სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები, რომლებიც სასამართლომ კვლავ საფრთხის ქვეშ დააყენა

2016-03-28 10:49
Featured image

სულ ცოტა ხნის წინ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით მამაკაცს ბრალი წაუყენეს. მოსამართლემ სავარაუდო მოძალადეს გირაო შეუფარდა. პროკურორმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზედა ინსტანციაში, თუმცა შედეგი უცვლელი დარჩა. სასამართლოს ასეთმა დისკრიმინაციულმა პასიურობამ  წამახალისებლად იმოქმედა სავარაუდო მოძალადეზე. მამაკაცმა გირაოს თანხა გადაიხადა და დაიწყო ძალადობის ახალი ეტაპი. ბრალდებული იარაღის მაკეტის გამოყენებით მსხვერპლს მოკვლით დაემუქრა.

სისხლის სამართლის სასამართლო პროცესების მონიტორინგმა (მონიტორინგი მიმდინარეობდა 2015 წლის თებერვლიდან 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით) აჩვენა, რომ  სასამართლოები ზოგჯერ არაადეკვატურად უდგებიან ოჯახში ძალადობის შემთხვევებს და სავარაუდო მოძალადეებს ძალიან მსუბუქ სანქციებს უფარდებენ.

 „პირმა ყოფილ მეუღლეს ქუჩაში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და სახეში ძლიერად გაარტყა ხელი. კონფლიქტის გამო  პოლიცია ადრეც რამდენჯერმე იყო გამოძახებული. ბრალდებულის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერიც…………………. მეორე საქმეში ბრალდებულმა ხელი გაარტყა ყოფილ მეუღლეს სახეში და მობილური ტელეფონიც ჩაარტყა თვალის არეში. სავარაუდო მოძალადე მუშაობდა ძალოვან სტრუქტურებში, გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერიც………………. კიდევ ერთ საქმეში ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს............................“

ვინაიდან, სავარაუდო მოძალადეების მიმართ გამოცემულმა შემაკავებელმა ორდერებმა და რამდენჯერმე პოლიციის გამოძახებამაც კი ვერ უზრუნველყო მათი შეჩერება, პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე.

საქმის აღძვრის შემდეგ, ბრალდებულები წარუდგინეს სასამართლოს, რომელსაც უნდა ემსჯელა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე. პროკურატურამ დაასაბუთა პატიმრობისა და დიდი ოდენობით გირაოს გამოყენების მიზანშეწონილობა. თუმცა, სასამართლომ ბრალდებულები მინიმალური გირაოს თანხის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლა. საინტერესოა, რით დაიმსახურეს ბრალდებულებმა მოსამართლის ასეთი ნდობა? რატომ ჩათვალა მოსამართლემ, რომ ბრალდებულები აღარ გაიმეორებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, როდესაც მათ მიმართ რამდენჯერმე იყო გამოცემული შემაკავებელი ორდერი, თუმცა ამ დოკუმენტმაც ვერ შეაჩერა სავარაუდო მოძალადეები. რამდენად ადეკვატურია მცირე ოდენობით გირაოს გამოყენება ისეთ პირობებში, როდესაც ბრალდებული მუშაობს ძალოვან სტრუქტურებში, აქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობები, კვლავ მსხვერპლთან ერთად აგრძელებს ცხოვრებას და ის მიზეზი, რის გამოც ბრალდებულის აზრით, ძალადობა იქნა ჩადენილი, კვლავ არ არის აღმოფხვრილი. ეს მიზეზები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ძალიან სწორად და ადეკვატურად შეფასდეს ძალადობის გამეორების რისკები?

ისეთ პირობებში, როდესაც ხშირად საქმის განხილვა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე თვე გრძელდება, ამ პერიოდში, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ბრალდებული კვლავ აღარ იძალადებს მსხვერპლზე. გირაოს გადახდის შემდეგ ხომ ბრალდებულს კვლავ თავისუფლად შეუძლია გადაადგილება და მსხვერპლთან მიახლოება. რა თქმა უნდა, თუ ბრალდებული დაარღვევს გირაოს გამოყენების პირობებს და კვლავ იძალადებს მეუღლეზე ეს შეიძლება გახდეს გირაოს პატიმრობით შეცვლის მიზეზი, მაგრამ საჭიროა, კიდევ ერთხელ დავაყენოთ საფრთხის ქვეშ მსხვერპლის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და მისი მშვიდ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა?  

როგორც ვნახეთ, ზოგჯერ, სასამართლოც კი გულგრილია ხოლმე ასეთი შემთხვევების მიმართ, რომელიც ხშირად არის ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის უკანასკნელი იმედი მოძალადისაგან დასაცავად.

აუცილებელია, სასამართლოებმა ადეკვატურად შეაფასონ ის რისკები, რომლებიც ძალადობის გამეორებას უწყობს ხელს. ასეთი შეფასებისას გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსხვერპლი ქალები ხშირად მაშინ მიმართავენ ხოლმე დახმარებისათვის სამართალდამცავ ორგანოებს, როდესაც ძალადობა უკიდურეს ზომას აღწევს და მათ მეტი გამოსავალი აღარ რჩებათ თავის დასაცავად.  

სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ, მსხვერპლი ფიქრობს, რომ შეიძლება ბოლო მოეღოს მის მიმართ ასეთი ძალადობისა და შეურაცხყოფის ფაქტებს, მაგრამ სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით კვლავ პოტენციურ საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 

 

 

გოგა ხატიაშვილი საიას იურისტი
შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას