საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
2012 წლის 5 ივლისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც ის პასუხობს 28 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაციების - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოაქვეყნებულ წერილს - „რის გამო დაჯარიმდა ბიძინა ივანიშვილი?“
განცხადებაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური არა მხოლოდ იმ არგუმენტებს განიხილავს, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სასამართლო პროცესზე გამოსვლასა და წარდგენილ მტკიცებულებებს, არამედ ის ცდილობს ასევე გამართლება მოუძებნოს სასამართლოს ცალკეულ ქმედებებსა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რითაც ის სცდება საკუთარ უფლებამოსილებას.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური „საკმაოდ თამამ და ხმამაღალ დასკვნას“ უწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების გადაწყვეტილების შეფასებას, თუმცა, ამავდროულად, არ გვთავაზობს დასაბუთებულ არგუმენტებს ჩვენ მიერ წარდგენილი ობიექტური და მიუკერძოებელი არგუმენტების გასაბათილებლად.
1. ვერ გავიზიარებთ მოსაზრებას, რომ „ანალიზი ცალმხრივი ან არასრულია“ იმის გამო, რომ თურმე „დაინტერესებულ მკითხველს არ მიეწოდება ინფორმაცია - ადამინისტრაციული ორგანოს პოზიციის შესახებ.“ ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმ გარემოებას, რომ ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების საქმეებზე დაცვის მხარეს არ მიეცა კანონით გათვალისწინებული უფლების რეალიზების შესაძლებლობა - გონივრული დრო დაცვისათვის მოსამზადებლად, რითაც, ერთის მხრივ, სასამართლო უზრუნველყოფდა შესაძლო სამართალდამრღვევის უფლებების რეალიზებას, ხოლო, მეორეს მხრივ, განამტკიცებდა მართლმსაჯულების განხორციელებას კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დაცვის მხარისათვის უწყების ჩაბარების დრო არ იძლეოდა იმის გონივრულ ვარაუდს, რომ დაცვის მხარეს მიეცა საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა: მხარეებს ან მათს წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაბარდეთ იმაზე გათვლით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული დრო.
დაცვის მხარის შუამდგომლობა პროცესის გადადების თაობაზე ვფიქრობთ დასაბუთებული იყო, ვინაიდან მტკიცებულებების სირთულისა ან/და მოცულობის გამო, თუ მათი გაცნობა სასამართლო სხდომაზე შეუძლებელია, საქმის გადადება საფუძვლიანია. ვერ გავიზიარებთ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს ქმედება, როდესაც მან შესვენება გამოაცხადა და 8 ივნისის სხდომა 11 ივნისს გადადო, მიუთითებს „სასამართლოს მხრიდან საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის სურვილზე“ და „აღნიშნული მოქმედებით მხარეს მიეცა დამატებითი დრო პოზიციის უკეთ ჩამოსაყალიბებლად.“
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სასამართლომ 8 ივნისის სხდომაზე შესვენება გამოაცხადა სწორედ პაექრობის სტადიის დაწყებამდე, როდესაც პროცესის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი მათ შორის მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების სტადია დასრულებული იყო და მხარეებს პაექრობისა და რეპლიკის სტადიაღა ჰქონდათ დარჩენილი. უფრო მეტიც, იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მინიმუმ ერთი თვე მოანდომა ორივე დაჯარიმების საქმის მომზადებას, პაექრობის სტადიის წინ შესვენების გამოცხადება და სხდომის 11 ივნისისთვის გადადება არ იძლევა საკმარის არგუმენტს იმისათვის, რომ, ერთის მხრივ, აღნიშნული ქმედება შეფასდეს როგორც მხარისათვის დამატებითი დროის მიცემა პოზიციის უკეთ ჩამოსაყალიბებლად ან თუნდაც მტკიცებულებათა წარმოსადგენად და ,მეორეს მხრივ, ვერ უთითებს სასამართლოს მხრიდან საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის სურვილზე.
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ სასამართლოს წარუდგინეს „მტკიცებულებათა მთელი სპექტრი, რომლითაც ერთიანობაში ეჭვმიუტანლად საბუთდება ბიძინა ივანიშვილის მიერ სხვადასხვა კომპანიების მეშვეობით შემოწირულებათა განხორციელება.“ იმავდროულად ადმინისტრაციულმა ორგანომ არასამთავრობო ორგანიზაციების ანალიზი ტენდენციურად მიიჩნია და აღნიშნა, რომ ორგანიზაციებმა ფაქტები არასრულად წარმოადგინეს. აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოყვანილი მტკიცებულებებით არათუ „ერთიანობაში ეჭვმიუტანლად არ საბუთდება ბიძინა ივანიშვილის მიერ სხვადასხვა კომპანიების მეშვეობით შემოწირულებათა განხორციელება,“ არამედ სრულად არ დგინდება ფიზიკური პირის - ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი კავშირი იურიდიულ პირებთან. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს კომპანიებთან კავშირის დადგენის თაობაზე მტკიცებულებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაგვიანებით, სასამართლო სხდომაზე მხოლოდ პაექრობის სტადიაზე წარადგინა, რასაც სასამართლოს მიერ მტკიცებულებების დაუყოვნებლივ მიღება და საქმის მასალებისათვის დართვა მოჰყვა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განცხადებაში დასახელებული მტკიცებულებებიდან ისეთი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც ცალსახად დაადასტურებდა ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივ კავშირს საქმეში არსებულ კომპანიებთან, არ წარმოდგენილა.
3. რაც შეეხება სასამართლოს მიერ შუამდგომლობების დაკმაყოფილების საკითხს, მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის მოწმობა და კომპანიის ბიზნეს გეგმა არ წარმოადგენდა „საკმაოდ კომპლექსურ მტკიცებულებებს“ როგორც ამას ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლეს სათათბირო ოთახში გასვლა და თითქმის ერთსაათიანი თათბირი სჭირდებოდა. განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ დაგვიანებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პაექრობის სტადიაზე წარდგენილი ყველა მტკიცებულება დაუყოვნებლივ მიიღო და საქმეს დაურთო. აღნიშნული გარემოებები კი გვაძლევს საფუძველს ვარაუდს დასკვნისათვის, რომ მართლმსაჯულება მოცემულ საქმეებზე არ განხორციელდა კანონისა და სასამართლოს წინაშე პირთა თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით.
გასათვალისიწინებელია ის გარემოებაც, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური განცხადებაში არ უარყოფს, რომ სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო მის მიერ დაგვიანებით წარდგენილი დამატებითი მასალები, თუმცა თავის მართლების მიზნით აცხადებს, რომ „აღნიშნული მასალების წინასწარ წარდგენა იმ საპატიო მიზეზით ვერ მოხდა, რომ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შემჭიდროვებულ ვადებში მიმდინარეობდა.“ ალბათ სამართლიანია იმის აღნიშვნაც, რომ მეორეს მხრივ, შემჭიდროვებულ ვადებში საქმის განხილვა გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დაცვის მხარეს უარი ეთქვა საქმის გასაცნობად დამატებითი ვადის მისაცემად. შესაბამისად, დასკვნა იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მხრიდან მსგავსი ქმედებები აზარალებს მის, როგორც ობიექტური მსაჯულის იმიჯს და იძლევა მის ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძვლებს, სავსებით ლოგიკურია.
გვინდა კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ჩვენი მსჯელობა ემყარებოდა სასამართლო პროცესების მიმდინარეობას, არსებული მტკიცებულებებისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილ მასალებს, რამაც მოგვცა საშუალება განგვეცხადებინა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ივანიშვილის საქმეზე არ ეფუძნებოდა საქმის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არ იყო კანონის შესაბამისი.
ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ღირებული დრო და რესურსი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების „ტენდენციურობასა და ფაქტების დამახინჯების მხილებაში“ მიმართოს, ვფიქრობთ ის პასუხისმგებლობით თავად უნდა გამოირჩეოდეს და ნაკლებად უნდა დაეყრდნოს დაუდასტურებელ მოსაზრებებს და ვარაუდებს, ხოლო სამართლებრივი არგუმენტაცია საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად გამოიყენოს. უფრო მეტიც, ნაცვლად სადამჯელო მისიისა, სახელმწიფო აუტისი სამსახურმა მეტი დრო და რესურსი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, სამართალდარღვევათა ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების გამოვლენას და სამართალდარღვევათა პრევენციას უნდა დაუთმოს, რაც დადებითად აისახება მისი საქმიანოაბის ობიექტურობაზე და უდავოდ განამტკიცებს აღნიშნული უწყების მიმართ საზოგადოების ნდობას.
ჩვენის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მივესალმებით საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას, რომელიც მიზნად აღნიშნული უწყების საქმიანობის გამჭვირვალობას და მისდამი საზოგადოების ნდობის ამაღლებას ისახავს. ამასთან გამოთქვამთ სამართლიან სურვილს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ეფუძნებოდეს საქმის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტური შესწავლის შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებს, საქმის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამორკვევას, მის გადაწყვეტას საქართველოს კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით.