2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეებიდან მოყოლებული ხშირად საუბრობენ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გახარჯული მილიონების შესახებ.
სახელისუფლებო ძალის წარმომადგენლები პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების პარტიული, კონკრეტულად კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ ხარჯვაზე უთითებენ. სამაგიეროდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაბეჯითებით აცხადებდნენ, რომ ის, რასაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი აფინანსებდა, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში არ გაითვალისწინეს და არც შესაბამისი ხარჯების გაღების ვალდებულება აიღო საკუთარ თავზე ვინმემ.
პოლიტიკური განცხადებების დონეზე ორივე ძალის წარმომადგენელი შეიძლება, იყოს მართალი. უფრო სწორედ, თავიანთი სიმართლე ჰქონდეთ. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ მეტნაკლები პროცენტულობით ორივე ჩვენს შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
ჯერ ხელისუფლებით დავიწყოთ. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოსულ ძალას თავისუფლად შეეძლო საბიუჯეტო კოდექსის იმ მუხლის დეფინიცია შეეცვალა, რომელიც სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვის არსებულ და რაც უნდა უცნაური იყოს, ფაქტიურად არარსებულ წესს ეხება. წესს, რომლის საფუძველზე ბოლო წლებში დღეს უკვე ოპოზიციაში გადასული პოლიტიკური გუნდი სარეზერვო ფონდებიდან ერთნაირი წარმატებით აფინანსებდა რეკლამებს, ბილბორდებს, საიმიჯო კლიპებს, მივლინებებს, წიგნების თარგმნას, კონცერტებს, სხვადასხვა სახის ფესტივალებს და, რაც მთავარია, საარჩევნო წლებში ინფრასტრუქტურულად წოდებულ ისეთ პროექტებს, რომელთა უმრავლესობის შესახებ სინამდვილეში შესაძლოა, არც არავინ იცოდეს, თუ რას ხმარდებოდა გამოყოფილი თანხები. უფრო მარტივად, რომ ვთქვათ, ახალ ხელისუფლებას საბიუჯეტო კოდექსში პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდებთან დაკავშირებით არსებული პრობლემური ნორმის გამართვა უნდა უზრუნველეყო.
რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას აქ საქმე ბევრად უფრო რთულადაა. აი მაგალითად, წელს პრეზიდენტმა მარტო ერთი განკარგულებით 900,000 ლარი საკუთარი ადმინისტრაციის გამართულად ფუნქციონირებისთვის გამოყო; 800,000 ლარი სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ფუნქციონირებისთვის; 90,000 ლარზე მეტი ააიპ „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“, რომელიც წელს თებერვალში დაფუძნდა; 60,000 ლარი ქართლის ღვინის ფესტივალის უზრუნველყოფისთვის; 342,000 ლარზე მეტი ეკლესიებისა და ეპარქიების რეაბილიტაცია-რესტავრაციის მიზნით; 85,000 ლარი საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით (გულწრფელად მაინტერესებს ვინ არიან ის საჯარო მოხელები, რომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზეც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა იზრუნა); 1,000,000 ლარზე მეტი კი იმ მაგისტრანტების დასაფინანსებლად ვინც საზღვარგარეთის უმღალეს სასწავლებლებში ჩააბარეს (დიდი მცდელობის მიუხედავად საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია, თუ რა პრინცპით და რომელი კრიტერიუმების საფუძველზე გამოავლინეს დასაფინანსებელი მაგისტრანტები). ეს ხარჯები მხოლოდ ნაწილია იმის, რასაც არასრული წლის განმავლობაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი იღებდა და კარგად თუ ჩავყვებით განკარგულებებს, კიდევ ბევრი მოსალოდნელი მოულოდნელობა შეიძლება აღმოვაჩინოთ.
გაწეული ხარჯების დიდ ნაწილს, წესით, არაფერი უნდა ჰქონდეს საერთო სარეზერვო ფონდთან. ნაწილი ტიპის ხარჯები კი ისედაც გათვალისწინებული იყო 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში.
შესაბამისად, ამ ფონზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით როგორც ერთი, ისე მეორე ძალის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აშკარად პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს.
და ბოლოს, ახლა არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შესახებაც მინდა დავწერო. ფინანსთა მინისტრს, თუ დავუჯერებთ, პრეზიდენტის ინაუგურაცია მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდება, რადგანაც პრაქტიკულად პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი სრულად არის გახარჯული. კარგია, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდი არ დაცარიელებულა, თუმცა ინაუგურაციის დაფინანსება არც პრეზიდენტის და არც მთავრობის სარეზერვო ფონდების საქმე არ უნდა იყოს. 2013 წელს, რომ საპრეზიდნეტო არჩევნები იქნებოდა საქართველოში, ეს ისედაც დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი და ინაუგურაცია არც წყალდიდობაა და არც სხვა რაიმე სახის ბუნებრივი კატასტროფა მოულოდნელად, რომ დაგვტყდომოდა თავს. შესაბამისად, ბევრად უკეთესი იქნებოდა, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის საჭირო თანხები 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში თავიდანვე ყოფილიყო გათვალისწინებული და ტვირთად პრეზიდენტის ან მითუმეტეს მთავრობის სარეზერვო ფონდს არ დაწოლოდა.