2021 წლის არჩევნების პირველ ტურზე, საია სადავოდ ხდიდა ბათუმის ოლქის №85 უბნის შედეგებს და მოითხოვდა ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლას. ამგვარი მოთხოვნის დაყენების საფუძველს ქმნიდა ის გარემოება, რომ ხმის დათვლის დროს, საია-ს უბნის დამკვირვებელმა დააფიქსირა არაერთი შემთხვევა, როდესაც ნამდვილად ჩასათვლელი ბიულეტენები (რომლებზეც იკვეთებოდა ამომრჩევლის ნება) საუბნო საარჩევნო კომისიამ ბათილად მიიჩნია. საია-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა არც ოლქის და არც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ. უარის თქმის არგუმენტად ოლქი და სასამართლო მიუთითებენ, რომ სადავო ბიულეტენების ნამდვილ ან ბათილ ბიულეტენად მიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს და არ არსებობს ამგვარი გადაწყვეტილების გადასინჯვის სამართლებრივი საფუძველი.
ამ საარჩევნო დავაზე საია-ს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ხათუნა ხომერიკი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამარათლოს შემადგენლობის უმრავლესობის მოსაზრებას და განსხვავებულ აზრში მნიშვნელოვანი განმარტებები განავითარა. მოსამართლემ ბიულეტენის ბათილად მიჩნევის საკითხზე მსჯელობისას განმარტა, რომ საარჩევნო კოდექსის 69.3 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის ჩანაწერი - ,,შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა“ - შეფასებითია და კომისია ამ შედეგამდე გონივრული განსჯის შედეგად უნდა მივიდეს, რა დროსაც მხედველობაში მისაღებია 147.4-147.5 მუხლების დათქმა, რომ ამომრჩეველი შემოხაზავს არა უმეტეს 1 სუბიექტის რიგით ნომერს, თუმცა ეს ნორმა არ გამოდგება ამომრჩევლის ნების შეფასების ერთადერთ კრიტერიუმად (მაგ. როცა ამომრჩეველი თავის ხმას დააფიქსირებს არა რიგითი ნომრის, არამედ თვით კანდიდატის ან პარტიის დასახელების შემოხაზვით, ეს ვერ იქნება განხილული ბათილ ბიულეტენად). ,,ნორმის სხვაგვარი განმარტება ეწინააღმდეგება საარჩევნო უფლებით თავისუფალ სარგებლობას. შემაჯამებლად უნდა ითქვას, რომ ამომრჩევლის ნების დადგენის შეუძლებლობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს, უნდა იყოს ნათელი და აშკარა“.
მოსამართლე დამატებით აღნიშნავს, რომ ,,დაუშვებელია ზემდგომმა საარჩევნო კომისიამ და შემდგომ უკვე სასამართლომ ნებისმიერი დარღვევა უმნიშვნელოდ მიიჩნიოს მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ აღნიშნული გავლენას არ ახდენს არჩევნების შედეგზე. ნამდვილი ბიულეტენის ბათილად გამოცხადება და აღნიშნული ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვება ზემდგომი საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან, ისეთი ხასიათის დარღვევაა, რომელიც მიუხედავად მისი ფარგლების/მასშტაბის და საარჩევნო ოლქში შედეგებზე ზემოქმედებისა - ძნელია განხილულ იქნეს, როგორც კანონიერი მიზნის მიღწევისაკენ მიმართული გადაწყვეტილება [...]“. საბოლოოდ, მოსამართლემ განსხვავებულ აზრში აღნიშნა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიას და შემდგომ, სასამარათლოს საია-ს საჩივარი უნდა დაეკმაყოფილებინათ და არსებობდა ბათილი ბიულეტენების ხელახალი გადათვლის საფუძველი.
საია მიიჩნევს, რომ განსხვავებულ აზრში განვითარებული მსჯელობები საარჩევნო დავების სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის და აუცილებელია მისი გათვალისწინება საარჩევნო ადმინისტრაციების და სასამარათლოების მხრიდან. ამგვარი მიდგომა მომავალში ხელს შეუწყოს საარჩევნო დავების სწორად გადაწყვეტას და არსებული სტანდარტის ამაღლებას.
განსხვავებული აზრის სრული ტექსტი ხელმისაწვდომია ბმულზე: