სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

პარლამენტის პარტიული შემადგენლობა და თანამდებობების განაწილება

2023-05-15 12:23
Featured image

2023 წლის 15 მაისის მდგომარეობით საქართველოს პარლამენტში 139 დეპუტატია. აქედან 83 დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობას მიეკუთვნება, 56 კი - ოპოზიციას.

83 დეპუტატიდან 74 ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრია, დანარჩენი 9 კი უმრავლესობაში გაერთიანებულ პოლიტიკურ ჯგუფს „ხალხის ძალას“ მიეკუთვნება.

ოპოზიციის 56 დეპუტატიდან 24 ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, 22 დეპუტატი 6 პოლიტიკურ ჯგუფშია გადანაწილებული,[1] 10 კი უფრაქციო პარლამენტის წევრია. 

პარლამენტის სპიკერატის, კომიტეტების, ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების მიხედვით, დღეის მდგომარეობით პარლამენტში შესაძლებელია იყოს 91 თანამდებობა. ამ თანამდებობებს მიეკუთვნება: პარლამენტის თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე და 4 მოადგილე, 16 კომიტეტის თავმჯდომარე, კომიტეტების თავმჯდომარეების 48 მოადგილე, ფრაქციების თავმჯდომარეები (2) და ყოველ 8 წევრზე მათი თითო მოადგილე, აგრეთვე პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები (სულ 7).

91 თანამდებობიდან 2023 წლის 15 მაისის მდგომარეობით ათვისებულია 77 თანამდებობა, 14 კი - ვაკანტურია. ათვისებული 77 თანამდებობიდან 59 საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს უკავიათ, ხოლო 18 - ოპოზიციას. 

ასათვისებელი თანამდებობებიდან უმეტესობა ოპოზიციისაა. კერძოდ, ოპოზიციას არ წარუდგენია 9 კომიტეტში თავმჯდომარის მოადგილე,[2] ასევე სპიკერატში - 1 მოადგილე. 

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, „ქართულ ოცნებას“ თავის ფრაქციაში კიდევ 2 მოადგილის არჩევის უფლება აქვს, ხოლო კომიტეტებში უმრავლესობისთვის განკუთვნილი მოადგილის თითო კვოტა მხოლოდ ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებშია ჯერჯერობით აუთვისებელი.

კომიტეტების თავმჯდომარეებიდან 16-ვე საპარლამენტო უმრავლესობის წევრია (ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“).

 

                                                                        

ნინო კაპანაძე, საიას ანალიტიკოსი

 


[1] რეფორმების ჯგუფი და საქართველოსთვის - 5-5 წევრი, ევროპელი სოციალისტები და გირჩი - 4-4 წევრი, ლელო და მოქალაქეები - 2-2 წევრი.

[2] ოპოზიციას მოადგილის კვოტა ათვისებული აქვს 16-დან მხოლოდ 7 კომიტეტში: ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, თავდაცვისა და უშიშროების, კულტურის, საპროცედურო საკითხთა და წესების, საფინანსო- საბიუჯეტო და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტები.