პლატფორმა “არა-ფობიას!” ეხმაურება 25 წლის უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის სასტიკი მკვლელობის შემთხვევას და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას საქმე გადაკვალიფიცირდეს ჯგუფურ დანაშაულად.
მიგვაჩნია, რომ 2018 წლის 30 სექტემბერს მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საზოგადოებაში სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის საფრთხის მზარდ ტენდენციას, რომლის საპასუხოდაც, სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები სრულყოფილად და ეფექტიანად ვერ უზრუნველყოფენ პრევენციული მექანიზმების შემუშავებას, მსგავსი დანაშაულების მოტივის სათანადო იდენტიფიცირებასა და დამნაშავე პირების ადეკვატურ დასჯას.
საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ორი პირი. მოწმეთა ჩვენებები და ბრალდებულების პროფილები სოციალურ ქსელებში იძლევა დასკვნის შესაძლებლობას, რომ ისინი “ნეონაცისტური” დაჯგუფების წევრები არიან. მათ შორის ერთ-ერთ დაკავებულს ბრალი წარდგენილი აქვს, სსსკ-ის 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. ხაზგასასმელია, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომ ბრალდებული უშუალოდ მონაწილეობდა მკვლელობაში, ის ცემდა მსხვერპლს და ურტყამდა კასტეტს, რითაც გამოიხატება დანაშაულში მისი აქტიური მონაწილეობა. ადვოკატების ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს ფაქტი დასტურდება, როგორც დანაშაულის თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებით, ასევე სათვალთვალო ვიდეოკამერებით გადაღებული კადრებით, საქმეში არსებული დანაშაულის ორი იარაღით და მსხვერპლისთვის სხეულზე მიყენებული ჭრილობებით. ამდენად, ამ ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არა დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის, არამედ განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობისათვის უნდა მიმდინარეობდეს.
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ეს არ არის ერთადერთი სისხლის სამართლის საქმე, როდესაც ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულზე გამოძიება არ მიმდინარეობს სათანადო კვალიფიკაციით.[1] მსგავსი არასწორი პრაქტიკა, ერთი მხრივ, შეიძლება აიხსნებოდეს, საგამოძიებო ორგანოების, მათ შორის საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელთა არაკვალიფიციურობით, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო ნების არარსებობით, ეფექტურად ებრძოლოს ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, მას, თავდაპირველად, ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსკ-ის 108 მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას (დამამძიმებელი გარემოებების გარეშე). ხელმომწერი ორგანიზაციები, დადებითად ვაფასებთ პროკურატურის მიერ ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მოწოდების გაზიარებას, რომლის საფუძველზეც საქმე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით (109 მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტი) გადაკვალიფიცირდა, კერძოდ გამოიკვეთა დამამძიმებელი გარემოება: განზრახ მკვლელობა რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო.
სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში დაიწყო პოზიტიური ცვლილებები დისკრიმინაციული დანაშაულების იდენტიფიცირებისა და გამოძიების კუთხით, რთულ ან/და პოლიტიკური კონტექსტის მქონე საქმეებზე მიმდინარე გამოძიების პროცესი მაინც ვერ აკმაყოფილებს ჯეროვანი და ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებს. მეტიც, სახელმწიფოს არ გააჩნია დისკრიმინაციული დანაშაულების პრევენციის სისტემური პოლიტიკა და არსებითად ინციდენტებზე რეაგირების მცდელობით შემოიფარგლება. სამწუხაროდ, ხელისუფლება რიტორიკის დონეზეც კი ვერ ახერხებს თანასწორობის იდეების მხარდაჭერას და განმტკიცებას. სახელმწიფოს სუსტი პოლიტიკა არსებითად ართულებს ინკლუზიური, თანასწორი და მშვიდობაზე ორიენტირებული საზოგადოების მშენებლობას.
საგულისხმოა, რომ ბოლო წლებში ჩანს სხვადასხვა ულტრანაციონალისტური პოლიტიკური ჯგუფების გაძლიერების და რადიკალიზების ტენდენცია. მათი ნაწილი ღიად ახდენს ძალადობრივი ტაქტიკების გამოყენებას ან/და ძალადობრივი განზრახვის დემონსტრირებას. მსგავსი ჯგუფები საფრთხეს ცხადია, პირველ რიგში კულტურულად არადომინანტურ ჯგუფებს (რელიგიურ, ეთნიკურ უმცირესობებს, მიგრანტებს, ლგბტი ადამიანებს) უქმნიან და აქტიური პროპაგანდისტული იარაღების გამოყენებით მათ მარგინალიზაციას აღრმავებენ. სახელმწიფოს პოლიტიკა ამ ჯგუფებთან დაკავშირებით სუსტი და ზედაპირულია. სახელმწიფო არ იკვლევს მსგავსი ჯგუფების გაჩენის სოციალურ და პოლიტიკურ მიზეზებს და ამავდროულად, არ გააჩნია სისტემური პრევენციული და სამართლებრივი პოლიტიკა ძალადობრივი ჯგუფების მიმართ. ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმე ამ ძალადობისა და საფრთხის ყველაზე აშკარა დემონსტრირება იყო. სამწუხაროდ, ვიტალი საფაროვის საქმე არ გახდა სამართალდამცავი ორგანოების სამაგალითო მუშაობის და დამნაშავე პირების სამართლიანი დასჯის წინაპირობა.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, პლატფორმა მოუწოდებს თბილისის პროკურატურას ვიტალი საფაროვის განზრახ მკვლელობის საქმე გადაკვალიფიცირდეს და ორივე ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდეს ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისათვის. ვიტალი საფაროვის საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია მსგავსი დანაშაულების პრევენციის, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის შენარჩუნებისა და თანასწორობის და დემოკრატიის იდეების დაცვისთვის.
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
[1] აღნიშნულის თვალსაჩინო მაგალითია 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე. ამ პრობლემაზე ყურადღება გამახვილებულია “2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის” დასკვნაშიც. იხ. <http://www.parliament.ge/ge/ajax/downloadFile/101632/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%90 >