როგორც ცნობილია, 2014 წლის იანვარში საპარლამენტო ინტერფრაქციულმა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს 2014 წელს არჩევნების ჩატარებას.
მიგვაჩნია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა. მოქმედი საარჩევნო სისტემა დიდი ხანია წარმოადგენს კრიტიკის საგანს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე პოლიტიკური პარტიების მხრიდან. გარდა ადგილობრივი ორგანიზაციებისა, ვენეციის კომისიისა და ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაციაა საარჩევნო სისტემების გადახედვა საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის, რათა დაცულ იქნეს ხმის წონის თანაბრობის პრინციპი. (EUROPEAN COMMISSION FOR DEMOCRACY THROUGH LAW (VENICE COMMISSION) AND OSCE OFFICE FOR DEMOCRATIC INSTITUTIONS AND HUMAN RIGHTS (OSCE/ODIHR) JOINT OPINION ON THE DRAFT ELECTION CODE OF GEORGIA, 2011, Page 8.para 22). თუმცა, დღემდე პოლიტიკური გადაწყვეტილება სისტემის შეცვლის შესახებ არ არის მიღებული, რაც დარჩენილ მცირე დროში ხელს უშლის მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელებას საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების კუთხით.
დღეს არსებული სისტემა:
• ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების პროპორციულად ასახვას მანდატებში;
• დიდია ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობა;
• არ არის დაცული ერთი ხმის თანასწორობის პრინციპი;
• უსამართლოდ დიდ უპირატესობას აძლევს მმართველ პარტიას.
შესაბამისად ხელისუფლებას ვთავაზობთ:
1. მერისა და გამგებლის არჩევნებში გამარჯვებულად ჩაითვალოს ის კანდიდატი, რომელიც დააგროვებს 50% + 1 ხმას. ამავდროულად, პრინციპულია, რომ ყველა მერი და გამგებელი ერთნაირი წესით იქნეს არჩეული.
2. გაუქმდეს ერთმანდატიანი ოლქების არსებული სისტემა. უმჯობესად მიგვაჩნია, 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის ეს სისტემა შეიცვალოს მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებით.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პოლიტიკური გადაწყვეტილების დროულად მიღება და ისეთი საარჩევნო სისტემის დამკვიდრება, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და უკეთ ასახავს საქართველოს მოქალაქეთა მიერ არჩევნებში გამოვლენილ ნებას. ამავდროულად, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგს უნდა წარმოადგენდეს.
ზემოაღნიშნული ცვლილებების განხორციელება, როგორც მინიმუმ, არსებითად მნიშვნელოვანია არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებისთვის. ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩენილ დროში მითითებული ცვლილებების განხორციელება დროში მოსწრებადია.
პეტიცია ღიაა ხელმოსაწერად ყველა არასამთავრობო ორგანიზაციისა და პოლიტიკური გაერთიანებისათვის. ამასთან, პეტიციისადმი შემოერთება არ ნიშნავს, რომ მის მხარდამჭერს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით სხვა რეკომენდაციები არ გააჩნია.
პეტიცია ღიაა ხელმომწერი ორგანიზაციებისა და პოლიტიკური გაერთიანებებისთვის.
ორგანიზაციები:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველო"
ასოციაცია ტოლერანტი
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
საზოგადოებრივი დამცველი
მეწარმე ქალთა ფონდი
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლი
ენერგოეფექტურობის ფონდი
"დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი"
პოლიტიკური გაერთიანებები:
„თავისუფალი საქართველო“
ქალთა პარტია
"ახალი მემარჯვენეები"