სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

პროექტის სახელწოდება: სასამართლო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ხელშეწყობა საქართველოში

2012-11-20 21:09
Featured image
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის: მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ. პროექტის ხანგრძლივობა 06.12.2010 – 30.09.2014
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიმდინარე ერთ-ერთი აქტივობაა: სასამართლო მონიტორინგი, აღნიშნული აქტივობის ფარგლებში საია უზრუნველყოფს სისხლის სასამართლო პროცესების მონიტორინგს სამართლიანი სასამართლოს დამკვიდრების ხელშეწყობისათვის, სასამართლო ხელისუფლების რეფორმის განხორციელებისას ეროვნული და საერთაშორისო სამართლის სტანდარტების მოთხოვნათა შესრულების დადგენისავის, ასევე ადამიანთა უფლებების და სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესრულების დადგენის მიზნით.  
ამ ეტაპისათვის ამ მიმართულებით განხორციელებულია შემდეგი აქტივობები:
 
1. მოსამზადებელი ეტაპი
  • 2011 წლის მაისის თვეში განისაზღვრა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი სასამართლო მონიტორინგის მიზნები, ამოცანები, მეთოდოლოგია და მონიტორინგის სავარაუდო და მოსალოდნელი შედეგები
  • 2011 წლის მაისის თვეში უცხოელი ექსპერტის დახმარებით შემუშავდა სასამართლო მინიტორინგის კითხვარები
  • მომზადების ეტაპზე შემუშავდა სახელმძღვანელო პრინციპები (სტანდარტები საერთაშორისო და ქართული კანონმდებლობის მიხედვით) რომელთა მიხედვით განხორციელდა პროექტის პილოტური შედეგების ანალიზი
  • 2011 წლის მაისში მონიტორინგის განსახორციელებად შერჩეული იქნა სამი მონიტორი
  
2. მონიტორინგის პილოტური ეტაპის განხორციელება
  • სასამართლო პროცესების მონიტორიგის განხორციელება დაიწყო 2011 წლის 1 ივნისს და პილოტური ეტაპი გაგრძელდა 2 თვე
  • ორი თვის განმავლობაში მონიტორები დაესწრენ დაახლოებით 540 სასამართლო პროცესს. აღნიშნული ციფრი არ ასახავს დასრულებულ სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობას, არამედ მოიცავს სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეების სხვადასხვა ეტაპებს  
  • პილოტური ეტაპის დროს შევსებული კითხვარების გაანალიზება და შეფასება განხორციელდა მოსამსაზადებელ ეტაპზე შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპების (სტანდარტები საერთაშორისო და ქართული კანონმდებლობის მიხედვით) შესაბამისად
 
3. ძირითადი ეტაპის განხორციელება
  • პილოტური შედეგების გათვალისწინებით დაიხვეწა მონიტორინგის განხორციელების მეთოდოლოგია
  • 2011 წლის ოქტომბრიდან დაიწყო პროექტის ძირითადი ეტაპის განხორციელება
  • 6 თვის განმავლობაში მოპოვებული მონაცემების ანალიზი განხორციელდა პროექტის დასაწყისში დადგენილი საერთაშორისო და შიდა ეროვნული პრინციპების შესაბამისად
  • ამ ეტაპისათვის მომზადებულია ორი ანგარიში: პირველი ასახავს 2011 წლის ოქტომბერი-დეკემბრის სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგებს, ხოლო მეორე 2012 წლის იანვარი-მარტის შედეგებს
 
გამოვლენილი შედეგები:
  • 6 თვის განმავლობაში, საქმეთა უმრავლესობაში, რომლებსაც საია დააკვირდა, სასამართლომ საჯარო განხილვის უფლების მოთხოვნები დააკმაყოფილა. ამ მხრივ, შესამჩნევი გამონაკლისი გამოიკვეთა ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომებზე, სადაც სასამართლოს წინასწარ არასოდეს გამოუქვეყნებია სხდომის ჩატარების თარიღი და ადგილი.
  • სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებულის პირველი წარდგენის არც ერთ სხდომაზე, რომლებსაც საია აკვირდებოდა, სასამართლოს ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გარეშე არ დაუტოვებია. ყველა ბრალდებული, მათ შორის ისინიც, რომლებსაც მცირე მნიშვნელობის დანაშაულში ედებოდათ ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეეფარდათ გირაო ან პატიმრობა. იგივე შედეგები დაფიქსირდა პირველ ანგარიშში და აღნიშნული კიდევ უფრო აძლიერებს შეხედულებას, რომ მოსამართლეები დამოუკიდებლად კი არ მოქმედებენ, არამედ მკაცრად მიჰყვებიან მთავრობის ე.წ. „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკას მიუხედავად იმისა, რომ, უმეტესწილად, სასამართლო სხდომის დარბაზში მხარეთა თანასწორობის შთაბეჭდილება იქმნებოდა, სასამართლო გადაწყვეტილებები მაინც ადასტურებს მოსამართლეთა არასათანადო ნეიტრალურობას და ბრალდების მიმართ მიკერძოებას. ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა პირველი წარდგენის სხდომათა მონიტორინგით. ყველა საქმეზე, რომლებსაც საია დააკვირდა, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობები აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვისას. ყველა იმ საქმეში, სადაც პროკურატურამ დაპატიმრება მოითხოვა, სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და შეუფარდა ბრალდებულს დაპატიმრება. ყველა იმ საქმეში, სადაც პროკურატურამ მოითხოვა გირაო, სასამართლომ შეუფარდა ბრალდებულს გირაო. სასამართლო ძალიან იშვიათად მიმართავდა დასაბუთებას დაპატიმრების შეფარდებისთვის. რაც შეეხება გირაოს, სასამართლომ ბრალდებულს ყველა შემთხვევაში შეუფარდა ზუსტად ის თანხა, რაც პროკურატურამ მოითხოვა. მეტიც, გირაოს შეფარდებისას, სასამართლო ნაკლებად ან საერთოდ არ ცდილობდა, გამოერკვია ბრალდებულის ფინანსური მდგომარეობა ან დაესაბუთებინა მისთვის შეფარდებული გირაოს თანხა.
  • მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ არსებითი განხილვის სხდომების უმეტესობაში, რომლებსაც საიას მონიტორები აკვირდებოდნენ, შეჯიბრებითობის პრინციპი (რაც მხარეებს აძლევს ნებას, მოწმეები დაკითხონ მოსამართლის ჩარევის გარეშე) დაცული იყო, თუმცა, დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სასამართლომ თავის ნეიტრალურ როლს გადაუხვია და მოწმეთა დაკითხვაში აქტიურად ჩაერთო. პირველი სამი თვის შედეგებთან შედარებით, მეორე სამ თვიანი მონიტორინგის მანძილზე საიამ მოსამართლის ჩარევის კიდევ უფრო სერიოზული შემთხვევები დააფიქსირა. ორ მნიშვნელოვან საქმეში მოსამართლე ღიად ჩაერია და აშკარად დაეხმარა ბრალდების მხარეს მოწმეთა დაკითხვაში.
  • მიზანშეწონილი იქნებოდა, მოსამართლეებს უკეთესად განემარტათ ბრალდებულთათვის მათი ძირითადი უფლებები, სასამართლო განხილვის ყველა ეტაპზე. ეს განსაკუთრებით ეხება არასათანადო მოპყრობის შესახებ საჩივრის შეტანის უფლებას და მოსამართლის აცილებას. სხდომების საჯაროობის უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია, ასევე, მოსამართლეებმა უფრო ხმამაღლა და გასაგებად ისაუბრონ სხდომის განმავლობაში, რათა მხარეებისა და ყველა დამსწრისთვის სრულად გასაგები იყოს სხდომის მიმდინარეობის შინაარსი.
  • პროკურატურისადმი მოსამართლის მიკერძოების ტენდენცია, სასამართლოში პირველად წარდგენის სტადიასთან ერთად, სხვა სტადიებზეც გამოიკვეთა. საიამ გამოავლინა, რომ წინასასამართლო სხდომაზე სასამართლო ყოველთვის აკმაყოფილებდა პროკურორთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის შესახებ. თუმცა, დაცვის მხარესთან მიმართებით, ეს მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როცა ამას პროკურორი ეთანხმებოდა.
  • მონიტორინგმა ასევე გამოავლინა, რომ პროცესის მიმდინარეობისას, ბრალდება, მთლიანობაში, ბევრად უფრო აქტიური იყო, ვიდრე დაცვა. მაგალითად, ყველა წინასასამართლო პროცესზე (117), რომლებსაც საიას მონიტორები აკვირდებოდნენ, ბრალდებამ  დააყენა შუამდგომლობა მტკიცებულებათა წარდგენის შესახებ, მაშინ როცა დაცვის მხრიდან მხოლოდ 27 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდა ამისა, დაცვის მხარე ძალიან იშვიათად ეწინააღმდეგებოდა ბრალდების შუამდგომლობებს.
  • მონიტორინგის შედეგად ასევე ვლინდება, რომ სისხლის სამართლის საქმის განხილვა უსაფუძვლოდ იხრება პროკურორთა სასარგებლოდ. აუცილებელია, რომ სასამართლომ მიიღოს ზომები ბალანსის დასაცავად. საიას მიაჩნია, რომ ადვოკატებს შეუძლიათ უფრო მეტი გააკეთონ აღნიშნული ბალანსის აღსადგენად, თუ ბევრად უფრო აქტიურები იქნებიან ბრალდებულთა ინტერესების დაცვის პროცესში.
 
ანგარიშები სრული სახით შეგიძლიათ იხილოთ: ------------------------
 
4. პროექტის მიმდინარეობა
  • პირველი ეტაპის შედეგების გათვალისწინებით სასამართლო მონიტორინგის მეთოდოლოგიაში იქნა შეტანილი ცვლილებები, რომელთა შესაბამისად გაგრძელდება სასამართლო მონიტორინგის განხორციელება
  • უახლოეს მომავალში იგეგმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გარდა, სასამართლო პროცესების მონიტორინგის დაწყება საქართველოს სხვა საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში