საიამ, 2013 წლის 21 მარტს, თბილისის მერის სახელზე ღია წერილი გაავრცელა, რასაც მერიის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. საპასუხო წერილის შინაარსი მერიის მიერ არის იმის ახსნა, რომ კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობას ადგილი არ ჰქონია და საიას პრეტენზიები უსაფუძვლოა. წერილის ბოლოს მერია საიას ,,შეახსენებს", რომ თურმე იურიდიული პირების შესახებ ინფორმაციის მიღება საჯარო რეესტრის ვებ-გვერდიდანაც არის შესაძლებელი.
საჭიროდ მივიჩნევთ თბილისის მერიას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემა არის ადმინისტრაციული ორგანოს არა უბრალოდ კეთილი ნება, არამედ კანონით დადგენილი უპირობო ვალდებულება. იმედია, ამ მარტივ ჭეშმარიტებას მერია სადავოდ არ ხდის. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სადავოა ის, ასრულებს თუ არა თბილისის მერია ამ ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში არ ვისაუბრებთ წლების განმავლობაში საიას და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი კვლევის, განცხადებისა თუ სარჩელის შესახებ, რაც სიღრმისეულად ასახავდა თუ როგორ ,,ასრულებდა" თბილისის მერია აღნიშნულ ვალდებულებას. ჩვენ მხოლოდ პუნქტობრივად ვუპასუხებთ მერიის განცხადებას და ვფიქრობთ, ესეც საკმარისი იქნება იმის წარმოსაჩენად, თუ რა დამოკიდებულება აქვს თბილისის მერიას ერთის მხრივ კანონის, ხოლო მეორეს მხრივ საზოგადოების მოთხოვნებისადმი:
1) თბილისის მერიის საპასუხო წერილის პირველ აბზაცში აღნიშნულია, რომ მერიამ ,,სტუდია მონიტორს” ის საჯარო ინფორმაცია მიაწოდა, რომლის გაცემის ვალდებულება მას კანონით ეკისრებოდა. თუმცა, კარგი იქნებოდა აქვე აღნიშნულიყო, რომ ამ ინფორმაციის მიღება ,,სტუდია მონიტორისთვის" შესაძლებელი გახდა მხოლოდ საიას საადვოკატო დახმარების შემდეგ, საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით დადგენილი ვადის გასვლიდან 17 თვის დაგვიანებით - ხანგრძლივი სასამართლო დავებისა და გაჭიანურებული სააღსრულებო პროცესის წყალობით. კანონი ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებას აკისრებს დაუყოვნებლივ და არა მხოლოდ სასამართლო დავის შემდეგ.
2) განცხადებაში თბილისის მერიამ ასევე აღნიშნა, რომ დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით, საიას თბილისის განვითარების ფონდისთვის უნდა მიემართა. თუმცა ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" მე-80 მუხლი მერიას პირდაპირ ავალდებულებდა საიას განცხადების შესაბამის ორგანოში გადამისამართბას. აქ უკვე საზოგადოების ყურადღებას მივაქცევთ იმ გარემოებაზე, თუ რა ინფორმაციას ითხოვდა საია და რაზე ამბობს მერია, რომ ასეთი ინფორმაცია არ გააჩნია: ოფიციალური მონაცემებით, თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ფონდების მიერ რეაბილიტაციაზე ბოლო წლების განმავობაში დახარჯულია სულ 367 259 251 ლარი. ეს არის მხოლოდ საბიუჯეტო თანხა და საია ითხოვდა ინფორმაციას, თუ კონკრეტულად რა თანხა დაიხარჯა თითოეულ ობიექტზე, რომელმა კომპანიებმა შეასრულეს სამუშაოები და როგორ მოხდა ამ კომპანიების შერჩევა. ამ მოთხოვნაზე თბილისის მერია მარტივად პასუხობს, რომ მას ასეთი ინფორმაცია არ გააჩნია!.. რბილად რომ ვთქვათ, ცოტა გაუგებარია ადმინისტრაციული ორგანო კერძო სამართლის იურიდიულ პირებს საბიუჯეტო სახსრებიდან ურიცხავდეს ასეულობით მილიონ ლარს და არც კი მოითხოვოს ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რაში დაიხარჯა ეს თანხა.
3) თბილისის მერიის განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ 20 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სრულად ამოიღო ,,თბილისის განვითარების ფონდის" საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია, რომლის ,,დაბრუნებამდე უფრო კონკრეტული ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია". ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს შემდეგი: 1. საიამ ზემოაღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად მოითხოვა 20 თებერვლამდე და შესაბამისად, ინფორმაციის არგაცემა ვერ გამართლდება საგამოძიებო სამსახურის შემდგომი ქმედებით. 2. მერიამ მოთხოვნილი ინფორმაციის მიღების მიზნით ფონდში გადაგვამისამართა იგივე შინაარსის საიას 11 მარტის განცხადების პასუხადაც და თუ ფიქრობდა, რომ 20 თებერვალს საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებული დოკუმენტაციის ,,დაბრუნებამდე უფრო კონკრეტული ინფორმაციის გაცემა შეუძლებელი" იყო, მაშინ რა აზრი ჰქონდა ამ გადამისამართებას?! 3. საგამოძიებო სამსახურის მიერ ამ საკითხით დაინტერესება აძლიერებს იმ კითხვებსა და ეჭვებს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებს ზემოაღნშნული ფონდების გაუმჭვირვალე ქმედებებთან დაკავშირებით დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ და აქვთ. მხოლოდ საიამ ამ საკითხს არაერთი კვლევა მიუძღვნა, სადაც მთავარ პრობლემად სწორედ საბიუჯეტო თანხების გაუმჭვირვალედ ხარჯვა იქნა დასახელებული. ეს კითხვები დღემდე პასუხგაუცემელია.
4) ასევე გაუგებარია, მერიის ქმედება ,,თბილისის განვითარების ფონდის" მისამართის არასწორად მითითებასთან დაკავშირებით. თუ მერიისთვის ცნობილი იყო მისამართის ცვლილების შესახებ, გაუგებარია რატომ მოგვაწოდა მცდარი ინფორმაცია, ხოლო თუ ჩვენთვის ინფორმაციის მოწოდების მომენტში მერიამ ამის შესახებ არ იცოდა, მაშინ გაუგებარია, საიას რომ შეახსენა, თავად რატომ ვერ გაიხსენა ამ ვებ-გვერდის არსებობა და მისი გამოყენებით რატომ არ გადაამოწმა არასწოდა მოწოდებული ინფორმაცია. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ და გავითვალისწინოთ ყველა გონივრული რჩევა თუ შეხსენება, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ეს მითითება უბრალოდ უადგილო იყო. საინტერესოა ისიც, რომ საიას მერიისთვის არ უკითხავს, თუ სად მდებარეობს ფონდი, ეს ინფორმაცია მერიამ თავისი ინიციატივით შეცდომით მოგვაწოდა, მაგრამ ამავდროულად არ მოგვაწოდა ის ინფორმაცია, რაც ვიკითხეთ და რაც საზოგადოებას დიდი ხანია აინტერესებს: კონკრეტულად რა თანხა დაიხარჯა თითოეულ ობიექტზე და როგორ მოხდა იმ კომპანიების შერჩევა, რომლებმაც ბიუჯეტიდან გადარიცხული 367 259 251 ლარი დახარჯეს?