სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით საიამ ორი კვლევის პრეზენტაცია გამართა

2014-06-03 11:01
Featured image

2014 წლის 3 ივნისს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევების: "ინფორმაციის თავისუფლება და პერსონალურ მონაცემთა დაცვა" (საერთო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზი) და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი" (საქართველოში არსებული პრაქტიკა და საერთაშორისო გამოცდილება) პრეზენტაცია გამართა. საერთო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზის შემთხვევაში საიას მიერ მომზადებული კვლევების შედეგად ცნობილი გახდა, რომ: 

  • 2012 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში, საერთო სასამართლოებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე სულ 17 საქმეში იმსჯელეს;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობაზე მსჯელობის დროს, სასამართლოებმა უპირატესობა მიანიჭეს იდენტიფიკაციის კრიტერიუმს და პერსონალურ მონაცემთა ცნების ფორმალური განმარტების საფუძველზე არ დააკმაყოფილეს მოთხოვნა ინფორმაციის გაცემის შესახებ;
  • საჯარო მოხელეების და სხვა პირთა ფინანსების შესახებ ინფორმაცია (გარდა თანამდებობის პირებისა) კერძოდ, მათი პრემიები და ხელფასები, სასამართლომ იმ შემთხვევაშიც საიდუმლოდ ცნო, როდესაც ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა;


რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან დაკავშირებულ კვლევას:

  • საქართველოს კანონმდებლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არ არის ყოვლისმომცველი, სრულფასოვანი და, რიგ შემთხვევაში, საჭიროებს დამატებით კონკრეტიზაციას, იქნება ეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპეტორის დანიშვნის, გათავისუფლების, საქმიანობის მარეგულირებელი წესებისა თუ ორგანიზაციულ-სამართლებრივი კუთხით;
  • განსხვავებით საერთაშორისო გამოცდილებისგან, საქართველოს კანონმდებლობაში, არ არსებობს სხვადასხვა სექტორზე (მაგალითად - შრომა, ჯანდაცვა) ორიენტირებული წესები და ინსტრუქციები; 
  • საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის თანახმად, გარკვეული სფეროები რეგულირების მიღმაა დარჩენილი, (მაგ. - სახელმწიფო და საზოგადოებრივი მიზნით მონაცემთა დამუშავება), საერთაშორისო გამოცდილების თანახმად კი სასურველია პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა ყველა სფეროზე ვრცელდებოდეს;
  • საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საჯარო ინტერესის ტესტს, შესაბამისად, მაღალი საჯარო ინტერესის არსებობის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს კონკრეტული პირის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებაზე სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების შეპირისპირების ფონზე. საერთაშორისო გამოცდილება კი ასეთი ტესტის არსებობის საჭიროებაზე მიუთითებს;


საიას საჭიროდ მიაჩნია პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებული საკანონმდებლო ბაზის გადახედვა. არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და ინსპექტორის დამოუკიდებლობისათვის დამატებითი გარანტიების უზრუნველყოფა.

საჭიროა შემუშავდეს სექტორზე ორიენტირებული, სპეციალური წესების დამდგენი რეგულაციები, რომლებიც სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით მოახდენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულირებას;

ამასთან, აუცილებელია, რომ მოხდეს პროპორციულობის ტესტის ინტეგრირება საქართველოს კანონმდებლობაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლების სხვა ფუნდამენტურ უფლებებთან მიმართებით განხილვისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინების მიზნით.

საია იმედოვნებს, რომ წარმოდგენილი კვლევები ხელს შეუწყობს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული საკითხების დახვეწას და უკეთესი პრაქტიკის შექმნას.