სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

რამ შექმნა (კლანი) გავლენიანად

2019-10-30 17:01
Featured image

საერთო სასამართლოების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფად, მოსამართლეთა დანიშვნისა და გათავისუფლებისთვის, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავებისთვის  და კიდევ სხვა მრავალი ამოცანის შესასრულებლად შეიქმნა, საერთო სასამართლოების სისტემაში ყველაზე გავლენიანი ორგანო იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ჩვენს რეალობაში საბჭოში მოსამართლე წევრების პოზიციებზე, მოსამართლეთა კონფერენცია ძირითადად მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წევრებს ირჩევს, ამას ემატება რამდენიმე არამოსამართლე წევრი, რომლებიც უმეტესწილად საბჭოს მოსამართლე წევრების პოზიციებს იზიარებენ და  კომფორტულ უმრავლესობას უქმნიან მათ.  საბჭოში 2/3-იანი უმრავლესობას ფლობა გავლენიანი ჯგუფის ძალაუფლების ყველაზე ძლიერი ბერკეტია. საბჭო კონტროლის 3 საფეხურიან მექანიზმს იყენებს. დანიშვნა, ზედამხედველობა და დისციპლინური სამართალწარმოება.

(1) რაიონულ (საქალაქო), ასევე სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეებს კონკურსის საფუძველზე ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. მოსამართლედ გასამწესებლად (გამონაკლისი შემთხვევების გარდა) საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვა და მისი დამთავრებაა საჭირო. სამივე ეს საფეხური მთლიანად საბჭოს ხელშია, რაც მას ფართო შესაძლებლობას აძლევს სრულად გააკონტროლოს ახალი კადრების სისტემაში შესვლის პროცესი.  საბჭოს საქმიანობის არასაკმარისი, ხარვეზიანი და ბუნდოვანი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე რეგულირება შესაძლებლობას აძლევს სასამართლო სისტემაში არსებულ გავლენიან ჯგუფს თვითნებურად, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, 2/3-იანი უმრავლესობის გამოყენებით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, თანამდებობაზე გაამწესონ მათდამი ლოიალურად განწყობილი პირები.

(2) გამოწვევად რჩება სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის არადემოკრატიული წესის პრობლემა, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეუზღუდავ კომპეტენციას ანიჭებს. „მესამე ტალღის“ ცვლილებების პროექტი თავდაპირველად ითვალისწინებდა, თავმჯდომარეების შერჩევას კონკრეტული სასამართლოს მოსამართლეების მიერ, თუმცა, საბოლოოდ, მოსამართლეთა წინააღმდეგობის გამო, ეს ნორმა კანონპროექტიდან ამოიღეს. თავმჯდომარეთა დანიშვნა კვლავ საბჭოს კომპეტენციაში დარჩა. საბჭო სასამართლოს/კოლეგიის/პალატის თავმჯდომარეებს შესაბამისი კრიტერიუმებისა და პროცედურების გარეშე, უმეტესად უკონკურენტო გარემოში ნიშნავს, რაც ტოვებს განცდას, რომ კონკრეტული კანდიდატების  თავმჯდომარეებად დანიშვნის გადაწყვეტილება საბჭოს წევრებს  წინასწარ აქვთ მიღებული. თავმჯდომარეების როლი სისტემის მართვაში უმნიშვნელოვანესია. თავმჯდომარეს უფლება აქვს, მოსამართლეს დაავალოს საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა პალატასა ან საგამოძიებო კოლეგიაში, სხვა სპეციალიზებულ შემადგენლობაში, ვიწრო სპეციალიზაციებში განსაზღვროს მოსამართლეთა შემადგენლობა. სასამართლოს თავმჯდომარეს, დროის მცირე მონაკვეთში, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეუძლია, შეცვალოს ვიწრო სპეციალიზაციაში მოსამართლეთა შემადგენლობა. დაუსაბუთებელი გადაადგილების შესაძლებლობის გათვალისწინებით, მაღალია კოლეგიის/პალატის შემადგენლობის ფორმირების პროცესში ჩარევის ალბათობა, რაც, ინდივიდუალურ მოსამართლეზე ზემოქმედების მაღალ რისკებს შეიცავს.  

(3) საბჭოს კიდევ ერთ ბერკეტს მოსამართლეთა გასაკონტროლებლად დისციპლინური სამართალწარმოება წარმოადგენს, რომელიც არასათანადოდ გამოყენების პირობებში შეიცავს  საფრთხეს, გადაიქცეს ინდივიდუალურ მოსამართლეებზე ზეწოლის ეფექტურ ბერკეტად. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების მოქმედი საფუძვლები ვერ პასუხობს განჭვრეტადობის მოთხოვნებს და აჩენს მისი არაკეთილსინდისიერად გამოყენებით შესაძლებლობას. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ სისტემაში მთავარი გამოწვევა გადატვირთულობა და საქმეთა გაჭიანურებაა, დისციპლინური სამართალწარმოება ყველა მოსამართლის თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია.

მართალია, დისციპლინური საჩივრის შემოწმება/გამოკვლევას დამოუკიდებელი ინსპექტორი იწყებს  თუმცა საბოლოოდ, საბჭო აფასებს დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობას და სრული შემადგენლობის 2/3/ წყვეტს დევნის დაწყების ან ახსნა-განმარტების ჩამორთმევის საკითხს.

ასეთია სასამართლოს კონტროლის სამსაფეხურიანი სისტემა. თავდაპირველად საბჭო ლოიალური პირებისგან აკომპლექტებს სასამართლოს, შემდეგ თავმჯდომარეების მეშვეობით აკონტროლებს მათ საქმიანობას და ბოლოს, თუ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, დისციპლინური დევნის მექანიზმით იქვემდებარებს მას.  

 

 

ნინო ნოზაძე საიას ანალიტიკოსი

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას