კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ დისტანციური სამართალწარმოების პროცესში კვლავ არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია საკანონმდებლო რეგულაციებსა და ტექნიკური ხასიათის პრობლემებთან.
წინამდებარე დოკუმენტში გაანალიზებულია პანდემიის დროს სახელმწიფოს მიერ გატარებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, რამდენად იმუშავა პრაქტიკაში შესაბამისი ორგანოების მიერ მიღებულმა ზომებმა.
ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო გამოწვევად რჩება ადვოკატსა და კლიენტს შორის კონფიდენციალური კომუნიკაციის დაცვა, როგორც პროცესის მიმდინარეობისას ისე პენიტენციურ დაწესებულებებში.
არ არსებობს დისტანციური სხდომების დროს ქცევის წესების ერთიანი ნორმატიული რეგულაცია. გარდა ცალკეული შემთხვევისა, მოსამართლეები დამსწრე პირებს არ აცნობდნენ სხდომაზე ქცევის მინიმალურ წესებსაც კი.
აგრეთვე, დღემდე არ არსებობს დისტანციურ პროცესებზე მოწმეთა დაკითხვისთვის სპეციალური ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი ისეთი სივრცეები, სადაც დასაკითხი პირები იქნებიან ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხისგან თავისუფალი.
საია, იმედს გამოთქვამს, რომ შესაბამისი უწყებების მიერ კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან ორი წლის თავზე მაინც გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები კვლევაში წარმოჩენილი პრობლემური საკითხების მოსაწესრიგებლად.