემოწირულება განახორციელა.
კონტროლის პალატის მტკიცებით, ერთ შემთხვევაში, ივანიშვილმა თავის ძმას - ალექსანდრე ივანიშვილს გადასცა თანხა, რაც გამოყენებულ იქნა „გლობალ ტვ”–ს მიერ მოსახლეობისათვის სატელიტური ანტენების დასამონტაჟებლად. პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გამოთვლით, ანტენების საბაზრო ღირებულება 12 მილიონ 622 ათას 19 ლარს შეადგენდა. მეორე შემთხვევაში კი კომპანიებმა შპს „ელიტა ბურჯმა” და „ბურჯმა” პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველო” სიმბოლურ ფასად მიაქირავეს 239 ავტომობილი, მაშინ როდესაც მომსახურების საბაზრო ღირებულება 2 მილიონ 242 ათასი ლარი იყო. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული კომპანიების უკან ბიძინა ივანიშვილი იდგა.
ზემოხსენებული გადაწყვეტილებების მიღებას ორი სასამართლო სხდომა დასჭირდა, რომლებიც 8 და 11 ივნისს გაიმართა. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეფუძნებოდა საქმის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. სასამართლო პროცესების მიმდინარეობით, არსებული მტკიცებულებებისა და კონტროლის პალატის მიერ წარმოდგენილ მასალების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმება არ იყო კანონის შესაბამისი შემდეგი მიზეზების გამო:
1.დაცვის უფლების განხორციელების შეზღუდვა
როგორც სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ განმარტა, მათ საქმის გასაცნობად და დაცვითი სიტყვის მოსამზადებლად სულ 3 სამუშაო საათი და ღამის საათები ჰქონდათ, რა დროსაც ფაქტობრივად შეუძლებელი იყო საკმაოდ მოცულობითი საქმის დეტალური გაცნობა, მტკიცებულებების მოგროვება, შესაბამისი შუამდგომლობების დაყენება და კონტროლის პალატის ბრალდებების საპირწონე მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენა.
მიუხედავად ადვოკატების შუამდგომლობებისა, გადადებულიყო საქმის განხილვა და დაცვის მხარეს მისცემოდა ვადა საქმის გასაცნობად, ორივე საქმეზე მოსამართლეებმა საქმის განხილვის გადადების შუამდგომლობები არ დააკმაყოფილეს იმ მოტივით, რომ მხარეებს საკმარისი დრო ჰქონდათ გასცნობოდნენ საქმის მასალებს და საქმის გადადების მოთხოვნა მიმართული იყო საქმის განხილვის.
მიგვაჩნია, რომ დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდლომლობა საქმის გასაცნობად გონივრული ვადის მიცემისა და საქმის გადადების თაობაზე მიზანშეწონილი იყო, რათა დაცვის მხარეს მისცემოდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებებისა და მოვალეობების რეალიზაციის საშუალება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ უწყების ჩაბარების დრო არ იძლეოდა იმის გონივრულ ვარაუდს, რომ დაცვის მხარეს მიეცა საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა, თანახმად მოქმედი კანონდმებლობისა.
2. გარკვეულ საკითხებზე კონტროლის პალატის პოზიცია არ იყო გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით. კონტროლის პალატა ასაბუთებდა სადავო კომპანიების ივანიშვილისადმი კუთვნილებას კომპანიათა გარკვეული თანამშრომლების ახსნა-განმარტებების საფუძველზე, სასამართლოზე რამდენჯერმე ახსენეს მსგავსი ფრაზები, „ისედაც ყველასათვის ცნობილია, რომ „ქართუ ჯგუფი” ივანიშვილისაა”, პალატის წარმომადგენელმა ორივე პროცესზე აღნიშნა, რომ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული „ბურჯის”, „ელიტა ბურჯის” და „მენეჯმენტ სერვისის” რეალური მფლობელი დაფარულია, მათი წარმომადგენელი - კახა კობიაშვილი კი საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ნათესავია, თუმცა ერთ პროცესზე ითქვა, რომ აღნიშნული პირი ივანიშვილის დისშვილია, მეორეზე კი - დეიდაშვილი. ამასთანავე, არცერთ პროცესზე არ ყოფილა წარმოდგენილი ნათესაური კავშირის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
მიგვაჩნია, რომ კონტროლის პალატამ უფრო მეტად უნდა გამოიყენოს სამართლებრივი არგუმენტაცია საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად და ნაკლებად უნდა დაეყრდნოს დაუდასტურებელ მოსაზრებებს და ვარაუდებს. ადმინისტრაციული ორგანოს არცთუ მყარი არგუმენტაცია და სასამართლოს მიერ მიღებული დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება, იმ სტატისტიკის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული დავების აბსოლუტური უმრავლესობა სახელმწიფოს სასარგებლოდ სრულდება, აძლიერებს მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მტკიცების ტვირთი ძალზე მცირეა და მათი პოზიციის გაზიარება სასამართლოს მიერ ნებისმიერ შემთხვევაში ხდება.
3. დაცვის მხარის არც ერთი მნიშვნელოვანი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. „მენეჯმენტ სერვისის” სასამართლო პროცესის მსგავსად, რომელზეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წინა ბლოგში გიამბობდათ, მოცემულ პროცესებზე ივანიშვილის წარმომადგენლებმა დააყენეს არაერთი შუამდგომლობა პროცესის გადადების და საქმის მოსამზადებლად მხარისათვის გონივრული ვადის მიცემის, მოწმეთა დაკითხვის, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის, სადაო კომპანიების მესამე პირებად ჩართვის, მოსამართლეთა აცილების თაობაზე და ა.შ. სასამართლოს მხრიდან არცერთი მათგანი არ დაკმაყოფილდა, გარდა საქმეზე ცალკეული მტკიცებულებების დართვის თაობაზე რამდენიმე შუამდგომლობისა. დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობებიდან სასამართლომ მხოლოდ ის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ბიზნეს გეგმისა და პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ რეგისტრაციის მოწმობის საქმეზე დართვას შეეხებოდა. აღნიშნული მტკიცებულებების დასაკმაყოფილებლად მოსამართლე სათათბირო ოთახში გავიდა და თითქმის ერთსაათიანი თათბირის შემდეგ საქმის მასალებს დაურთო, რაც აღნიშნული სახის შუამდგლომლობების განხილვისას იშვიათად ხდება პრაქტიკაში. ამავდროულად, ორივე მოსამართლემ დაუშვა კონტროლის პალატის მიერ პაექრობის ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს კომპანიებთან კავშირის დადგენის თაობაზე. აღნიშნულს მოყვა პროტესტი ივანიშვილის წარმომადგენლების მხრიდან. მათ განცხადებით აღნიშნულ ეტაპზე დაუშვებელია ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაზეც მოსამართლე დარასელიამ განმარტა, რომ მართალია პაექრობის ეტაპზე მხარეს მტკიცებულებათა წარმოდგენის უფლება არ აქვს, თუმცა სასამართლოს ინკვიზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, თავად შეუძლია გამოითხოვოს გარკვეული მტკიცებულებები. მართალია, სასამართლოს მანამდე არ გამოუთხოვია აღნიშნული მტკიცებულებები და არ შეუსწავლია თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ისინი საქმისათვის, მაგრამ სწორედ აღნიშნული საფუძვლით მოხდა დაგვიანებით წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმისათვის დართვა. უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს მხრიდან მსგავსი ქმედებები აზარალებს მის, როგორც ობიექტური მსაჯულის იმიჯს და იძლევა მის ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძვლებს. თუნდაც მოსამართლე მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას ხელმძღვანელობდეს შინაგანი რწმენის საფუძველზე, გასათვალისწინებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრინციპი, რომლის შესაბამისად მართლმსაჯულება არამარტო უნდა აღსრულდს, არამედ ასეთად უნდა იყოს კიდეც აღქმული.
ამასთანავე, სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას გამოვლინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი. კერძოდ:
1. სამართალდარღვევის ოქმის შედგენის პროცედურული საკითხების უგულებელყოფა
ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შედგენილი ორივე სამართალდარღვევის ოქმს არ ახლდა სამართალდამრღვევი პირის ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერა ან/და სამართალდამრღვევი პირის ახსნა-განმარტება ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, სამართალდამრღვევს არ განმარტებია სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები და არ გაკეთებულა ამის თაობაზე აღნიშვნა სამართალდარღვევათა ოქმში, რითაც დაირღვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე და 252-ე მუხლის მოთხოვნები.
2. სასამართლოს სხდომების განრიგი არ იყო საჯარო. სასამართლო სხდომების საქვეყნოობის უზრუნველყოფის მიზნით, თსს-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოვედღიურად ქვეყნდება მიმდინარე საქმეების განრიგი. 8 ივნისს ჩანიშნული ივანიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების ორი პროცესიდან არცერთი არ იყო მითითებული საამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განრიგში. ვფიქრობთ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს, სასამართლო ადმინისტრაცია მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოს და უზრუნველყოს საზოგადოების სათანადო ინფორმირება.
3. განსაკუთრებულად გამკაცრებული იყო უსაფრთხოების ზომები, შეიზღუდა მობილური ტელეფონების, ჩამწერებისა და სხვა ელექტრომოწყობილობების შეტანა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო განხილვების მიმართ დიდი იყო სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დაინტერესება, სასამართლომ აღნიშნული სხდომების გამო კონტროლი გაამკაცრა. თსს-ს თავმჯდომარის, მამია ფხაკაძის ბრძანებით, სასამართლოს მე-6 სართულზე, სადაც მიმდინარეობს ადმინისტრაციული დავების განხილვა, ასევე, სხდომების დაწყებამდე ხდებოდა სართულზე ამოსული ყველა პირის გაჩხრეკა მეტალოდეტექტორებით, ხელით იჩხრიკებოდა ჩანთები, სასამართლო დარბაზებთან კი წესრიგს პირადად უზრუნველყოფდა თსს-ს მანდატურის სამსახურის უფროსი შალვა ჯულუხაძე. ასეთმა გამკაცრებულმა კონტროლმა დაინტერესებულ პირებს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა შეუზღუდა და უგულებელყოფილ იქნა საზოგადოების საქმისადმი ინტერესი.
4. სასამართლოს სხდომები საზოგადოების დიდი ინტერესის მიუხედავად უკიდურესად მცირე დარბაზში მიმდინარეობდა. სასამართლოში დამკვიდრებული წესის შესაბამისად, თითოეულ მოსამართლეს მიკუთვნებული აქვს კონკრეტული სასამართლო დარბაზი და მისი დავები გამონაკლისების გარდა მუდმივად იქ განიხილება. ივანიშვილის საქმეებიდან, ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგთან” დაკავშირებული საქმე, რამდენადაც მოსალოდნელი იყო ივანიშვილის 126 მილიონით დაჯარიმება. აღნიშნული საქმის განხილვა დაევალა მოსამართლე კობა გოცირიძეს, რომელიც დავებს განიხილავს ადმინისტრაციული ყველაზე მცირე ზომის დარბაზში, სადაც მხოლოდ 8 პირის დასწრებაა შესაძლებელი. დარბაზის სიმცირის გამო განხილვის დღეს დარბაზის კარებთან რიგი შეიქმნა. სხდომის გახსნისთანავე ყველა ადგილი მაშინვე დაიკავეს, რის გამოც ბევრმა ჟურნალისტმა და სხვა დაინტერესებულმა პირმა ვერ შეძლო შესვლა. 11 ივნისს გადადებულ სხდომაზე დასწრების სურვილი გამოხატა აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელმა, რომელიც ასევე ადგილის გარეშე დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ კოლეგიაში არსებული სასამართლო დარბაზების უმეტესობა, რომლებიც სამჯერ მეტ დამსწრეს იტევს, თავისუფალი იყო, მოსამართლე გოცირიძემ დავის განხილვა იმავე დარბაზში გადაწყვიტა. გამონაკლისი დაიშვა აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელისათვის, მას შემდეგ რაც გადაამოწმეს მისი ვინაობა და დარბაზში სპეციალურად ჩაამატეს სკამები საელჩოს წარმომადგენელისა და მისი თარჯიმანისათვის. მიგვაჩნია, რომ სასამართლო განხილვის საჯაროობის პრინციპი თანაბრად ეხება ყველა მოქალაქეს, შესაბამისად, რათა არ მოხდეს უპირატესობის მინიჭება ცალკეული პირებისათვის და მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს საზოგადოებრივი ინტერესი, ასეთი საქმეების განხილვა სათანადო ზომის დარბაზებში უნდა მოხდეს.
ზემოაღნიშნულ საქმეებზე თსს-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გასაჩივრდა სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლოში განხილვისას კვლავ არ დააკმაყოფილა ივანიშვილის წარმომადგენელთა არცერთი შუამდგომლობა, იმ საფუძვლით, რომ სასამართლო არსებითად არ იხილავდა საქმეს და მხოლოდ სამართლებრივად აფასებდა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. პირველი ინსტანციისაგან განსხვავებით, საპელაციო სასამართლომ საკუთარი ინიციატივით ჩაატარებინა ექსპერტიზა „გლობალ TV-ის” ბიზნესგეგმის მომგებიანობის შესაფასებლად. ექსპერტიზამ მიიჩნია რომ ბიზნესგეგმა არ იყო მომგებიანი. აპელანტმა ეჭქვეშ დააყენა აღნიშნული დასკვნა და მოითხოვა ექსპერტის გამოძახება და დაკითხვა, რაც არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამრთლოს მიერ დადგენილი ყველა გარემოება, გარდა იმ საკითხისა, რომ ივანიშვილის მიერ სამართალდარღვევა ჩადენილი იყო განმეორებით. სასამართლომ განმარტა, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილება, რომელიც განმეორებითი ქმედებისათვის აორმაგებდა დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, შემოღებულ იქნა ივანიშვილის მიერ მანამდე სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მეშვეობით განხორციელებული ქმედებების შემდგომ. რამდენადაც საკანონმდებლო ცვლილება ამძიმებდა პასუხისმგებლობას, შესაბამისად მას უკუძალა არ გააჩნდა და არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული მოცემულ შემთხვევაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ივანიშვილისათვის დაკისრებული ჯარიმა განახევრდა და 74 325 065 ლარით განისაზღვრა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” კვლავაც გააგრძელებენ მსგავსი საქმეების მონიტორინგს.