კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული შეზღუდვებით გამოწვეულმა ლარის გაუფასურებამ მძიმე პირობები შექმნა მოვალეებისთვის. დღეის მდგომარეობით პრობლემად რჩება უცხოურ ვალუტაზე (ძირითადად დოლარზე) მიბმული სესხების და სხვა გრძელვადიანი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების საკითხი.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტა - ლარი არის ერთადერთი საგადამხდელო საშუალება (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა შემოსავალს იღებს ეროვნულ ვალუტაში. თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსიდან გამომდინარე, მხარეებს ფულადი ვალდებულების უცხოურ ვალუტაში დადგენაც შეუძლიათ. ასეთ შემთხვევაში უცხოური ვალუტა, მაგალითად „დოლარი“ ან „ევრო“ იქნება ვალის ვალუტა, ხოლო ლარი - გადახდის ვალუტა. აღნიშნული, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე, წარმოშობს მთელ რიგ სირთულეებს მოვალეებისთვის.
საქართველოს კანონმდებლობაში განმტკიცებულია „ნომინალიზმის“ პრინციპი, რომლის თანახმადაც, მოვალე ვალდებულია ვალი დააბრუნოს ფულადი ნიშნების იმავე რაოდენობით (ნომინალით), რომელიც ვალდებულების წარმოშობის დროს შეესაბამებოდა. მაგალითისთვის, თუ 2019 წლის პირველ აპრილს ხელშეკრულების საფუძველზე იკისრეთ 1 000 ლარის 1 წლის შემდეგ გადახდის ვალდებულება, მაშინ ხელშეკრულების შესრულების ვადის დადგომისას, 2020 წლის პირველ აპრილს, უნდა გადაიხადოთ 1 000 ლარი, მიუხედავად იმისა, გადახდის დროისთვის რა მსყიდველობითი უნარი ექნება ლარს (გაუფასურებული თუ გამყარებული იქნება იგი). მაგრამ, თუ ხელშეკრულების თანახმად, ვალის ვალუტად განსაზღვრულია, მაგალითად 1 000 აშშ დოლარი, მაშინ ვალდებულების შესრულების ვადის დადგომისას უნდა გადაიხადოთ 1 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. კონვერტაცია ეროვნულ ვალუტაში უნდა მოხდეს ვალდებულების შესრულების დროს - 2020 წლის პირველ აპრილს მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, რაც, დიდი ალბათობით, არ დაემთხვევა ვალდებულების წარმოშობის დროს მოქმედ გაცვლით კურსს.1
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ლარის გაუფასურების (მსყიდველობითი უნარის შემცირების) უარყოფითი შედეგების მინიმილიზაციისთვის გირჩევთ:
- გრძელვადიანი ხელშეკრულებების დადებისას ვალის ვალუტად მიუთითოთ ეროვნული ვალუტა - ლარი;
- თუ მაინც გიწევთ უცხოური ვალუტის ვალის ვალუტად მითითება, მაშინ ხელშეკრულებაშივე მიუთითოთ ვალუტის კურსი ან კურსის მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი. ამ გზით თავს დაიზღვევთ ვალუტის კურსის მკვეთრი შეცვლისაგან, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ფინანსურ ზარალთან;
- თუ უცხოურ ვალუტაში გაქვთ ნაკისრი ვალდებულება, მაშინ კრედიტორთან შეთანხმებით მოახდინეთ თანხის კონვერტაცია ეროვნულ ვალუტაში.
გარდა ეროვნული ვალუტის კურსის ასეთი მკვეთრი ცვლილებისა, ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ე. წ. ფორს-მაჟორის მდგომარეობა. მისი ერთ-ერთი საფუძველი და მიზეზი შესაძლოა გახდეს ეპიდემია/პანდემია. კონკრეტული მოვლენის ფორს-მაჟორულად მიჩნევის შემთხვევაში, მხარე თავისუფლდება იმ პასუხისმგებლობისგან, რომელიც მას ჩვეულებრივ შემთხვევაში ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო. კერძოდ, შესაძლებელია გამოირიცხოს ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო კანონით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო წყვეტს - არის თუ არა სახეზე ვალდებულების შეუსრულებლობა ფორს-მაჟორული ვითარების გამო. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი და იგივე გარემოება შეიძლება ერთ შემთხვევაში მიჩნეულ იქნეს ფორს-მაჟორულად, მეორე შემთხვევაში კი - არა.
___________________________________________________________________
1იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარები [https://bit.ly/2UujgYJ]