სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

პოლიტიკური ჯგუფების შექმნის ახალი წესის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს „ქართული ოცნების“ პრაქტიკას, საკუთარ ინტერესებზე მოირგოს კანონმდებლობა

2023-03-01 11:27
Featured image

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების - სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ეკა სეფაშვილის, ვიქტორ ჯაფარიძის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ზაალ მიქელაძის, დავით კაჭარავას ინიციატივით პარლამენტში განიხილება რეგლამენტში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია, უფლება აქვთ შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, თუ მათ დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობა.[1] ამ ცვლილებას საპარლამენტო უმრავლესობამ პირველი მოსმენით კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა[2] და ის მეორე მოსმენისთვის განსახილველად 2 მარტს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის დღის წესრიგშია.[3]

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური ჯგუფების საპარლამენტო სტრუქტურის შემოღებისას, ჯერ კიდევ 2021 წლის მაისში, აიკრძალა ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი დეპუტატების მიერ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უკვე შექმნილი ჰქონდათ ფრაქცია.[4] ამ ჩანაწერის გამო, ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატს (მათ შორის „ქართული ოცნებიდან“ გასულ დეპუტატებს) შეეზღუდათ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა და ისინი პარლამენტში უფრაქციო დეპუტატების სტატუსით სარგებლობენ.

მოცემულობა შეიცვალა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ფრაქცია დატოვა 9 დეპუტატმა, თუმცა ისინი საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში დარჩნენ. იმის გათვალისწინებით, რომ საპარლამენტო ჯგუფებს ფრაქციისთვის გათვალისწინებული უფლებებით/პრივილეგიებით (გარდა გარკვეული გამონაკლისებისა) სარგებლობის უფლება აქვთ მინიჭებული,[5] ასევე შეუძლიათ თავიანთ სტრუქტურაში ჰყავდეთ თანამდებობის პირ(ებ)ი,[6] საპარლამენტო უმრავლესობამ ამჯერად მხარი დაუჭირა აღნიშნული დეპუტატების ინიციატივას, რომელიც საპარლამენტო ჯგუფების შექმნაზე არსებულ შეზღუდვას ხსნის.

საია მიიჩნევს, რომ რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს მმართველი პოლიტიკური ძალის ნეგატიურ პრაქტიკას, კანონმდებლობა საკუთარი ინტერესების მიხედვით შეცვალოს.

 


[1] „„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ეკა სეფაშვილის, ვიქტორ ჯაფარიძის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ზაალ მიქელაძის, დავით კაჭარავას საკანონმდებლო ინიციატივა, N07-3/290/10, 08.02.2023), ხელმისაწვდომია: https://parliament.ge/legislation/25756

[2] „პოლიტიკური ჯგუფის შექმნისთვის დაწესებულ მოთხოვნებში ცვლილებები განხორციელდება“, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, 2023 წლის 22 თებერვალი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3KIQqQ1

[3] ანონსი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2023 წლის 2 მარტი, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://parliament.ge/media/announcement/2036?local=true

[4] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 2281 მუხლის მე-5 პუნქტი.

[5] მათ შორის, საპარლამენტო კვოტები, სასაუბრო დრო, თავისუფალი ტრიბუნა და სხვა.

[6] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 2281 მუხლის მე-4 პუნქტი.