სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ოჯახში ძალადობა

2012-11-20 21:15
Featured image
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მრავალი წელია მუშაობს ოჯახში ძალადობის საკითხებზე. ამჟამად მიმდინარეობს პროექტი ”სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლბების დაცვის სფეროში”, რომლის მიზანია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისათვის სპეციალური უნარჩვევების განვითარება და ამ მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება. პროექტი ხორციელდება ”ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელთან” და ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია ”ADRA”-თან ერთად. პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
 
აღნიშნულ საკითხზე რამოდენიმე მიმართულებით ხორციელდება მუშაობა და მასში ჩართულია როგორც თბილისის ასევე საია-ს რეგიონული ოფისები.
 
1. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვა
 
საია ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს სთავაზობს უფასო იურიდულ კონსულტაციასა და სასამართლო წარმომადგენლობას.
 
2010 -2011 წლებში გაიცა 1225 პირადი და 596 სატელეფონო კონსულტაცია.
 
2. საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება
 
2010 -2011 წლებში ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით ჩატარდა 108 საინფორმაციო შეხვედრა მოსახლეობასთან, მოეწყო 3 მრგვალი მაგიდა. ასევე შიდა ქართლის საჯარო სკოლებში, მასწავლებლებისთვის ჩატარდა 12 საჯარო ლექცია ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით.
 
იძულებით გაადადგილებულ პირთათვის ოჯახში ძალადობისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე ჩატარდა 13 ტრენინგი.
 
2011 წლის აპრილში გაიმართა ნახატებისა და მოკლე პიესების კონკურსის - ”უარი ოჯახში ძალადობას!” პრეზენტაცია. კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს საია-ს თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა და აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა. გამარჯვებული სცენარის საშუალებით დაიდგა სპექტაკლი, რომელიც ნაჩვენები იქნა გორის 10 იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებულ პუნქტში, ხოლო გამარჯვებული ნახატების საშუალებით დაიბეჭდა მისალოცი ბარათები და სანიშნეები, რომელიც გავრცელებული იქნა როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში.
 
3. ტრენინგები და სემინარები
 
ჩატარდა 7 ტრენინგი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში.
 
ასევე  მსგავსი სახის ტრენინგები იგეგმება ადვოკატებისა და პროკურატურის თანამშრომლებისთვის.
 
ოჯახში ძალადობის საკითხებზე ჩატარდება 2 დღიანი სემინარი სტუდენტებისთვის, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.