სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

პანდორას ყუთი- რა ხდება კულტურის სფეროში?

2023-10-11 11:52
Featured image

პროფესიულ კავშირს უდიდესი როლი აქვს დასაქმებულთა უფლებების დაცვაში. სწორედ პროფკავშირებია დასაქმებულთა უფლებების, ღირსეული სამუშაო პირობებისა და სოციალური გარანტიების დაცვის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი. კულტურისა და ხელოვნების სფერო დიდი ხნის განმავლობაში პროფესიულ კავშირებისა და გაერთიანებების ყურადღების მიღმა რჩებოდა. მიზერული ანაზღაურება, ცენზურა, ზეგანაკვეთური სამუშაო საათები- ეს ის პრობლემებია, რომლებსაც კულტურის სფეროში დასაქმებული პირები ყოველდღიურ რეჟიმში აწყდებიან.

„გილდია - დამოუკიდებელი პროფკავშირები კულტურისა და მედიის სფეროში“ 2020 წელს შეიქმნა. მისი შექმნის მთავარი მიზაინი კულტურისა და მედიის სფეროში დასაქმებულ პირთა პრობლემების შესწავლა და მათი უფლებების დაცვაა. როგორც გილდიის დამფუძნებელი გიგა ბექაური აცხადებს, პროფკავშირების შექმნის მთავარი მოტივაცია ის იყო, რომ საქართველოში შრომითი მოძრაობები ნელ-ნელა ძლიერდებოდა და ამ პროცესს მთლიანად იყო გამოთიშული კულტურისა და ხელოვნების სფერო. მოცემული სფეროს წარმომადგენლები არ საუბრობდნენ თავიანთ პრობლემებსა და სამუშაო პირობებზე.

„ჩვენ გვინდოდა შრომითი საკითხები ამ სფეროშიც აქტუალური გამხდარიყო. გვინდოდა, საერთო ფრონტს შემომატებოდა მნიშვნელოვანი და ძლიერი ელემენტი. პლუს, ამას ამ სფეროში შრომითი უფლებები საერთოდ არ განიხილებოდა. კულტურის სფეროს წარმომადგენლების საქმე არ იყო განხილული, როგორც შრომა.“

მსახიობებმა მიზერულ ხელფასებსა და ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე საუბარი ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყეს. მსახიობი გიორგი ყიფშიძე კულტურის მაშინდელი მინისტრის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, რომლის მიხედვითაც თეატრებს დაფინანსება შეუმცირდათ და შესაბამისად დასაქმებულთან ხელფასიც შემცირდა. ის თავის კოლეგებს პროტესტისკენ მოუწოდებდა.1

"მსახიობებმა მომწერეთ. იმისთვის, რომ ჩამოვყალიბდეთ. ყველას გთხოვთ დამიკავშირდეთ, თე-ატრში შევხვდეთ და კონკრეტულ ქმედებებზე ვისაუბროთ. არ ვაპირებ მიტინგების ჩატარებას და გზების გადაკეტვას. ვაპირებ გაფიცვას. თუ ერთად დავდგებით და ყველა თეატრი გაიფიცება, მიხვდებიან, რომ არ ვხუმრობთ. ქამარი ისეთი შემოჭერილი მაქვს, რომ ახალი ხვრელი გავუკეთე დამატებით".

თუმცა მიზერული ანაზღაურება არ გახდა გაფიცვებისა და კულტურის სფეროში დასამქმებულ პირთა გაფიცვის მიზეზი. მიზერული ხელფასის გარდა, ამ სფეროში არსებული პრობლემების სია ძალიან გრძელია. გიგა ბექაურის თქმით, როცა არსებულ პრობლემებზე ვსაუბრობთ, აუცილებელია ის ორ ნაწილად გავყოთ, პერიოდი სანამ თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად დაინიშნებოდა და მისი თანამდებობაზე დანიშვნის შემდგომი პერიოდი.

„როდესაც ხელოვნების სფეროში არსებულ პრობლემებზე ვსაუბრობთ აუცილებელია ორი პერიოდის განხივლა, წულუკიანამდე და მისი დანიშვნის შემდგომ. სანამ თეა წულუკიანი საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი გახდებოდა იქამდე საქმე გვქონდა კლასიკურ ხარვეზებთან. მიზერული ანაზღაურება, დისკრიმინაცია, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, შევიწროება კასტინგებსა და სამსახურებში. ასევე ხშირი იყო შემთხვევები, როცა დასაქმებულს ახნა-განმარტების გარეშე ათავისუფლებდნენ სამსახურიდან, წინასწარ არ აფრთხილებდნენ და კონფენსაციასაც არ უხდიდნენ. თეა წულუკიანის მოსვლის შემდეგ კი საქმე გვაქვს რეპრესიულ პოლიტიკასთან.“

აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ კულტურის სფეროში დასაქმებული პირები ნელ-ნელა იწყებენ თავიანთ პრობლემებზე ხმამაღლა საუბარს. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ „გილდიაში“ მომართვიანობა იზრდება. 2022 წლის 12 დეკემბერს უპრეცენდენტო შემთხვევა მოხდა, ორთვიანი მედიაციის შემდეგ თუმანიშვილის თეატრის მსახიობების შრომითი დავა დასაქმებულთა ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილებით დასრულდა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროფკავშირების არსებობა არამხოლოდ კულტურის , არამედ ნებისმიერ სფეროში. ასევე ნათელი მაგალითია იმისა, რომ საკუთარი შრომითი უფლებებისთვის ბრძოლასა ყოველთვის აქვს აზრი.

აუცილებელია ასევე ამჟამინდელი კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის რეპრესიულ პოლიტიკაზე საუბარი. მისი რეპრესიები კულტურის ყველა სფეროს შეეხო. ყველაზე გახმაურებული კი კინოცენტრში გატარებული „რეფორმები“ და რეორგანიზაცია აღმოჩნდა, რასაც შემდგომ დასაქმებულთა პროტესტი და საპროტესტო აქციები მოჰყვა. 2 ამ მოვლენებმა გახსნა პანდორას ყუთი და ნათელი გახადა, თუ რამდენი პრობლემაა ამ სფეროში.

ზემოთაღნიშნული პრობლემების შემდგომ კი 2023 წლის აგვისტოში საქართველოს კინემატოგრაფისტა პროფესიული კავშირი დაფუძვნდა. მოცემული დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კინოს სფეროში არსებულ პრობლემებსა და გამოწვების გზებზე იმუშავებს. ამ დროისთვის პროფკავშირებში 60-მდე წევრია გაწევრიანებული. საქართველოს კინემატოგრაფისტა პროფესიული კავშირის დამფუძნებლის ნინო გოგუას თქმით, მსგავსი გაერთიანების შექმნის იდეა და სურვილი ყოველთვის არსებობდა, თუმცა ბოლოდროინდელმა განვითარებულმა მოვლენებმა ბევრად უფრო გამარტივდა ამ იდეის რეალობაში მოყვანა.

საუბარში ნინო გოგუა აღნიშნავს, რომ სხვა სფეროს წარმომადგენლებისგან განსხვავებით კინოს და ზოგადად კულტურის სფეროში დასაქმებულთა უმრავლესობა არ არიან დაცულები გრძელვადიანი შრომითი ხელშეკრულებებით.

„ჩვენ არ ვართ, სამწუხაროდ დაცული გრძელვადიანი შრომითი ხელშეკრულებებით, როგორც სხვა სფეროში მომუშავე ფრილანსერები, ჩვენს მსგავსად პროექტ-პროექტ ვაფორმებთ ამ ხელშეკრულებას. ერთ-ერთი პრობლემა ამ სფეროსი არის ის, რომ ძაან ხშირად შრომითი ხელშეკრულების დადება ხშირად სამუშაოს დასრულების შემდეგ ხდება. სამწუხაროდ, წინასწარ არ არსებობს იმისი პრაქტიკა, რომ დასაქმებულს ჰქონდეს საშუალება წინასწარ გაეცნობს შრომით ხელშეკრულებას და ცვლილებები მოითხოვოს. კიდევ ერთი პრობლემა სამუშაო საათებს უკავშირდება. შესაძლებელია სამუშაო საათები 10-12 საათს შეადგენდნენ.“

იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს პროფესიულ გერთიანებებს არამხოლოდ კულტურის, არამედ ნებისმიერ სფეროში ჰოლივუდში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები კარგად ასახავს. ჰოლივუდში პროტესტის ნიშნად სცენარისტები უკეთესი სამუშაო უფლებების გამო 146 დღე გაიფიცნენ. ამერიკის მწერალთა გილდიასა და სატელევიზიო და კინემატოგრაფიული პროდიუსერებს ალიანს შორის პირველადი შეთანხმება შედგა უკეთესს შრომით უფლებებთან დაკავშირებით.3

ნათელია, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა ბევრი უნდა იბრძოლონ თავიანთი უფლებების დასაცავად, ისინი მრავალი პრობლემის წინაშე დგანან, თუმცა პანდორას ყუთი უკვე განხსნილია და შრომითი უფლებების ხარვეზებზე საუბარი უკვე დაწყებულია.

 

ავტორი: მარიამ გელიაშვილი 

ბლოგი მომზადებულია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.


1 ambebi.ge, "მამაჩემს 500 ლარი უნდა ჰქონდეს ხელფასი და ვიღაც ჩინოვნიკს 5000?" - გიორგი ყიფშიძე მსახიობებს გაფიცვისკენ მოუწოდებს“,10 აპრილი 2017 წელი, ხელმისაწვდომია: https://www.ambebi.ge/article/197877-mamachems-500-lari-unda-hkondes-xelpasi-da-vigac-chinovniks-5000-giorgi-qipshize-msaxiobebs-gapicvisken-moucodebs/

2 radiotavisupleba.ge,“ რეორგანიზაცია კინოცენტრში - ვინ და რატომ იღებს გადაწყვეტილებებს?“,13 ივნისი 2023 წელი, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1/32456117.html

3 .nbcnews.com, “Hollywood screenwriters and studios reach tentative deal to resolve strike”, 25 სექტემებრი 2023 წელი, ხელმისაწვდომია: https://www.nbcnews.com/pop-culture/pop-culture-news/hollywood-screenwriters-studios-reach-tentative-deal-resolve-strike-rcna107963