სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ქალაქ ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

2013-03-01 03:20
Featured image
ჩვენ ქვემოთ ხელის მომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები, თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავს ვალდებულად ვთვლით გავაკეთოთ შემდეგი განცხადება:
 
1. ვინარჩუნებთ რა სრულ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს,  პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ თითოეულ მხარეს მოვუწოდებთ, დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა და ჩვენი ქვეყნის მიერ აღიარებული საერთაშორისო ვალდებულებები, გამოიჩინონ ერთმანეთისა და მთლიანად საზოგადოების მიმართ პატივისცემა და პოლიტიკური პროცესები წარმართონ მშვიდ და კონსტრუქციულ რეჟიმში;
 
2. მოვუწოდებთ ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის და ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, მიაღწიონ კონსტრუქციული თანამშრომლობის რეჟიმს ქალაქისათვის და მთლიანად ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხთან მიმართებაში. არ დაუშვან ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ურთიერთობების ჩიხში შესვლა, რაც უპირველეს ყოვლისა დააზარალებს საზოგადოების ინტერესებს;
 
3. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ აუცილებლად მიგვაჩნია ქვეყანაში რეალური დეცენტრალიზაციის განხორციელება. ამისათვის, ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართულობით უნდა შემუშავდეს ეფექტური მოდელი დეცენტრალიზაციისა, რომლის დანერგვა უზრუნველყოფს ფუნქცია-მოვალეობების და მათ განსახორციელებლად აუცილებელი ფინანსური და ქონებრივი რესურსების ოპტიმალურ განაწილებას ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის;
 
4. გვინდა განვაცხადოთ, რომ ქ. ქუთაისს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს, სჭირდება ოპტიმალური ზომის, მობილური, კარგად ორგანიზებული მუნიციპალური ორგანოები, დაკომპლექტებული არა პოლიტიკური პარტიის (ან პარტიების) წარმომადგენლებით, არამედ მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებით, რომელთაც ექნებათ შესაბამისი (ღირსეული) ანაზღაურება; აუცილებლად მიგვაჩნია, ქ. ქუთაისში უმოკლეს დროში დაიწყოს თვითმმართველობის ორგანოების ოპტიმიზაციაზე მუშაობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით;
 
5. მოვუწოდებთ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებს, რომ ნებისმიერ თანამდებობაზე კადრის მიღება მოხდეს საჯარო სამსახურის კანონის შესაბამისად კონკურსის საფუძველზე და ინფორმაცია თითოეული ვაკანსიის შესახებ გონივრულ ვადებში გამოქვეყნდეს როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ვებ-გვერდზე, ასევე მედიაში;
 
6. მივმართავთ ქ. ქუთაისის თვითმმართველობას, ყოველთვიურად, თვის დასრულებიდან 5 დღის ვადაში გამოაქვეყნოს დეტალური ინფორმაცია მერიის სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯების შესახებ; ასევე პროაქტიურ რეჟიმში მიაწოდოს საზოგადოებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეული ნებისმიერი ხარჯის დასაბუთება, რომლის მიმართაც არსებობს, ან მომავალში გაჩნდება საზოგადოების მაღალი ინტერესი;
 
7. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ განისაზღვროს ადმინისტრაციული ხარჯების ზედა ზღვარი ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობების მიმართ. აღნიშნული ზღვარი პირველ ეტაპზე უნდა დადგინდეს საკრებულოს დადგენილებით, ხოლო შემდეგ, დაყენებული იქნეს საკითხი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების შესახებ;
 
8. უახლოეს მომავალში დაიწყოს მუშაობა 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტზე, რათა საკმარისი დრო იყოს იმისათვის, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი ჩამოყალიბდეს სრულყოფილად პროგრამული ფორმატით, სადაც თითოეულ პროგრამას ექნება მკაფიო დასაბუთება, ნათლად ჩამოყალიბებული მიზნები და ამოცანები, მათი მიღწევისათვის განსახორციელებელი აქტივობები კონკრეტული ვადების მითითებით, ასევე თითოეული აქტივობის და მთლიანად პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები ან/და სამსახურები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზუსტად განისაზღვროს მისაღები შედეგები და მათი შეფასების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინდიკატორები. ამასთან, უზრუნველყოფილი იქნეს მთელს ამ პროცესში დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობა;
 
9. ვაფიქსირებთ ჩვენს მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ ყველა მხარესთან, ვინც გაიზიარებს ზემოთ აღნიშნულ წინადადებებს და აქტიური მონაწილეობა მივიღოთ მათ პრაქტიკულ განხორციელებაში ქალაქისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
 
1. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობა
2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი
3. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრაქტიის საერთაშორისო საზოგადოების ქუთაისის რეგიონალური ოფისი 
4. ლიბერალური კლუბი
5. ტელერადიო კომპანია “რიონი”
6. “ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო”
7. კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი “სოხუმი”
8. “მეწარმე ქალთა ფონდი”
9. ასოციაცია “ასა”
10. “ახალი სამოქალაქო აზროვნება +”
11. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი”
12. “რეგიონალური განვითარების ქსელი”
13. ფონდი “აფხაზინტერკონტი”
14. “INER – GEORGIA წყვილისა და სიცოცხლის სამსახურში”
15. ასოციაცია “ქალები რეგიონების განვითარებისათვის”