სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

პროექტის საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია

2006-03-26 20:00
Featured image

 

27 მარტს სასტუმრო Courtyard Marriott-ში გაიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის, “ინფორმაციის თავისუფლება, სამართლებრივი რეფორმა და ფინანსური გამჭვირვალობა”, შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია.

 

პროექტი “ღია საზოგადოება სამართლებრივი ინიციატივისა” (OSJI) და “ღია საზოგადოება ინსტიტუტის” (OSI) დაფინანსების ფარგლებში 2005 წლის 1 მარტიდან 2006 წლის 1 მარტამდე გრძელდებოდა.

პრეზენტაციაზე განხილულ იქნა პროექტის მიზნები, ამ მიზნის მისაღწევად განხორციელებული საქმიანობა და მიღწეული შედეგები.

პროექტის მიზანს გამჭვირვალე, ეფექტური და ანგარიშვალდებული სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოყალიბება, საზოგადოების “ცოდნის უფლების” უზრუნველყოფა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ინფორმირებული მონაწილეობის ხელშეწყობა და ინფორმაციის თავისუფლების ინსტრუმენტის გამოყენებით საჯარო დაწესებულებების ფინანსური გამჭვირვალობის გაზრდა წარმოადგენდა.

 

პრეზენტაციაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეაჯამა ერთი წლის განმავლობაში  პროექტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად განხორციელებული საქმიანობის შედეგები, რომელიც მოიცავდა:

 

 

• ინფორმაციის თავისუფლების ცხოვრებაში დანერგვას სტრატეგიული სამართალწარმოებისა და სასამართლო პრაქტიკის მონიტორინგის გზით;
• ანტიკორუფციული კამპანიის, `საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ~, ეგიდით საზოგადოებრივი მაუწყებლობის, საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდების მონიტორინგს;
• ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობას;
• მოსამართლეებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირებისთვის მრგვალი მაგიდებისა და ტრენინგების მოწყობას;
• მთელი საქართველოს მასშტაბით საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირების მონაცემთა ბაზის შექმნას;
• რეკომენდაციების შემუშავებას ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;

 

პრეზენტაციაზე წარმოდგენილ სტუმრებს შორის იყვნენ საერთო სასამართლოების მოსამართლეები, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, ჟურნალისტები და საქართველოში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები.

 

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო  პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებული ქართული და ინგლისურენოვანი პუბლიკაციები.

 

პრეზენტაციის მასალები იხილეთ დანართში.          

                                                                    

 პრეზენტაციის მასალები