თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალისა და მისი შვილების სარჩელი და მოძალადეს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 30 000 ლარის ოდენობით. ასევე, სასამართლომ ბათილად ცნო ყოფილი მოძალადე მეუღლის მიერ, ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების დაახლოებული პირისთვის ჩუქების ხელშეკრულება.
გადაწყვეტილების მიხედვით, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გამამტყუნებელი განაჩენით დადგინდა, რომ მსხვერპლი ქალი და მისი შვილები, წლების განმავლობაში იყვნენ მეუღლისა და მამისგან მხრიდან ძალადობის მსხვერპლები, რამაც გამოიწვია დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა. სასამართლომ მოძალადეს სასჯელის სახით 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამავე დროს, მოძალადემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ახლობელ პირს აჩუქა და მის ყოფილ მეუღლესა და შვილებს საცხოვრებლიდან გამოსახლებაზე ედავებოდა.
სასამართლომ, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმე განიხილა დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესით, რომელიც ითვალისწინებს საქმის განხილვის შემჭიდროებულ ვადებს და ასევე, მკვეთრად ამსუბუქებს მოსარჩელის მტკიცების ტვირთს სხვა ტიპის საქმეებთან შედარებით. პარალელურად, მოსარჩელეებმა, საიას დახმარებით, შეაჩერეს სასამართლოში მიმდინარე გამოსახლების საქმის განხილვა.
საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია მსხვერპლთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რადგან კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა შესაძლებლობა, მიმართონ სასამართლოს გამარტივებული წარმოების წესით დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით და დაჩქარებული ვადებში, ნაკლები მტკიცების ტვირთის პირობებში აინაზღაურონ ზიანი მოძალადისგან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის შესული კანონიერ ძალაში.