ოზურგეთის უშიშროების ადგილობრივი სამსახურის წარმომადგენელი პოლიტიკური ოპონენტების დაშინებას აგრძელებს
2010-05-06 15:27
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბლოკ “ალიანსი საქართველოსთვის” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგვზიანის თემის მაჟორიტარი კანდიდატის ავთანდილ სურმანიძის ინტერესებს იცავს.
7 აპრილს ლანჩხუთის პოლიციის განყოფილებაში უშიშროების ადგილობრივი სამსახურის თანამშრომლის ბუხუტი ჩხაიძისა და მისი ერთ-ერთი კოლეგის მიერ ავთანდილ სურმანიძეზე ზეწოლა განხორციელდა. აღნიშნული პირები ავთანდილ სურმანიძეს მუქარის ძალით აიძულებდნენ მოეხსნა კანდიდატურა და მხარი მათ მიერ დასახელებული კანდიდატისთვის დაეჭირა.
ჩვენს მიერ აღნიშნული ზეწოლის ფაქტი ასახული იქნა მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში, რომელიც ასევე წარედგინა პარლამენტში შექმნილ ინტერფრაქციულ ჯგუფს. აღნიშნული ინციდენტის გახმაურების შემდეგ, უშიშროების თანამშრომელი ბუხუტი ჩხეიძე ავთანდილ სურმანიძეს რამდენიმეჯერ დაუკავშირდა და ზეწოლის ფაქტის უარყოფა მოსთხოვა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა მხრიდან ადგილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელების ხელის შეშლას დამამძიმებელი გარემოებებით.
5 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამართლებრივი დახმარების შემდეგ, ავთანდილ სურმანიძემ განცხადება შეიტანა ოზურგეთის რაიონულ პროკურატურაში. განცხადებით სურმანიძე ითხოვს დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყებას და დამნაშავე პირთა დასჯას.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს, სწავლობს უფლებათა დარღვევის ფაქტებს და გამოხატავს მზადყოფნას, სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომელიც გახდა კანონით აკრძალული ქმედების მსხვერპლი.