პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურმა ე.ბ.-ს პერსონალური მონაცემების გამჟღავნების საკითხი შეისწავლა და მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის სამედიცინო დაწესებულება, შპს ,,რ.“, 500 ლარით დააჯარიმა. ე.ბ.-ს ინტერესებს საია იცავდა.
ე.ბ.-მ მისი პერსონალური მონაცემების უკანონო გამჟღავნების შესახებ 2022 წლის მაისში შეიტყო. მას ტელეფონით დაუკავშირდა უცნობი პირი, რომელმაც გადაამოწმა ინფორმაცია ექიმისა და მის მიერ დანიშნული კონკრეტული მედიკამენტის შესახებ. ეს ინფორმაცია უცნობი პირისათვის კანონიერი გზით არ შეიძლება ცნობილი გამხდარიყო. როგორც საერთაშორისო, ასევე საქართველოს კანონმდებლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემების დაცვის მაღალ სტანდარტს და გარანტიებს აწესებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, ისევე როგორც ჯანდაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა, საჯარო და კერძო ორგანიზაციებს ავალდებულებს, მკაცრად დაიცვან ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის მიერ საკითხის შესწავლისას დადგინდა, რომ კლინიკას, სადაც ე.ბ.-მ სამედიცინო მომსახურება მიიღო, არ აქვს პაციენტის მონაცემების დასაცავად სრულყოფილი სისტემა. კლინიკის შიდა ელექტრონული სისტემა ინახავს პაციენტის მონაცემებზე წვდომის ფაქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში ცვლილებები განხორციელდა. იმ შემთხვევაში, თუ ჩანაწერების მხოლოდ დათვალიერება მოხდა, ამ მონაცემებს პროგრამა არ აღრიცხავს. ამგვარი სისტემის პირობებში, ვერ ხერხდება იმის ზუსტი დადგენა, ვინ განახორციელა ე.ბ.-ს პერსონალური მონაცემების უკანონო გამჟღავნება. შესაბამისად, არასრულყოფილი დაცვის სისტემის არსებობის გამო ჯარიმის გადახდა დაეკისრა კლინიკას. მასვე დაევალა იმგვარი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების მიღება, რაც უზრუნველყოფს პროგრამაში განხორციელებული ყველა მოქმედების აღრიცხვას.
საკითხის შესწავლისას, ასევე, დადგინდა, რომ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტის გადამოწმების მიზნით, იმავე ნომრიდან, იმავე დღეს, უცნობი პირი სხვა პაციენტებსაც დაუკავშირდა. აღსანიშნავია, რომ სხვა პაციენტებმაც დაასახელეს ის ექიმი, რომელმაც ე.ბ.-ს კონკრეტული მედიკამენტი გამოუწერა. ამგვარი ფაქტები აჩენს ეჭვებს არაეთიკური მარკეტინგის შესახებ, როდესაც მედიკამენტების შემომტანი კომპანიები კონკრეტულ ექიმებთან თანამშრომლობენ პაციენტებისათვის მათ მიერ შემოტანილი მედიკამენტის დანიშვნის მიზნით. კიდევ ერთხელ გვსურს აღვნიშნოთ, რომ ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და დაუშვებელია, პაციენტის პერსონალური მონაცემების უნებართვო გამჟღავნება. საია ამ საკითხებზე მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.