სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

რას შეცვლის ახალი კანონი ქალთა უფლებების დაცვის სფეროში?

2017-06-01 19:16
Featured image

2017 წლის 1 ივნისიდან ქვეყნის რამდენიმე კანონში ცვლილება შევიდა, რომელიც ითვალისწინებს ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლებების დაცვის უფრო მეტ გარანტიებს. სახელმწიფომ გამოიჩინა საკანანონმდებლო ნება, უფრო მეტად დიცვას ძალადობის მსხვერპლი ქალი და დამცავი მექანიზმები მხოლოდ ოჯახის სტატუსით არ განსაზღვრა.

მაგალითად., ქალზე იძალადა არა ოჯახის წევრმა, არამედ მისმა პარტნიორმა ან სხვა ნებისმიერმა პირმა. თუ ადრე ასეთ დროს ქალი მხოლოდ გამოძიების დაწყებას მოითხოვდა, დღეიდან ამასთან ერთად, შესაძლებელია, რომ ქალმა მიმართოს სასამართლოს დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე ან დაურეკოს პოლიციას და მოითხოვოს შემაკავებელი ორდერის გამოცემა. დავუშვათ, პოლიციელმა გამოსცა შემაკავებელი ორდერი, აქამდე ქალი უნდა დალოდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც წყვეტდა ამ ორდერის მოქმედების ბედს. დღეიდან, შემაკავებელ ორდერს მოსამართლის დასტური აღარ სჭირდება და პოლიციელი როგორც კი გამოსცემს, მაშინვე ამოქმედდება. თუ, დავუშვებთ, რომ პოლიციელმა შემაკავებელი ორდერი არ გამოსცა, ქალს კიდევ რჩება შესაძლებლობა იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე და მიმართოს სასამართლოს დამცავი ორდერის გამოცემის თხოვნით. აქამდე,დამცავი ორდერი გამოიცემოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც მოძალადე და მსხვერპლი იყვნენ ოჯახის წევრები. [1]

შესაძლოა, ძალადობის ფაქტის შემსწრე იყოს ნებისმიერ პირი, მაგრამ არ დაუკავშირდეს პოლიციას მოძალადის მიმართ არსებული შიშის ან სხვა ფაქტორის გამო. თუ, ადრე, კანონი ასეთ პირებს არ იცავდა, ახალმა კანონმა გაითვალისწინა, რომ პოლიციამ დაიცვას იმ პირთა უსაფრთხოებაც, რომლებმაც პოლიციაში დარეკეს და მოყვნენ ძალადობის შემთხვევის შესახებ.[2]

თუ ამ მაგალითს კიდევ უფრო მეტ განვითარებას მივცემთ და ვიტყვით, რომ ქალზე მართალია, არ ახორციელებენ ფიზიკურ ძალადობას, მაგრამ მას უთვალთვალებენ, არასასურველ კომუნიკაციას ამყარებენ, რაც მის ფიზიკურ ტანჯვას იწვევს და აიძულებს მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი, აქამდე ამ ქმედებას სისხლის სამართლის დანაშაულად ვერ განვიხილავდით, მაგრამ ახალმა კანონმა ამ შემთხვევას ადევნება დაარქვა და დანაშაულად აქცია.[3]

შესაძლოა, ქალის სხეულის მიმართ სხვადასხვა არასასურველი ქმედებები განახორციელონ, მათ შორის, სასქესო ორგანოები მთლიანად ან ნაწილობრივ ამოკვეთონ, დაუსახიჩრონ ან აიძულონ, რომ თვითონ გაიკეთოს ასეთი მანიპულაცია. ახლა ამ ყველაფრის შესახებ კანონმდებლობაში კონკრეტული მუხლი გაჩნდა.[4]

ეს არის იმ კანონების განსაკუთრებული ნაწილი, რომელიც დღეს ამოქმედდა. რა თქმა უნდა, ასეთი ცვლილებები მისასალმებელია, თუმცა, ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი არ დარჩეს მხოლოდ კარგ კანონად და ყველა მსხვერპლი ქალისათვის ხელმისაწვდომი იყოს ასეთი კარგი კანონის ეფექტური გამოყენება.

 


[1]„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII3თავი.

[2]„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი.

[3]სისხლის სამართლის კოდექსის 1511- ე მუხლი.

[4]სისხლის სამართლის კოდექსის 1332 - ე მუხლი.

 

 

 

 

 

 

 

გოგა ხატიაშვილი საიას იურისტი
შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას