საია-ს თბილისის ოფისის ადვოკატის დახმარებით პირი გათავისუფლდა 75 577 ლარის ოდენობით არასათანადო მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებისგან
საია-ს ადვოკატი იცავდა თ.კ-ს და მისი შვილის ა.რ-ს ინტერესებს სამედიცინო დაწესებულების წინააღმდეგ დავაში. სამედიცინო დაწესებულება ითხოვდა თ.კ-ს დაკისრებოდა მისი მეუღლის მკურნალობის ხარჯები 75 577 ლარის ოდენობით და ამ მიზნით გაყიდულიყო აუქციონზე თ.კ-ს შვილის, ა.რ-ს უძრავი ქონება, რადგანაც მოსარჩელის (სამედიცინო დაწესებულება) მოსაზრებით ეს ქონება თვალთმაქცურად იქნა გადაფორმებული ა.რ-ს სახელზე.
საქმე ეხება კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნის ოპერაციას, რომლის შემდეგაც პაციენტს სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში განუვითარდა მრავალი სხვა დაავადება და გახდა პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც ამჟამადაც რეანიმაციულ განყოფილებაშია. საქმის არსებითი განხილვის შედეგად დადგინდა, რომ თ.კ. არ იყო ვალდებული, გადაეხადა მეუღლის მკურნალობის ხარჯები. სასამართლომ დაადგინა, რომ თ.კ-ს არ ჰქონდა მიცემული თანხმობა მეუღლის მიმართ სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციის ჩატარებაზე და შესაბამისად ხარჯების წარმოშობა სამედიცინო დაწესებულების არაკვალიფიციურობით იყო განპირობებული.
საია-ს აჭარის ფილიალის დახმარებით მოქალაქეს სადაზღვევო კომპანიამ აუნაზღაურა მკურნალობის ხარჯები
საია-ს აჭარის ფილიალი სასამართლოში წარმოადგენდა დ.ფ-ს ინტერესებს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დაჭირდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. მიუხედავად იმისა, რომ მისმა ოჯახის წევრმა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ დაუყონებლივ, ცხელი ხაზის მეშვეობით აცნობა მზღვეველს და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში წარუდგინა მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებისათვის საჭირო დოკუმენტები, სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა ხარჯების ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ მოსალოდნელი ოპერაციის შესახებ მზღვეველი ინფორმირებული არ იყო.
დ.ფ-მ საია-ს აჭარის ფილიალის დახმარებით სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სადაზღვევო კომპანიისაგან მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა დ.ფ-ს სარჩელი და მზღვეველს დააკისრა მკურნალობის ხარჯის - 2000 (ორი ათასი) ლარის ანაზღაურება. ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა როგორც სააპელაციო, ასევე საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერაც. გადაწყვეტილება უკვე შესულია კანონიერ ძალაში.
საიას დახმარებით მოქალაქე გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან
საიას ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა ჯ.ბ-ს ინტერესებს, რომელიც ელექტრონული საჯარიმო ქვითრის საფუძველზე ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1182 მუხლით (მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა) და სანქციის სახით დაეკისრა ჯარიმა 10 (ათი) ლარის ოდენობით. ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ჯ.ბ-ს დაერიცხა საურავი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის და საურავის გადაუხდელობის გამო მას ჯარიმა შეეცვალა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 (ერთი) წლის ვადით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჯ.ბ-ს მიერ ჩადენილი იყო მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ამავე სასამართლოს 2013 წლის 20 ნოემბრის დადგენილებით ის გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და მას გამოეცხადა მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა.
ქალაქ ქუთაისის მერიას საია-ს ბენეფიციარის სასარგებლოდ დაევალა საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა
საია-ს ქუთაისის ფილიალის ადვოკატი მოსარჩელე ო.ხ-ს სასარგებლოდ აწარმოებდა ადმინისტრაციული სამართლის საქმეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. მას ქალაქ ქუთაისის მერიამ უარი უთხრა კანონიერ სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ ფართზე საკუთრების მოწმობის გაცემაზე, კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ბინის ორდერის წარუდგენლობის გამო. თუმცა, ო.ხ-მ მერიას წარუდგინა სადავო საცხოვრებელ ფართში ჩაწერის ბარათი (ე.წ. ფორმა „ბ“ და ფორმა „ა“).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ო.ხ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს, ქალაქ ქუთაისის მერიას დაევალა მის სასარგებლოდ საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა. სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ო.ხ-ს მიერ სადავო საცხოვრებელ ფართში ჩაწერის ბარათი ვერ გაიცემოდა, თუ არ არსებობდა ბინაში შესახლების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ბინის ორდერი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ო.ხ-ს მიერ წარდგენილი ჩაწერის ბარათი ადასტურებდა სადავო საცხოვრებელ ფართზე მის კანონიერ მფლობელობას.
საია-ს დახმარებით მოქალაქეს აუნაზღაურდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი
საია-ს თელავის ოფისმა იურიდიული დახმარება გაუწია შ.ო-ს , რომელსაც დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიადგა მატერიალური ზიანი. კერძოდ, მოქალაქეები ო.ბ. და მ.ბ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ივლისის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის (ქურდობა, ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ) ჩადენაში. დაზარალებულმა შ.ო.-მ თელავის ოფისის დახმარებით სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით შ.ო-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის, 500 ლარის, ანაზღაურება.
საია-ს თელავის ოფისის დახმარებით მოქალაქეები განთავისუფლდნენ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან
საია-ს თელავის ოფისი იცავდა ო.ა-სა და ა.ჯ-ს ინტერესებს ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე. მოქალაქე ა.ჯ. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის საფუძველზე ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის მეორე ნაწილით (სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისთვის ან იმ პირისათვის, რომელსაც არა აქვს მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა სამართალდარღვევისათვის). მას სანქციის სახით დაეკისრა ჯარიმა 200(ორასი) ლარის ოდენობით. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მას დაერიცხა საურავი, რომელმაც აღსრულების საფასურთან ერთად შეადგინა 550 ლარი. განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისa და საურავის გადაუხდელობის გამო, ჯარიმა შეეცვალა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით. ასევე, მოქალაქე ო.ა. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის საფუძველზე ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილით (სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის). მას სანქციის სახით დაეკისრა ჯარიმა 200 (ორასი) ლარის ოდენობით. ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ო.ა-ს დაერიცხა საურავი, რომელმაც აღსრულების საფასურთან ერთად შეადგინა 750 ლარი. ორივე მოქალაქემ პატრულ ინსპექტორს განუმარტა, რომ მათ ჰქონდათ მართვის უფლება, მაგრამ რადგან მოქმედი კანონმდებლობით სავალდებულო არაა მართვის მოწმობის ტარება, ამიტომ თან არ ჰქონდათ გადაადგილებისას.
საია-ს თელავის ოფისის დახმარებით, ო.ა-მ და ა.ჯ-მ ელექტრონული საჯარიმო ქვითრები და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილებები გაასაჩივრეს საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. ამავე დეპარტამენტის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი როგორც ო.ა-ს, ასევე ა.ჯ-ს მიმართ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრები, მასზედ გამოტანილი დადგენილებები საურავის დარიცხვის შესახებ და ა.ჯ-ს მიმართ გამოტანილი დადგენილება მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ. შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობით დასტურდებოდა, რომ მათ ჰქონდათ მართვის უფლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმე შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო.