რამდენიმე დღის წინ ქალთა მოძრაობის მხრიდან გამოაშკარავებულმა სექსუალური შევიწროების ფაქტებმა, საზოგადოების ყურადღება კვლავ მიაპყრო სექსუალური ძალადობის, როგორც ქალთა დისკრიმინაციის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმის მიმართ. სამწუხაროა რომ მოგვიხდა ძალიან მძიმე ძალადობის ისტორიების მოსმენა სხვადასხვა ასაკის ქალებისგან, რომლებიც სხვადასხვა დროს გახდნენ სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი. თუმცა, კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ უმრავლესობის მთავარი კითხვა ამ საკითხთან დაკავშირებით იყო თუ რატომ არ ამხილეს ამდენ ხანს მოძალადე.
აღსანიშნავია რომ, მსხვერპლების მიმართ იგივე ხასაითის კრიტიკა მოჰყვა ჰოლივუდის პროდიუსერის ჰარვი ვაინშტაინის, მსახიობ კევინ სპეისის, სენატორობის კანდიდატის როი მურის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტების გამჟღავნებასაც. როგორც ჩანს, პატრიარქალურ კულტურაში ადამიანები ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ქალთა მიმართ ძალადობას და ისევ მსხვერპლს სთხოვენ პასუხს. სინამდვილეში კი, საკმაოდ ბევრი ფსიქოლოგიური თუ სოციალური ფაქტორი არსებობს თუ რატომ არ ჰყვებიან ქალები სექსუალური შევიწროების შესახებ.
ძალადობის მძრავლი ეფექტიდან გამომდინარე, ქალების დუმილის ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ უმწეობისა და სირცხვილის განცდა. საზოგადოებაში გავრცელებული „ზნედაცემული“ ქალის იდეა, სექსუალური შევიწროება და შეურაცხყოფა, თავისი ბუნებით იმდენად დამამცირებელია, რომ მსხვერპლი თავს დაუცველად გრძნობს. შესაბამისად, დუმილის დასარღვევად, ხშირად დიდი დრო და ფსიქოლოგიური დახმარებაა საჭირო.
მეორე და ყველაზე მთავარი ფაქტორი, თუ რატომ არ საუბრობენ ქალები განცდილი სექსუალური ძალადობის ფაქტებზე, პირველ რიგში პატრიარქალურ საზოგადოებაში „დადგენილი“ ნორმებია. ასეთ შემთხვევაში, შიში რომ სტიგმატიზებული გახდები, დაკარგავ რეპუტაციას, სამსახურს და ვერ იპოვი ახალს, იმდენაც მძაფრია, რომ გაიძულებს გაჩუმდე. შესაბამისად, ძალიან დიდი ძალა სჭირდება ხმამაღლა ილაპარაკო განცდილ ძალადობაზე, როცა გრძნობ რომ შეიძლება მარტო დარჩე შენი ტრაგედიის პირისპირ.
და თუ ეს მხოლოდ აისბერგის წვერია, მაშინ ჩვენს ძალადობისადმი მგრძნობელობაზეა დამოკიდებული, რამდენად გამოჩნდება აისბერგი სრულად. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მსგავსი ისტორიიდან ვისწავლოთ რეალური თანადგომა, მსხვერპლს დავანახოთ რომ გვსურს თავიდან ავიცილოთ მსაგვსი შემთხვევები და რაც ყველაზე მთავარია, შევწყვიტოთ კითხვა რატომ იცდიდა ამდენი ხანი.
სიმართლისთვის გვიანი არასოდესაა!
ნინო ბაღაშვილი საიას იურისტი