2011 წლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ახალი საარჩევნო კოდექსი მიიღო, საარჩევნო კანონმდებლობაში არაერთი ცვლილება შევიდა,რამაც ხელი შეუწყო მთელი რიგი საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრას. თუმცა, გასული არჩევნების გამოცდილებიდან გამომდინარე კვლავ რჩება პრობლემური საკითხები, რაც გასწორებას საჭიროებს. პრაქტიკამ გამოავლინა, რომ გარკვეული ნორმები არაერთგვაროვნად განიმარტება არჩევნებში ჩართული სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მიერ. ამასთან, ნათლად გამოვლინდა იმის აუცილებლობა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა პასუხობდეს თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებით წარმოქმნილ გამოწვევებს. ცვლილებების განხორციელება საჭიროა საარჩევნო დავების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, აგიტაციის, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
ასევე, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და მასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი შედეგის დადგომა.
გასული წლების წინასაარჩევნო, არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის პრაქტიკული და საკანონმდებლო ხარვეზების, ასევე, საერთაშორისო სტანდარტების გაანალიზების საფუძველზე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც წინამდებარე დოკუმენტშია წარმოდგენილი. აღნიშნული რეკომენდაციები შეეხება საარჩევნო კანონმდებლობაში არსებული რიგი პრობლემების გადაჭრას, რომლის გათვალისწინება ხელს შეუწყობს უფრო კონკურენტული და ჯანსაღი საარჩევნო გარემოს შექმნას.