პაციენტმა, რომლის ინტერესებსაც სასამართლოში საია იცავს, სამედიცინო დაწესებულებას სასამართლო დავა მოუგო. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამედიცინო დაწესებულებას პაციენტის სასარგებლოდ 5000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.
მოსარჩელე დაობდა, რომ სამედიცინო დაწესებულებამ კატარაქტის ოპერაციის მსვლელობისას მასთან და მის ოჯახის წევრებთან შეუთანხმებლად შეცვალა დაგეგმილი ოპერაციის მეთოდი და გამოიყენა ისეთი ტიპის ლინზა, რომელიც წინასწარ არ ყოფილა შეთანხმებული.
საია-ს ადვოკატი სასამართლოში აცხადებდა, რომ ოპერაციული მეთოდისა თუ ოპერაციის პროცესში გამოსაყენებელი სამედიცინო საშუალებების შეცვლისას, საჭიროა სახეზე იყოს პაციენტის წინასწარი და ინფორმირებული თანხმობა, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა. სამედიცინო დაწესებულებებმა მაქსიმალურად უნდა უზრუნველყონ პაციენტისთვის სამედიცინო მანიპულაციებისა და შესაძლო გართულებების შესახებ ინფორმაციის პაციენტისთვის გასაგებად მიწოდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შესაძლო გართულებების ჩამონათვალი, რომელსაც შეიცავს პაციენტის წინასაოპერაციო გაფრთხილების ფორმა, ამათუიმ ოპერაციისთვის იყოს არა ზოგადი ხასიათის, არამედ - გართულებების განსაზღვრისას გათვალისწინებული იყოს პაციენტის ჯანმრთელობის ინდივიდუალური მდგომარეობაც და შეფასებული იყოს კონკრეტული რისკფაქტორები. იმ შემთხვევაში თუ ოპერაციამდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა შესაძლებლობას იმთავითვე ცხადად განისაზღვროს სათანადო ოპერაციული მეთოდი და მსვლელობა, ეს ინფორმაციაც სამედიცინო პერსონალმა წინასწარ უნდა მიაწოდოს პაციენტს ოპერაციის ჩატარებამდე. სხვა შემთხვევაში დაირღვევა პაციენტის ინფორმირების ვალდებულება.
სასამართლომ გაიზიარა არგუმენტი, რომ სამედიცინო დაწესებულების მხრიდან პაციენტის ინფორმირებულობის ვალდებულების დარღვევა პაციენტისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველია, იმის მიუხედავად თუ როგორი შედეგით დასრულდა ოპერაცია, შესაბამისად, მოთხოვნა ამ ნაწილში სრულად დაკმაყოფილდა. სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა 2018 წლის 12 მარტს, შესაბამისად, იგი არ არის შესული კანონიერ ძალაში.