2020 წლის 13-14 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს ნიკა მელიას სარჩელს, რაც ეხება მისთვის ვადაზე ადრე დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის კონსტიტუციურობას. ნიკა მელიას ინტერსებს საიას იურისტები და ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი დაიცავენ.
საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას ვადაზე ადრე დეპუტატის უფლებამოსილება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე შეუწყვიტა. პარლამენტმა ნიკა მელიასათვის უფლებამოსილების შეწყვეტის არგუმენტად მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, „პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ.“
საიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილი სიტყვები „კანონიერ ძალაში შესული განაჩენი“ უნდა განიმარტოს როგორც საქმეზე საბოლოო ინსტანციის - უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი. კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი სხვაგვარად განმარტა საქართველოს პარლამენტმა და ნიკა მელიას უფლებამოსილება შეუწყვიტა პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ისე რომ საქმეზე არ არსებობდა არც სააპელაციო, არც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება.
საკითხი იმის თაობაზე, როდის ითვლება განაჩენი კანონიერ ძალაში შესულად: როცა არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი თუ მაშინ როცა საქმეზე უზენაესმა სასამართლომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია იშვიათ და მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემად, ამიტომ საქმეს 4 მოსამართლისაგან შემდგარი კოლეგიის ნაცვლად განიხილავს პლენუმი (რომელიც შედგება საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოქმედი მოსამართლისაგან).
საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო კონსტიტუციის საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტთან (საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება) და კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტთან (დეპუტატისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის შემთხვევაში). საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში არ მიიღო მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს ნაწილში, ვინაიდან ნიკა მელიას უფლებამოსილება შეუწყვიტა არა სასამართლომ, არამედ საქართველოს პარლამენტმა.
საოქმო ჩანაწერს თან ახლავს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის თანმხვედრი აზრი, რომელიც ეთანხმება საოქმო ჩანაწერის ძირითად აზრში გამოხატულ პოზიციას №1473 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების თაობაზე, თუმცა მიიჩნევს, რომ ნიკა მელიასათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის კონსტიტუციურობა უნდა განხილულიყო არა კონსტიტუციის კონკრეტული მუხლის, არამედ ზოგადად კონსტიტუციის საფუძველზე.