დღეს 8 მარტია, ქალთა საერთაშორისო დღე, გლობალურად ქალთა უფლებრივი მოძრაობის ძირითადი ნიშნული. ეს თარიღი გვახსენებს, რამდენს მივაღწიეთ ქალთა უფლებების გასაძლიერებლად, და, კიდევ რა გვჭირდება ქალების დასაცავად. 2024 წელს ამ დღის აღსანიშნად, გაერო წერს „გავერთიანდეთ წინაღობების შესაძლებლობებად გარდაქმნისა და უკეთესი მომავლისთვის!“ ქართულ რეალობაში წინაღობების შესაძლებლობად გარდაქმნამდე, ჯერ საბაზისო საჭიროებებზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ქალებისთვის ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე, და, ამ სიცოცხლეში ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება (pursuit of happiness) რეალობად ვაქციოთ.
ქალების ფემიციდისგან დაცვა შესაძლებელია, თუ ოთხი საკვანძო მიმართულებით სახელმწიფო გააუმჯობესებს მსხვილ და წვრილ საკითხებზე სხვადასხვა მექანიზმს. ესენია:
პრევენციული და დამცავი მექანიზმები;
დაზარალებულთა მხარდაჭერა და საზოგადოებრივი ინფორმირებულობის გაზრდა;
ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი გამოძიება და სასჯელის დაკისრება;
სამართალდამცავთა პასუხისმგებლობის დაყენება მათი უმოქმედობის / არაჯეროვანი ქმედების დროს.
საქართველოსთვის ამ მიმართულებით უახლესი შეფასება 2023 წლის დეკემბერშია გაცემული ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ და, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რაც ამ გადაწყვეტილებაში წერია, არის ის, რომ რიგით მოქალაქეს, უნდა გაუჩნდეს რწმენა, განცდა, იმედი, რომ საფრთხის შემთხვევაში, მას სახელმწიფო ინსტიტუტები დაიცავენ. ცხადია, ეს უნდა მოხდეს სწორედ პრაქტიკაში მასობრივად საფრთხის წინაშე მყოფ ქალებს შორის ერთეულთა კი არა, ყველა შესაძლო შემთხვევაში ყველას გადარჩენის შედეგად. საჭიროა, რისკის შეფასების მექანიზმისა და ელექტრონული მონიტორინგის მექანიზმის შესახებ სამართალდამცავების ცოდნით გაძლიერება. კერძოდ, საჭიროა ამ მექანიზმების გამოყენების ტექნიკური მახასიათებლების გაძლიერება; დაზარალებულებისთვის სანდო ინფორმაციის მიწოდება, მანამ, სანამ რომელიმე დამცავ ღონისძიებაზე განაცხადებენ თანხმობას, ან უარს. ამასთან, მიზანშეწონილია, ასევე, შსს-სა და პროკურატურაში მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორების მექანიზმების შემდგომი გაძლიერება შესაბამისი კადრების, გეოგრაფიული დაფარვისა და ორ დაწესებულებაში მოქმედ კოორდინატორებს შორის პასუხისმგებლობების ეფექტური განაწილების უზრუნველყოფის გზით.
რატომ არის არსებითი, საქართველომ შეასრულოს საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე არსებული ვალდებულებები? - ცხადია, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა იურიდიული კუთხით გულისხმობს სხვადასხვა სამართლებრივი წყაროს ციტირებას, რომელთა სათქმელიც ის არის, რომ ნაკისრი ვალდებულებები უნდა შესრულდეს. თუმცა, პრაქტიკული თვალსაზრისით, რატომ უნდა გვაინტერესებდეს ქალებს (და, არა მარტო), სახელმწიფო ამ ვალდებულებებს შეასრულებს თუ არა?
ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა პრაქტიკაში პირდაპირ აისახება ქალებზე, უკიდურეს რეალობაში, მათ სიცოცხლეზე, შესაბამისად, მათ ოჯახებზე, საყვარელ ადამიანებზე. მართლმსაჯულების აღსრულების ჯაჭვში, დაწყებული ძალადობის შეტყობინებიდან, დასრულებული სასამართლო გადაწყვეტილებით, არსებითია ყველა პასუხისმგებელმა ორგანომ ეფექტიანად იმუშაოს. ამ ჯაჭვის რომელიმე რგოლის სიმყიფე დამანგრეველი შესაძლოა აღმოჩნდეს. ეს არსებითად აუცილებელია, ვინაიდან 2023 წლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველზე გავრცელებული დანაშაულია. საიას სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის 2022-2023 წლის ანგარიშში გამოიკვეთა, რომ ოჯახში დანაშაულის საქმეებზე სასამართლოს მიდგომა უფრო ლოიალური იყო. ზოგიერთი მოსამართლე ჯეროვნად არ აფასებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპებზე ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ პირთაგან მომდინარე საფრთხეებს. ამ ტიპის დანაშაულზე, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, 9%-ით შემცირებულია აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენება, ხოლო 10%-ითაა გაზრდილი გირაოს შეფარდების შემთხვევები.
მნიშვნელოვანია, ვნახოთ, რას ამბობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამ ტიპის საქმეებთან დაკავშირებით. აქამდე ბოლო სამ წელში სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ 3 მნიშვნელოვან საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება (თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ (2021); ა და ბ საქართველოს წინააღმდეგ (2022); გაიდუკევიჩი საქართველოს წინააღმდეგ (2023)). ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ეს საქმეები მათი სამართალმემკვიდრეების სახელით აწარმოეს უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, მათ შორის, ორი საქმე, საიამ.
სამივე საქმე საბედისწეროა მსხვერპლებისთვის, მაგრამ, მათი აღუსრულებლობა საბედისწერო იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა არის ძალადობის მსხვერპლი, ან იმყოფება, ან იქნება ძალადობის რეალური რისკის ქვეშ. ამის მიზეზი ის არის, რომ ამ საქმეებში ფატალური შედეგი დადგა იმის გამო, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო, გაეტარებინა ქალთა სიცოცხლის დასაცავად პრევენციული ღონისძიებები, და, დამდგარი ფაქტის შემდეგ არ აწარმოა ეფექტიანი გამოძიება, საქმის სრულყოფილი გამოკვლევის და შესაძლო დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის ჩათვლით. ევროპული სასამართლო ცხადად აღნიშნავს ამ საქმეებში, რომ პასუხისმგებელმა უწყებებმა იცოდნენ, ან, საქმეებთან დაკავშირებული გარემოებების გამო, ობიექტურად უნდა განეჭვრიტათ სიტუაციის სიმწვავე, რომლებშიც ქალებს ცხოვრება უწევდათ. სასამართლომ დაასკვნა, რომ სამართალდამცავი ორგანოების ზოგადი და დისკრიმინაციული პასიურობა ოჯახში ძალადობის ბრალდებების ფონზე ქმნის კლიმატს, რომელიც ხელს უწყობს ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობის შემდგომ გავრცელებას. მაგალითად, სალომე ჯორბენაძის საქმეში (ა და ბ საქართველოს წინააღმდეგ) სწორედ სახელმწიფოს უმოქმედობა იქცა ფემიციდის ჩადენის მიზეზად. თავის მხრივ, კი, სახელმწიფოს უმოქმედობასა თუ არაჯეროვან ქმედებაში იგულისხმება ის ყველა რგოლი, რომელსაც საქმე სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის შეტყობინების შემდეგ გადის, დაწყებული ინდივიდუალურ პოლიციელთან გამოკითხვით, დასრულებული მოსამართლის მიერ მიღებული სასამართლო აქტით.
თხელიძე, ჯორბენაძე, გაიდუკევიჩი - ეს გვარები გამოხატავს იმ ქალთა მსხვერპლს, რომლებიც სახელმწიფომ ვერ დაიცვა, და, რომელთა სახელითაც მართლმსაჯულების აღსრულება ევროპულ სასამართლოს ეთხოვა. სწორედ ამ საქმეთა აღსრულების მიზნით დაავალა მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოს ის მთელი რიგი ვალდებულებები, რომლებიც ზემოთ არის აღნიშნული.
მიზეზი ნათელია - იმისთვის, რომ სხვა ქალებს აღარ შეეშინდეთ ძალადობის მხილების; იმისთვის, რომ ქალებს ჰქონდეთ რწმენა, რომ ძალადობის შეტყობინების შემთხვევაში, მათ პოლიციის შენობაში გულისხმიერი სამართალდამცავი დახვდებათ; იმისთვის, რომ ქალებს ჰქონდეთ სასამართლოს იმედი, რომ მოსამართლე მათ საქმეს გულსიხმიერად გმაოიკვლევს და დამნაშავეს არ გაათავისუფლებს; იმისთვის, რომ ქალები, ნაცვლად სიკვდილის შიშში ცხოვრებისა, ისწრაფვოდნენ ბედნიერებისკენ.
ახლა ჯერი საქართველოს იუსტიციის სამინისტროზეა (როგორც მინისტრთა კომიტეტის წინაშე ანგარიშვალდებულ სახელმწიფო უწყებაზე), და, საქართველოს პარლამენტზე, როგორც ამ გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობის ეროვნულ მექანიზმზე, შემდეგ, კი, ყველა რელევანტურ სახელმწიფო უწყებაზე, ყველა პოლიციელზე, ყველა გამომძიებელზე, ყველა პროკურორსა და მოსამართლეზე, რომ არც ერთი ძალადობის მსხვერპლი ქალი დაუცველი არ დატოვონ.
ამჟამად, საქართველოსთან მიმართებით ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა 45%-ის აღსრულებას ზედამხედველობს მინისტრთა კომიტეტი, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია. საქართველო უსწრებს მხოლოდ აზერბაიჯანს (76%), რუსეთს (65%), ალბანეთს (50%), მალტას (46%). ამ რანჟირებაში, საქართველოს მკვეთრად უსწრებს სომხეთი და უკრაინა (36%), თავის მხრივ, კი, სომხეთსა და უკრაინამდე სიაში მოლდოვაა (27%). შედეგად, ნათელი ხდება, რომ საქართველომ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ძალისხმევა, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიმართულებით, განსაკუთრებით კი, ეს სწორედ საკვანძოდ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით უნდა მოხდეს. ქალთა მიმართ ძალადობა სწორედ ერთ-ერთი ასეთი საკითხია.
ავტორი: თამარ ონიანი
ბლოგი მომზადდა თამარ ონიანის მიერ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის ფარგლებში.
USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
ბლოგის შინაარსზე პასუხისმგებელია თამარ ონიანი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეხედულებებს.