სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ნოემბრის თვის წარმატებული საქმეები

2014-12-08 17:30
Featured image

 მოძალადეებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიყენება აეკრძალათ

 
1. საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატის დახმარებით 2014 წლის 6 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლის, ა.ღ-ს სასარგებლოდ  დამცავი ორდერი გამოსცა. მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლის მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიყენება, საცხოვრებელ სახლთან მიახლოვება და სატელეფონო კონტაქტი. დამცავი ორდერი გამოცემულ იქნა 6 (ექვსი) თვის ვადით.
 
2. საიას რუსთავის ოფისი სასამართლოში იცავდა დ.გ-ს ინტერესებს, რომელიც თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად არაერთგზის გამხდარა მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. 2014 წლის 10 ნოემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საიას ადვოკატის განცხადება დ.გ-ს სასარგებლოდ დამცავი ორდერის 5 (ხუთი) თვით გამოცემის შესახებ.
  
საიას ადვოკატების დახმარებით რამდენიმე მოქალაქე გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან
 
1. საიას ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა გ.ს-ს ინტერესებს, რომელსაც საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოართვა მართვის მოწმობა. საიას ადვოკატის დახმარებით გ.ს-მ ზემოთ აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გაასაჩივრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. სასამართლოს 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი გ.ს-ს მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მის მიმართ შეწყდა საქმის წარმოება სამართალდარღვევის არარსებობის გამო.
 
2. საიას თბილისის ოფისი იცავდა ნ.ს.-ს ინტერესებს, რომელიც პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ედავებოდნენ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. ნ.ს.-ს დაკავება მოხდა პოლიციის შენობაში იმ დროს, როდესაც იგი ცდილობდა გაერკვია, რატომ არ ახდენდა პოლიცია სათანადო რეაგირებას მიერ დაწერილ განცხადებებზე, სადაც მიუთითებდა ოჯახის წევრების მხრიდან მასზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნ.ს.-ს მიმართ დაწყებული სამართალდარღვევის საქმე შეწყდა სამართალდარღვევის ნიშნების არარსებობის გამო.
 
3. საიას დუშეთის ოფისი სასამართლოში იცავდა მ.გ-ს ინტერესებს, რომელსაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეუდგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი სათანადო ლიცენზიის გარეშე, წიაღით - მის შემთხვევაში რიყის ქვის სარგებლობისათვის. სასამართლო სხდომაზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მოითხოვა, რომ საიას ბენეფიციარს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაკისრებოდა ჯარიმა  1500 ლარის ოდენობით. დაცვის მხარემ, გამომდინარე იქიდან, რომ რიყის ქვა, რომელსაც მოიპოვებდა გ.ს, არ წარმოადგენს მნიშვნელოვანი ფასის მქონე წიაღისეულს და „წიაღის შესახებ საქართველოს კანონის“ თანახმად, ცალკე მის მოპოვებაზე არ გაიცემა ნებართვა, ადმინისტრაციული გადაცდომის უმნიშვნელო ხასიათის გამო მოითხოვა მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნის მიცემა. პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა დაცვის მხარის არგუმენტები და მ-გ-ს მიმართ გამოიყენა მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა. აღნიშნული დადგენილება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უცვლელი დარჩა.
 
4. 2014 წლის 6 სექტემბერს, ე.წ. „რეიდების“  პერიოდში თბილისში პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს სამი პიროვნება, რომელთაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას  ედავებოდნენ. სასამართლო პროცესზე საიას ადვოკატის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და არგუმენტების საფუძველზე დადასტურდა, რომ  მათი დაკავება მოხდა უსაფუძვლოდ. კერძოდ, მას შემდეგ, რაც პოლიციის თანამშრომელმა ერთ-ერთ მათგანს მოსთხოვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, მეორე პირმა, იმ მიზნით, რომ გამოერიცხა შემდგომში რაიმე სახის გართულება, გადაწყვიტა მობილური ტელეფონით გადაეღო პოლიციის თანამშრომელთან მათი ურთიერთობა. აღნიშნულს პოლიციის მხრიდან მოჰყვა გაღიზიანება და დაკავებულ იქნა სამივე მათგანი. საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით აღნიშნულ საქმეზე შეწყდა სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო. 
 
საიას დახმარებით მოქალაქეს მიენიჭა დევნილის სტატუსი
 
საიას გორის ოფისი ადმინისტრაციული წარმოებისას იცავდა ჯ.მ-ს ინტერესებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში. ის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში ცხოვრობდა. 2013 წლის სექტემბერში მის სოფელში რუსმა სამხედროებმა მავთულხლართები გაავლეს და ჯ.მ-ს საცხოვრებელი სახლი მოექცა საქართველოს სახელმწიფოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე. მას არ ეძლევა საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა. ჯ.მ-მ, საიას გორის ოფისის ადვოკატის დახმარებით განცხადებით მიმართა სამინისტროს დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, რაც აღნიშნული უწყების მიერ დაკმაყოფილებულ იქნა.
 
აფხაზეთიდან დევნილს შემწეობა აუნაზღაურდება 
 
აფხაზეთიდან დევნილი ი.შ. 2006 წელს აფხაზეთის ტერიტორიაზე დააკავეს და მოათავსეს დრანდის ციხეში, სადაც 2012 წლის აგვისტომდე იმყოფებოდა. 2007 წელს განხორციელდა დევნილთა რეგისტრაცია, თუმცა ი.შ.-მ რეგისტრაციის გავლა ვერ შეძლო. აღნიშნულის გამო, 2008 წელს ი.შ.-ს შეუწყდა დევნილის შემწეობა. ციხიდან გათავისუფლების შემდგომ, ი.შ.-მ მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა 2008-2012 წლებში მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურება, რაზეც ეთქვა უარი.
 
საიას თბილისის ოფისის დახმარებით ი.შ.-მ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სამინისტროსათვის მიუღებელი დევნილის შემწეობის დაკისრება. სასამართლომ გაიზიარა საიას იურისტის მოსაზრებები და განმარტა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ციხეში ყოფნის გამო ი.შ. მოკლებული იყო შესაძლებლობას გაევლო დევნილთა რეგისტრაცია. ამგვარ ვითარებაში სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია რეგისტრაციის გაუვლელობის მოტივით ი.შ-თვის დევნილის შემწეობის შეჩერება და სამინისტროს დაეკისრა მის სასარგებლოდ 2008-2012 წლებში მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურება. 
 
საიას დახმარებით კიდევ ერთი შრომითი დავა  ბენეფიციარის სასარგებლოდ დასრულდა
 
თბილისის ოფისი იცავდა ა.მ.-ს ინტერესებს სამოქალაქო საქმეზე ააიპ საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის წინააღმდეგ. მას საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციაში ეკავა ერთ-ერთი მაღალი თანამდებობა და ასევე იყო საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. იგი ორივე თანამდებობიდან  უსაფუძვლოდ გათავისუფლდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი გამგეობის სხდომის ოქმები, რომლითაც მოსარჩელე გადაყენებულ იქნა დაკავებული თანამდებობებიდან  და მოპასუხეს მის სასარგებლოდ 5 თვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაეკისრა.