2 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა მედიასაშუალებები გააკრიტიკა იმის გამო, რომ მათ არ გააშუქეს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის არასრულწლოვანი ძმის საქმე და სოლიდარობა არ გამოუცხადეს „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, ზაზა დავითაიას, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს „თავისუფალი ზონის“ წევრებმა ცემეს.
პრემიერის განცხადებაში შეშფოთებას იწვევს შემდეგი გარემოებები:
1. პრემიერი დეტალებში არის ინფორმირებული ჟურნალისტის ძმის მიმდინარე საქმეზე.
გუშინდელი განცხადება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ პრემიერმინისტრი პირადად უწევს მონიტორინგს კერძო მედიასაშუალების თანამშრომლის ოჯახის წევრის საქმეს, დაინტერესებულია მისი მიმდინარეობით და მედიის მიერ ამ მოვლენის გაშუქებით. გაუგებარია, თუ რამ გამოიწვია პრემიერის ამგვარი დაინტერესება კონკრეტული საქმით, რომელიც, ერთი შეხედვით, არ წარმოადგენს მაღალი საჯარო ინტერესის საგანს.
პრემიერის ასეთი დაინტერესება და ინფორმირებულობა ამ საქმის დეტალებით, შესაძლოა, ჟურნალისტების მიმართ გაფრთხილებად აღვიქვათ, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ არიან.
2. პრემიერი საჯაროდ საუბრობს არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმდინარე საქმეზე.
მიუღებელია პრემიერ-მინისტრის მხრიდან ჟურნალისტის არასრულწლოვანი ძმის სასამართლო პროცესის შესახებ საჯაროდ საუბარი. პრემიერი მთელ რიგ დეტალებს მიმოიხილავს, რის შედეგადაც შესაძლებელი ხდება არასრულწლოვანის იდენტიფიცირება. გაუგებარია, თუ რა აუცილებლობას წარმოადგენდა პრემიერმინისტრის მიერ ამ ინფორმაციის გავრცელება და ამ გზით არასრულწლოვნის საქმის პოლიტიზება. საქართველოს კანონმდებლობა იმიტომ ადგენს არასრულწლოვანის საქმის დახურულ სასამართლო სხდომაზე განხილვის ვალდებულებას, რომ ითვალისწინებს არასრულწლოვანის უპირატეს ინტერესს, რისი გათვალისწინებაც, სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის მხრიდან არ მოხდა.
3. პრემიერ-მინისტრმა არასრულწლოვანის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია.
პრემიერ-მინისტრმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უდანაშაულობის პრეზუმფცია, რადგან სასამართლოს მითითებული ბრალდებულის მიმართ არ მიუღია გამამტყუნებელი განაჩენი. ამ ვითარებაში პრემიერ-მინისტრი დადასტურებულად, მტკიცებით ფორმაში, საუბრობს დანაშაულზე.
4. პრემიერის შეფასებები, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს სასამართლოს მიუკერძოებლობაზე.
მითითბულ საქმეზე სასამართლოს ჯერ-ჯერობით არა თუ განაჩენი არ გამოუტანია, არამედ საქმის არსებითი განხილვა არც კი დაწყებულა. ამ ვითარებაში პრემიერ-მინისტრის მხირად საქმისადმი ასეთი ინტერესი შეიძლება უარყოფითად აისახოს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე.
გარდა ამისა, გაუგებარია პრემიერ-მინისტრის პოზიცია თუ რატომ არის საქალაქო სასამართლოს მიერ არასრულწლოვანის მიმართ არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების ფაქტი ,,დამადასტურებელი იმისა, რომ სასამართლო დღეს არის თავისუფალი“. მით უმეტეს, რომ თუ რუსთავი 2-ის ჟურნალისტის არასრულწლოვანი ძმისთვის პატიმრობის შეფარდება-არშეფარდების მიხედვით შეიძლება განისაზღვროს სასამართლოს თავისუფლების ხარისხი, მაშინ ამავე ლოგიკით გამოდის, რომ თავისუფალი არ არის სააპელაციო სასამართლო, რომელმაც შეცვალა პირველი ინსტანციის განჩინება და არასრულწლოვანს პატიმრობა შეუფარდა.
5. პრემიერი საყვედურობს მედიასაშუალებებს, კონკრეტული ფაქტების გაშუქებისა თუ არ-გაშუქების გამო.
ეს არ არის პირველი შემთხევევა, როდესაც ხელისუფლების მეთაური თუ მთავრობის პრესსამსახური უკმაყოფილებას გამოთქვამს მედიის საქმიანობის გამო, აკრიტიკებს კონკრეტულ მედიასაშუალებასა და ჟურნალისტს და მიუთითებს მედიას, თუ რა სახის ინფორმაცია უნდა გააშუქონ. პრემიერმინისტრის გუშინდელი კრიტიკული განცხადება შესაძლებელია შეფასდეს, როგორც ხელისუფლების ჩარევა მედიასაშუალებების საქმიანობაში, რაც გაუმართლებელია.
სარედაქციო დამოუკიდებლობა მედიის საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რაც გულისმხობს მედიის დისკრეციულ უფლებას, თავად გადაწყვიტოს, თუ რა წარმოადგენს საზოგადოებრივ ინტერესს და გაავრცელებს თუ არა ინფორმაციას ამა თუ იმ მოვლენის შესახებ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)